თეგი: მაგისტრატურა
სწავლების ხანგრძლივობა, რამდენიმე მიმართულებით, ბაკალავრიატზე 3 წლამდე, მაგისტრატურაზე კი - 1 წლამდე მცირდება
ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება. როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ბაკალავრიატის მიმართულებით, ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურაში კი, ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში. ბრანებაში ვკითხულობთ: მუხლი 3. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დაშვების წინაპირობა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა და არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში. ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესს და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
სწავლების ხანგრძლივობა ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე - მინისტრის განმარტება
უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულების 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა შექმნან. განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ცვლილების დეტალებზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტის არჩევანი იქნება, დანერგავს 3-წლიან თუ 4-წლიან სამაგისტრო პროგრამას. „შეუძლიათ, ორივე პროგრამა განახორციელონ, ან ერთ-ერთი. შესაძლებლობას ვხსნით, ფანჯარას, კარს, რომ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა, პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის პროგრამებისთვის იყოს. აქვე ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება," - განაცხადა მან „იმედის“ ეთერში. რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, ამილახვარი განმარტავს, რომ იგეგმება 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამების დანერგვა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით: „ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება. ესეც დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. აქვე ვიტყვი, რომ ამ 60-კრედიტიან, ანუ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება. თუმცა თუკი აბიტურიენტს გრანტის მოპოვების სურვილი ექნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. რეალურად ეს არის ძალიან მოქნილი, როგორც ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რადგან უნივერსიტეტებს მივცემთ ორივე პროგრამის განხორციელების უფლებას, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე." გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.