თეგი: მაიკ ჯონსონი
კონგრესის ახალი სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარებას „გარკვეული პირობებით“ უჭერს მხარს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარებას „გარკვეული პირობებით“ უჭერს მხარს. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. „ჩვენ ამის შესახებ გარკვეული პირობები გვექნება, ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ,“ - ასე უპასუხა მაიკ ჯონსონმა შეკითხვას უკრაინის მიმართ დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით. „ჩვენ გვსურს ანგარიშვალდებულება და მიზნები, რომლებიც ნათელი იქნება თეთრი სახლისგან. ჩვენ ვაპირებთ დისკუსიებს. ეს იქნება ძალიან პროდუქტიული,“ - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის ახალმა სპიკერმა. მაიკ ჯონსონი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად 25 ოქტომბერს აირჩიეს.
კონგრესის ახალი სპიკერი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ: ვერ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას უკრაინაში
ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესის ახალმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია არ მიატოვებს უკრაინას, მაგრამ პირველ რიგში ისრაელს დაეხმარება. ამის შესახებ AP წერს. კონგრესის ახალ სპიკერი ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტის გაერთიანებას არ ეთანხმება „ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ პუტინის გამარჯვება უკრაინაში, რადგან მჯერა, რომ ის იქ არ შეჩერდება,“ - განაცხადა ჯონსონმა Fox News-ის ეთერში. მან კომენტარი გააკეთა ისრაელზეც. „ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ ჩვენს მნიშვნელოვან მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში და ეს არის ისრაელი,“ - აღნიშნა ჯონსონმა. ჯონსონმა განაცხადა, რომ ის და ბაიდენი ერთმანეთს 15 წუთზე მეტხანს ესაუბრებოდნენ. „ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა. მე კმაყოფილი ვარ პრეზიდენტთან ვიზიტით,“ - აღნიშნა კონგრესის ახალმა სპიკერმა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა დაურეკა ჯონსონს და კონგრესის სპიკერად არჩევა მიულოცა. „დროა, ყველა ჩვენგანმა პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ და საგარეო დახმარების მიწოდება სწრაფად უზრუნველვყოთ,“ - განაცხადა ბაიდენმა თეთრი სახლის ცნობით. ბაიდენი კონგრესისგან $106 მლრდ-ს ითხოვს, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: პუტინს ევროპაში მარშით გავლის უფლებას ვერ მივცემთ
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონგრესში კარგად ესმით საკითხის სწრაფად გადაწყვეტის მნიშვნელობა და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მან ისრაელის დახმარებას მთავარი პრიორიტეტი უწოდა, ხოლო უკრაინის დახმარებას - კიდევ ერთი პრიორიტეტი. „ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ," - განაცხადა ჯონსონმა. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში, ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხი. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს ევროპაში მარშით გავლის საშუალებას და გვესმის [უკრაინის] დახმარების აუცილებლობა," - განმარტა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
ზელენსკი კონგრესის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ იმედოვნებს, რომ აშშ-ის დახმარება 2024 წელს გაგრძელდება
კონგრესის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი, 2024 წელს გაგრძელდება. „მადლობელი ვარ აშშ-ის კონგრესის ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინისთვის უზრუნველყო რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ. მე ვაცნობე სპიკერ ჯონსონს უკრაინის მიღწევების შესახებ, მათ შორის, რუსეთის მიერ 2022 წლიდან ოკუპირებული მიწის ნახევრის გათავისუფლების, შავი ზღვისთვის ბრძოლაში გამარჯვებისა და ქვეყნის რეფორმირების შესახებ, რათა ის მომავალში თვითკმარი გახდეს. მადლობას ვუხდი სპიკერ ჯონსონს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან დახმარება გაგრძელდება 2024 წელს,“ ნათქვამია ზელენსკის Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. თავის მხრივ, Wall Steet Journal-ის ცნობით, ჯონსონმა დღეს გაიმეორა, რომ მან არაერთხელ სცადა თეთრ სახლთან დაკავშირება იმის შესახებ, თუ რა სჭირდებოდა რესპუბლიკელთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ უბრალოდ ყურადღება არ მიაქცია რესპუბლიკელთა შეშფოთებას. სხვა საკითხებთან ერთად, უფრო ცენტრისტი რესპუბლიკელები ცდილობდნენ სიცხადეს უკრაინაში გამარჯვების სტრატეგიაში და გარკვევას, მოიცავდა თუ არა გამარჯვება როგორც ყირიმის აღდგენას, რომელიც უკანონოდ ანექსირებულია რუსეთის მიერ 2014 წლიდან, ასევე დონბასის. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ თეთრ სახლს მსგავსი დეტალები არ მოუწოდებია. ჯონსონმა თქვა, რომ მისი შეხვედრა ზელენსკისთან იყო "კარგი", მაგრამ მტკიცედ დარჩა თავის პოზიციაზე, რომ საზღვრის საკითხი უნდა იყოს მთავარი აქცენტი და მოითხოვა თეთრი სახლისგან მეტი სიცხადე უკრაინის სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჯონსონი ამტკიცებს, რომ თეთრმა სახლმა ვერ შეძლო მკაფიო სტრატეგიის ჩამოყალიბება და ამ ეტაპზე ეს საკითხი სენატისა და თეთრი სახლის გადასაწყვეტია. რას ითხოვენ რესპუბლიკელები რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ. კომპრომისის მისაღწევად სენატში კონსულტაციები გაგრძელდება. მედია წერს, რომ სენატში შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს რესპუბლიკელებისგან კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა ელის კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში. ამასთან, აშშ-ში საშობაო არდადეგები ახლოვდება. ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.
„პუტინი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს“ - სტოლტენბერგის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ერთობლივი განცხადება
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „დღეს ჩვენ შევხვდით, რათა განგვეხილა NATO-ს როლი ამერიკის უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში და შევთანხმდით, რომ ვიმუშაოთ თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, მათ შორის, NATO-ს მომავალ სამიტზე, რომელსაც ვაშინგტონი მასპინძლობს. ჩვენ ხაზი გავუსვით პრეზიდენტ პუტინისადმი მკაფიო, გადამწყვეტი გზავნილის გაგზავნის მნიშვნელობას, რომ ის უკრაინაში ომს ვერ მოიგებს. განვიხილეთ ჩინეთის მზარდი საფრთხე და გამოწვევა, შევთანხმდით, რომ NATO-ში ერთად დგომა გლობალური კონკურენციისთვის უკეთ მომზადების საშუალებას გვაძლევს,“ - წერენ განცხადების ავტორები. „ჩვენ დავგმეთ ირანის დესტაბილიზაციის გამომწვევი როლი ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის, მისი მხარდაჭერა მებრძოლებისა და ტერორისტული ჯგუფებისთვის, რომლებიც თავს დაესხნენ მოკავშირეთა ძალებს, კომერციულ გადაზიდვებსა და ისრაელის მსგავს მნიშვნელოვან პარტნიორებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. იენს სტოლტენბერგმა კონგრეში დავის ფონზე, უკრაინის დახმარების საკითხი ამერიკელ კანონმდებლებთან განიხილა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ჯონსონმა განმარტა, როდის განიხილავს წარმომადგენელთა პალატა უკრაინის დახმარებას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტი ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთანავე განიხილება. ჯონსონმა აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატა განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დაფინანსების შესახებ და დაუბრუნდება ამ საკითხს „როგორც კი მთავრობა მიიღებს დაფინანსებას.“ მანამდე, 29 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, სპიკერმა იწინასწარმეტყველა, რომ პალატა, სავარაუდოდ, არ განიხილავდა უკრაინის დახმარებას ამ კვირაში, მაგრამ სანაცვლოდ იმუშავებდა საზღვრის უსაფრთხოების მოგვარებაზე და ე.წ. შათდაუნის თავიდან აცილებაზე. ამ კვირის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების საკითხი „დროულად“ გადაწყდება. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ აცნობა შეერთებულ შტატებსა და კონგრესს, რომ მას ერთი თვის განმავლობაში სჭირდება მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცება.
NBC News: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ. შესაბამის ინფორმაციას NBC News-ი სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის დახმარების პაკეტის შემუშავების გეგმები ადრეულ ეტაპზეა, თუმცა იმ „რესპუბლიკელებს“, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, სურთ, რომ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყონ, როგორც კი კონგრესი 22 მარტს აშშ-ის მთავრობის დაფინანსების პაკეტს დაამტკიცებს,“ წერს გამოცემა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი და წარმომადგენელთა პალატის მთავარი კომიტეტების „რესპუბლიკელი“ ხელმძღვანელები უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების სესხის სახით გადაცემას განიხილავენ. დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას. ბაიდენმა 7 მარტს კონგრესისადმი მიმართვისას კიდევ ერთხელ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი პაკეტის დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად.
ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინის დახმარებაზე კენჭისყრა სააღდგომო შესვენების შემდეგ გაიმართება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 31 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინის დახმარებაზე კენჭისყრას აღდგომის დღესასწაულის დასრულების შემდეგ გამართავს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ჯონსონი მოელის, რომ პაკეტი „რამდენიმე მნიშვნელოვან ინოვაციას“ მოიცავს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაგალითის სახით მოიყვანა უკრაინაზე სესხის გაცემის შესაძლებლობა - იდეა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია არ ემხრობა. ჯონსონმა ასევე ახსენა უკრაინის დახმარების კანონპროექტი (REPO for Ukrainians Act), რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, აშშ-ში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების კონფისკაცია მოახდინოს და ის უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად გადასცეს. „როგორც იცით, REPO-ს კანონპროექტით, თუ შევძლებთ და რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული აქტივებით უკრაინელებს მათთან ბრძოლის შესაძლებლობას მივცემთ, ეს უბრალოდ სუფთა პოეზიაა," - აღნიშნა ჯონსონმა. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.
ჯონსონი ზელენსკისგან აშშ-ში უკრაინის ელჩის გათავისუფლებას მოითხოვს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვა დემოკრატების სასარგებლოდ „პარტიზანულ კამპანიაში" დაადანაშაულა. მაიკ ჯონსონმა საჯაროდ გამოაქვეყნა 25 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს გაუგზავნა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ზელენსკისგან მოითხოვს ელჩის თანამდებობიდან „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას." რესპუბლიკელების აღშფოთება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ 22 სექტემბერს პენსილვანიის შტატში მდებარე საბრძოლო ჭურვების მწარმოებელ ქარხანაში პრეზიდენტ ზელენსკის სტუმრობისას იქ მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და არცერთი რესპუბლიკელი არ მიუწვევიათ. სპიკერი ჯონსონი მიიჩნევს, რომ ეს აშკარად იყო დემოკრატების სასარგებლოდ ჩატარებული პარტიული ღონისძიება და შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესში ჩარევა. ჯონსონი ზელენსკის წერს, რომ ელჩის მიერ ამ „პარტიზანული კამპანიის“ ორგანიზების გამო, რესპუბლიკელები აღარ ენდობიან მარკაროვას უნარს, პატიოსნად და ეფექტიანად შეასრულოს დიპლომატის ფუნქციები. ვოლოდიმირ ზელენსკისადმი წერილში მაიკ ჯონსონი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეწყვეტას აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ რესპუბლიკელების საარჩევნო სიის ლიდერები უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების და მედიის თავდასხმის სამიზნე არიან. ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, ხოლო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი - სენატორი ჯეი დი ვანსი. 22 სექტემბერს პენსილვანიის ქალაქ სკრენტონის ქარხანაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდნენ შტატის დემოკრატი გუბერნატორი ჯოშ შაპირო, დემოკრატი სენატორი ბობ კეისი და დემოკრატი კონგრესმენი მეტ კარტრაიტი. ამ ფაქტმა რესპუბლიკელების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. სკრენტონი აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მშობლიური ქალაქია, პენსილვანია კი შტატი, რომელიც ხშირად წყვეტს საპრეზიდენტო არჩევნების ბედს. დღეს, 26 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატია. ზელენსკი კონგრესში შეხვდება დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებსაც, თუმცა მათ შორის არ იქნება წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონსონი. „ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის ცნობით, 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მაიკ ჯონსონმა მიზეზად დაასახელა გადატვირთული სამუშაო გრაფიკი.