თეგი: ლუკ დევინი
ლუკ დევინი: საქართველო ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ უნდა გახდეს
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, საქართველო ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ უნდა გახდეს. ევროკავშირი ასევე სწუხს იმის გამო, რომ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საშუალება ეძლევათ. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია „მტკიცედ მოვუწოდეთ საქართველოს, არ განახორციელოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას - ფრენების განახლება რუსეთთან იმ დროს, როდესაც ევროკავშირი აჩერებს ამ ფრენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთის იზოლაციის მიზნით - ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, ისევე როგორც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების გამო, არ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს სანქციების გვერდის ავლის ადგილი“, - აღნიშნა ლუკ დევინმა. ცნობისთვის, სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა დაუდასტურა. ცნობილია, რომ დეივიდ ო’სალივანი ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებთან მიმართებით. დევიდ ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა ყირგიზეთში, სადაც განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქვეყნების აზრს, რომლებიც მხარს არ უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ ისინი გახდნენ პლატფორმა სანქციების გვერდის ავლისთვის“. როგორც დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა, მას ესმის, რომ ყირგიზეთსა და რუსეთს აქვთ ძლიერი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მათ არავინ გაანადგურებს.