თეგი: მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტის განმარტება მათთვის, ვისაც „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, სიმპტომები ხელახლა დაეწყო
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტებას ავრცელებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კოვიდის გადატანის შემდეგ ხელახლა დაეწყო სიმპტომები და აქტიურად მუსირებს აზრი, რომ ამ ადამიანებს 3-4 კვირაში და ზოგჯერ უფრო ადრეც, ხელახლა დაემართათ „ომიკრონის“ შტამით გამოწვეული კოვიდი. ინფექციონისტის თქმით, მართალია, ჯერ ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს ვართ დაცული ხელახალი ინფიცირებისგან „ომიკრონის“ ვარიანტის გადატანის შემდეგ, მაგრამ ასეთ მოკლე პერიოდში ხელახლა ინფიცირება ძნელად წარმოსადგენია და უკიდურესად იშვიათად შეიძლება, მოხდეს. ბუწაშვილი ვარაუდობს, რომ ადამიანებს სხვა რომელიმე რესპირატორული ინფექცია ემართებათ. „ერთ თვეზე მეტია, რაც „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს და უამრავი ადამიანი ინფიცირდება, მათ შორის კოვიდგადატანილები და ვაქცინირებულებიც. ზოგიერთს ამ თვენახევრის განმავლობაში კოვიდის გადატანის შემდეგ ხელახლა დაეწყო სიმპტომები და აქტიურად ჟღერდება აზრი, რომ ამ ადამიანებს 3-4 კვირაში და ზოგჯერ უფრო ადრეც, ხელახლა დაემართათ „ომიკრონის“ შტამით გამოწვეული კოვიდი. ზოგიერთებს განმეორებითი ტესტირებით PCR-იც დადებითი აქვთ და ეს კიდევ უფრო უმყარებთ აზრს იმის შესახებ, რომ ამ მოკლე ხანში ხელახლა ინფიცირდნენ. მართალია, ჯერ ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს ვართ დაცული ხელახალი ინფიცირებისგან „ომიკრონის“ ვარიანტის გადატანის შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ, ასეთ მოკლე პერიოდში ომიკრონით ხელახლა ინფიცირება ძნელად წარმოსადგენია და უკიდურესად იშვიათად შეიძლება ,მოხდეს. რეალურად, სავარაუდოდ, ადამიანებს სხვა რომელიმე რესპირატორული ინფექცია ემართებათ (და ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სეზონზე უამრავი სხვა ინფექცია არსებობს, მათ შორის გრიპიც) და ეს ინფექციები სიმპტომებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ბევრ ვირუსს ახასიათებს ტემპერატურის მომატება, სურდო, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი და სხვ. რაც შეეხება იმას, რომ ამ ადამიანებს ზოგჯერ PCR ტესტი დადებითი აქვთ, ეს შეიძლება კოვიდის წინა ეპიზოდის ნარჩენები იყოს. როგორც ვიცით, კოვიდის გადატანის შემდეგ PCR ტესტი შეიძლება რამდენიმე კვირა და თვეებიც დადებითი დარჩეს და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ისევ გადამდებია და ისევ კოვიდი აქვს. შესაბამისად, ჩვენ ზუსტად არ გვეცოდინება, ხელახლა მოხდა ინფიცირება, თუ ანალიზი ძველ ვირუსს "იჭერს", ხოლო სიმპტომები სხვა ინფექციის გამო გვაქვს“, - განმარტავს ინფექციონისტი.
ე.წ მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მაიმუნის ყვავილის ინფექციამ მასობრივი სახე მიიღოს? „მოკლე ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, რაზეც ამჟამად ბევრი კითხვაა. ეს არ არის ახალი ინფექცია, ადრეც იყო, თუმცა დაავადება იშვიათი იყო და შემთხვევები ან აფრიკის ქვეყნებში რეგისტრირდებოდა, ან ერთეული შემთხვევები აფრიკის კონტინენტის გარეთ, რომლებიც ყოველთვის უკავშირდებოდა აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს. რაც შეეხება ამჟამინდელ აფეთქებას, რომელიც დაიწყო 13 მაისიდან, საყურადღებოა ის, რომ შემთხვევები რეგისტრირდება ევროპაში, აშშ-ში და კანადაში და ისინი არ უკავშირდება აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს. დღემდე დაფიქსირებულია 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა 12 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა). აფრიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კონგოში (1 იანვრიდან 1 მაისამდე 1238 შემთხვევა). სადღეისოდ არ ვრცელდება ინფორმაცია ევროპაში და ამერიკაში ლეტალური შემთხვევების შესახებ, თუმცა ზოგადად დაავადების ლეტალობის მაჩვენებელი ერთ-ერთი შტამისთვის არის 3.6%, ხოლო მეორე შტამის - 10.6%. დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. სიმპტომები გავს ყვავილის სიმპტომებს, თუმცა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხის გულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა. გადაცემა სიმპტომური ადამიანიდან ხდება წვეთების და სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც). დიაგნოსტიკა ხდება PCR მეთოდით. გადამტანად გვევლინება მღრღნელები და პრიმატები. დაავადება პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. 1970 წელს პირველად გამოვლინდა ადამიანის შემთხვევა კონგოში“,- წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ამ დროისთვის „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები დაფიქსირებულია: ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში. ასევე წაიკითხეთ: ბელგიამ მაიმუნის ყვავილით დაავადებულთათვის კარანტინი შემოიღო
ინფექციონისტი: ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე COVID19 გადატანილი არ ჰქონდა
დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა COVID19 გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა „ტალღებს“ გადარჩენილი სეგმენტი - „ომიკრონის“ დროს, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში COVID19-ის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 233 პაციენტი მისივე თქმით, ადრე არსებული რეკომენდაცია, რომ ტესტის გაკეთება დაყოვნებულიყო სიმპტომების დაწყებიდან 2-3- დღე ძალაში აღარ არის. “ამჟამად, როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ და შესაბამისად, შეკითხვებმაც. ვეცდები შევაჯამო, ყველაზე ხშირად რაც აინტერესებთ ადამიანებს: - გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია. ზოგჯერ არასწორად ჟღერდება, რომ ეს არის თანდართული "ენტეროვირუსი", სინამდვილეში, ეს კოვიდის საკმაოდ ჩვეულებრივი სიმპტომებია და დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება. არც გადასხმა, თუ პაციენტი ადექვატურად იღებს სითხეს. - ყელის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ძალიან ინტენსიურია. ესეც თვითონ კოვიდის სიმპტომია და დამატებით ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს. ცხადია, თუ ტკივილი შემაწუხებელია, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი შეიძლება შევაშველოთ. - მაღალი ტემპერატურა, რომელიც, როგორც წესი, 2-3 დღე გრძელდება მხოლოდ და საჭიროებისამებრ სიცხის დამწევი შეგვიძლია გამოვიყენოთ. - ფილტვის დაზიანება ბევრად ნაკლებად გვხვდება, ვიდრე წინამორბედი შტამების დროს. ამიტომ (არც ადრე იყო საჭირო, მაგრამ მითუმეტეს ახლა), ტომოგრაფიის გაკეთება არ არის საჭირო. - სწრაფი ტესტი ან PCR შეგვიძლია გავიკეთოთ სიმპტომების დაწყებისთანავე (ადრე არსებობდა რეკომენდაცია, რომ ტესტის გაკეთება დაყოვნებულიყო სიმპტომების დაწყებიდან 2-3- დღე. ახლა ასეთი რეკომენდაცია არ არის). უსიმპტომო ადამიანებს, ვინც იყო კონტაქტში და სურთ ტესტის გაკეთება, ჯობია დაიცადონ კონტაქტიდან დაახლოებით 5 დღე. - c რეაქტიული ცილა შეიძლება მომატებული იყოს, როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს, და როგორც ადრე ვწერდი, ეს არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი გვჭირდება. - D დიმერის გაკეთება არ არის საჭირო მხოლოდ კოვიდის დიაგნოზის გამო, თუ პაციენტს ამ გამოკვლევის სხვა რაიმე ჩვენება არა აქვს. - სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა „ტალღებს“ გადარჩენილი სეგმენტი“,- წერს ბუწაშვილი.
მაია ბუწაშვილი: COVID19-მა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა სხვა ინფექციური დაავადებების მართვაში
COVID19-მა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა სხვა ინფექციური დაავადებების მართვაში. მსოფლიოში ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია. იმ შემთხვევაში, თუ ხველა 2 კვირაზე მეტი გრძელდება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში" განაცხადა. „COVID19-მა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა სხვა ინფექციური დაავადებების მართვაში. მთელ მსოფლიოში პირველად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია. მიზეზია დაგვიანებული გამოვლენა. ადამიანებს ეს ორი წელი აქცენტი მთლიანად ჰქონდათ კორონავირუსზე, მათ შორის ექიმებსაც. თუ ადამიანი ახველებდა, იკეთებდა ტესტს და თუ არ აღმოაჩნდებოდა კოვიდი ყველა ბედნიერი იყო. ყველას ავიწყდება, რომ ხველას შესაძლოა სხვა მიზეზიც ჰქონდეს, მათ შორის, ტუბერკულოზი. თუ ხველა 2 კვირაზე მეტი გრძელდება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. ექიმებსაც მოვუწოდოთ, რომ დაუბრუნდნენ ძველ ალგორითმებს, მხოლოდ კოვიდი არ არის, პაციენტს გამოკვლევა ჩაუტარონ“, - განაცხადა ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში". ცნობისთვის, ტუბერკულოზი ჰაერის გზით გადაეცემა. დიდ მანძილზე ვრცელდება და 2 მეტრიანი დისტანცია ეფექტური არ არის. ასევე წაიკითხეთ: კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან
საქართველოში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ყველაზე გადამდები ვირუსია - ინფექციონისტი
ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ამ სეზონზე ყველაზე საყურადღებო ინფექციები ჩუტყვავილა და ქუნთრუშაა. მოგეხსენებათ, ჩუტყვავილა ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ, მაგრამ მოზრდილობაში ვისაც ემართება, ფორმა საკმაოდ მძიმეა და გართულებებით მიმდინარეობს. ასეთი გართულებებია ფილტვის ანთება, ნევროლოგიური გართულებები და ე.წ. მეორეული ინფექცია, როდესაც დაზიანებულ კანს ბაქტერიული ინფექცია დაერთვის. ჩუტყვავილას შემთხვევაში კანის ნაცხის პისიარ კვლევა ტარდება. შესაძლებელია სისხლის გამოკვლევაც და ამით დიაგნოზის დასმა. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. თუ ოჯახის ერთ წევრს დაემართა და დანარჩენებს გადატანილი არ აქვთ, შანსი იმისა, რომ დაინფიცირდნენ, თითქმის 100%-მდეა. თუ გადატანილი აქვს ადამიანს ვირუსი და ორგანიზმში ანტისხეულები არსებობს, ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება არ ხდება. მიუხედავად ამისა, ჩუტყვავილას ვირუსი ორგანიზმში სამუდამოდ რჩება, თუმცა იმუნიტეტი მას მარტივად ძლევს. ზოგ შემთხვევაში ის შეიძლება სხვა დაავადების, ე.წ. ჰერპეს ზოსტერის სახით გამოვლინდეს, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა და აუტანელი ტკივილი ახასიათებს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
რა რეკომენდაციებს გასცემს ინფექციონისტი კურორტებზე დამსვენებელთათვის
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა, რომ კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით. მისივე თქმით, ფაღარათი, გულისრევა, ტემპერატურა ზაფხულის სეზონისთვის ჩვეულია. ინფექციონისტმა განმარტა, რომ დიარეული დაავადებების დროს ბევრი თვითნებურად იწყებს ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, რაც არასწორია. ბუწაშვილის თქმით, დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს, ამ დროს კი, გამოსავალი ბევრი სითხის მიღებაა. „კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით. ფაღარათი, გულისრევა, ტემპერატურა - ეს ზაფხულის სეზონზე ჩვეულებრივია, განსაკუთრებით კურორტებზე. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველი ის, რომ ბევრი ადამიანი იყრის ერთად თავს და ნაწლავური ინფექცია მარტივად ვრცელდება. მეორეა ის, რომ გადატვირთული საკვები ქსელები, სავარაუდოდ, კარგად ვერ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ასევე სიცხეში საკვებზე მარტივად მრავლდება მიკროორგანიზმები. როდესაც კურორტზე ვიმყოფებით, მივიღოთ ბოთლის წყალი ან დარწმუნებულები ვიყოთ წყლის სისუფთავეში.“ ინფექციონისტის რჩევაა, მოვერიდოთ ისეთ პროდუქტს, რომლის სისუფთავეშიც არ ვართ დარწმუნებული, მაგალითად სალათები. „როდესაც გადატვირთულია კვების ობიექტები, მათი რეცხვა ბოლომდე კარგად არ ხდება. თუ თერმულად არის დამუშავებული ახალმომზადებული საკვები, ის უფრო უსაფრთხოა. თუ უკვე დიარეაა და ღებინება, ამ დროს ადამიანი უნდა მოერიდოს ხილს და ბოსტნეულს, მხოლოდ მოხარშული საკვები უნდა მიიღოს, ასევე უნდა მოერიდოს ხილის წვენს, სითხე უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით. ასევე ბევრი ადამიანი იწყებს თვითნებურად ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, ეს არასწორია. დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს. ამ დროს ბევრი სითხის მიღებაა გამოსავალი. თუ ბავშვი, ან ხანდაზმული ძნელად საკონტაქტოა და ძილიანობაა მომატებული, ექიმი და ჰოსპიტალიზაციაა საჭირო,“ - განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე.