თეგი: მადრიდის სამიტი
ირაკლი ღარიბაშვილი: ველოდებით, რომ NATO-ს სამიტზე აღიარებული იქნება პროგრესი, რაც ჩვენს ქვეყანას ალიანსთან ინტეგრაციის მიმართულებით აქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით პროგრესი აქვს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მოლოდინი აქვს, რომ NATO-ს სამიტზე ეს პროგრესი აღიარებული იქნება. „ხვალ იწყება NATO-ს სამიტი, სადაც ჩემი ხელმძღვანელობით, მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ NATO-ს სამიტზე, პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე. ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და ასე ვთქვათ, აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში. მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან. მიმაჩნია, ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც NATO-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ გავხსენით NATO-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში. ვფიქრობ, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენი ჯარის თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა. ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს აქტიური რეფორმები ჯარში, ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესი. ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული, თუ ქვეყანა გავა სამშვიდობოზე, როგორც იტყვიან“, – განაცხადა პრემიერმა.
მას სურდა ნაკლები NATO, მაგრამ ახლა პუტინი უფრო მეტ NATO-ს მიიღებს რუსეთის საზღვრებთან - სტოლტენბერგი
„მას სურდა ნაკლები NATO, მაგრამ ახლა პრეზიდენტი პუტინი მიიღებს მეტ NATO-ს რუსეთის საზღვრებთან“,, - ამის შესახებ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის, თურქეთისა და შვედეთის მიერ სამმხრივი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს ამრიგად, NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენები პუტინისთვის ნათელი გზავნილია. „დიქტატორს უნდა ესმოდეს, რომ ალიანსის კარი ღიაა სხვა ქვეყნებისთვისაც, რომელთა ნახვაც რუსეთის ფედერაციას არ სურს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
ირაკლი ღარიბაშვილმა მიშელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აქტიურად იმუშავებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ევროპულ საბჭოსთან მჭიდროდ იმუშავებს ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. შეხვედრაზე კვლავ აღვნიშნე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობისადმი“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მშელის შეხვედრა დღეს, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაცია არამხოლოდ რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და, შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს მადრიდის სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც, ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა, ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ლიდერები და ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად საბჭოს სხდომაზე განხილულ იყო არსებული გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე წარმოქმნილი გამოწვევები და ევროატლანტიკურ სივრცეში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების აუცილებლობას, რათა ერთობლივად ხელი შეეწყოს სამართლის ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებას. სხდომაზე ასევე განიხილეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები. ხაზი გაესვა მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინის დახმარების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე და არსებულ ვითარებაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და NATO-ს შორის უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული უპრეცედენტოდ მაღალი დონის პრაქტიკული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი პოზიტიურად აისახება საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. მადრიდის სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს, მათ შორის: NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია - 2030, სამიტის კომუნიკე და „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“. აღსანიშნავია, რომ სამივე დოკუმენტი შეიცავს საქართველოსთვის კრიტიკულ ყველა საკითხს. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, აღნიშნულია NATO-ს ღია კარის პოლიტიკა, საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი და დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს თემატიკა დეტალურადაა ასახული NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რაც ალიანსისთვის მომდევნო ათი წლის განმავლობაში სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება. აღსანიშნავია „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“, რომელიც სამიტზე დაამტკიცეს და რომელიც შეიცავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებისა და ამ პროცესში NATO-ს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს.