თეგი: მაკროფინანსური დახმარება
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირეს
უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ევროკომისიის წინადადებას ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს. „მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა საზიანო გავლენას ახდენს უკრაინის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე. უსაფრთხოების მუდმივმა საფრთხეებმა უკვე გამოიწვია კაპიტალის მნიშვნელოვანი გადინება. უკრაინა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას კარგავს გაზრდილი გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მისი გავლენის გამო. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, ასევე ეკონომიკურად. მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაზე ძლიერ ეკონომიკურ გავლენას ახდენს. წევრი ქვეყნები მზად არიან, უზრუნველყონ 1.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ კომისიის წინადადებას, რათა ფინანსური დახმარება უკრაინას შეუფერხებლად მიეწოდოს“, - აღნიშნა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა. წინადადება ძალაში შესვლამდე ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ.
ევროკავშირსა და უკრაინას შორის ერთი მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის შესახებ დომბროვსკისმა Twitter-ზე დაწერა. ვალდის დომბროვსკისის თქმით, ახლა უკრაინის ეკონომიკა საომარ მდგომარეობაშია და ევროკავშირი კიევის დახმარებას განაგრძობს. „ევროკავშირის სახელით უკრაინასთან გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რათა გადაუდებელი დაფინანსების სახით, ერთი მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარება გამოვყოთ, ეს თანხა გადაირიცხება ივლისის ბოლოს უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად" , - განაცხადა ვალდის დომბროვსკისმა. 18 ივლისს, ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის დახმარების მეხუთე ტრანშის გამოყოფას დაეთანხმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მაისში განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონით €2 მილიარდამდე გაზარდა. თანხა ევროპული მშვიდობის ფონდის ხაზით გამოიყოფა. „ევროკავშირმა გამოყო სულ 2 მილიარდი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა ევროპის ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში. ჩვენ დახმარებას გავაგრძელებთ ბოლომდე“, - განაცახადა ბორელმა. ამ დახმარების წინა პაკეტები 2022 წლის 28 თებერვალს, 23 მაისს და 13 აპრილს შეთანხმდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მიკროსაფინანსო სესხის გამოყოფის შესახებ. სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე, გადაწყვეტილებას 534-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. 30 წინააღმდეგ წავიდა, 26-მა კი, თავი შეიკავა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ ზაფხულს მოითხოვა 9 მილიარდი ევროს გამოყოფა. ერთი მილიარდი ევროს ოდენობით პირველი ტრანში უკრაინას უკვე გადაეცა. 5 მილიარდი ევროს ღირებულების შემდეგი ტრანშის გაცემის პირობებზე ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის მინისტრები 9 სექტემბერს, პრაღაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.