თეგი: მალი
საფრანგეთმა მალიდან საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართული სამხედროების გაყვანის შესახებ გამოაცხადა
საფრანგეთმა მოკავშირეებთან ერთად მალიდან საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაცია „ტაკუბაში“ ჩართული სამხედროების კოორდინირებული გაყვანა გამოაცხადა. „მალის გარდამავალი ხელისუფლების მხრიდან მრავალრიცხოვანი დაბრკოლებების გამო, კანადა და ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ოპერაცია „ბარხანისა“ და „ტაკუბას“ ფარგლებში მოქმედებენ, მიიჩნევენ, რომ მალიში პოლიტიკური, ოპერატიული და სამართლებრივი პირობები აღარ არის დაკმაყოფილებული ტერორიზმთან ბრძოლაში სამხედრო ჩართულობის ეფექტურად გასაგრძელებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნიგერი დათანხმდა ევროპული ძალების მასპინძლობას, რომლებიც ისლამისტ მებრძოლებს ებრძვიან.
მალი გაეროს სამშვიდობო მისიის როტაციას აჩერებს
მალის მთავრობამ გადაწყვიტა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისიის (MINUSMA) ყველა სამხედრო და პოლიციის კონტინგენტის როტაცია დროებით შეაჩეროს. საგარეო უწყების განცხადებაში, როტაციის შეჩერების „ნაციონალური უსაფრთხოების კონტექსტთან დაკავშირებული მიზეზებია“ ხაზგასმული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მოუწოდა საკითხის დაუყოვნებლივი მოგვარებისკენ და განაცხადა, რომ მზად არის ამ მიზნით, დისკუსიებში ჩაერთოს. გასულ თვეში, გაეროს უშიშროების საბჭომ MINUSMA-ს მანდატი განაახლა. მალის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ გაეროს მოწოდებებს მშვიდობისმყოფელებისთვის გადაადგილების თავისუფლების დაშვების შესახებ, დაუპირისპირდება, რათა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გამოიძიონ. „კონტიგენტების როტაცია გადამწყვეტია მისიის ეფექტიანობისა და პერსონალის უსაფრთხოებისთვის”, - განუცხადა გაეროს სპიკერის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში და დაამატა, რომ დაზარალებული პერსონალის ნაწილი რამდენიმე თვის წინ უნდა გათავისუფლებულიყო. კოდ-ივუარის ჯარები მას შემდეგ დააკავეს, რაც კვირას, დედაქალაქ ბამაკოს საერთაშორისო აეროპორტში ჩავიდნენ. განაცხადეს, რომ ჯარისკაცები დაქირავებულებად ჩაითვლებიან და ბრალს წაუყენებენ. თავდაპირველად გავრცელებული ცნობებით, ჯარისკაცები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკური მხარდაჭერის კონტრაქტის ფარგლებში განლაგდნენ, რომელიც მისიასთან 2019 წელს გაფორმდა და ისინი კონვენციის მიხედვით, მალიში გაგზავნილი მერვე როტაციის ფარგლებში ჩავიდნენ. MINUSMA-ს სპიკერმა თავდაპირველად დაადასტურა ეს ინფორმაცია, მაგრამ გაეროს სპიკერმა ნიუ-იორკში მოგვიანებით განაცხადა, რომ კოდ-ივუარის ჯარები კონვენციის ფარგლებში არ იყო განლაგებული. მალი „ისლამისტური აჯანყების“ შესაჩერებლად იბრძვის, რომელიც 2012 წელს აჯანყების შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში, დაიღუპა ათასობით ადამიანი და დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში მილიონობით იძულებით გადაადგილებულია
„ვაგნერთან“ თანამშრომლობის გამო, აშშ-მ მალის თავდაცვის მინისტრს სანქციები დაუწესა
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმ მალის თავდაცვის მინისტრს, სადიო კამარას და მალის ორ სხვა სამხედრო ლიდერს, რომლებიც მათ ქვეყანაში „ვაგნერის“ საქმიანობას ხელს უწყობდნენ, სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მალის საჰაერო ძალების შტაბის უფროსს, ალუ ბოი დიარას და მის მოადგილეს ადამ ბაგაიოკოს. მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა 13 ფიზიკური პირისა და სხვა ბიზნეს სუბიექტების მიმართ, რომლებიც (PMC) მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სუდანში „ვაგნერის“ ქმედებებთან არიან კავშირში. „ვაგნერს“ დასავლეთი ომის არაერთ დანაშაულში სდებს ბრალს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო, შვედეთი მალის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას შეუჩერებს
პრორუსული პოზიციებისა და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერის გამო, შვედეთის მთავრობა მალის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას შეუჩერებს. განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა იოჰან ფორსელმა 5 იანვარს TV4-თან საუბრისას გააკეთა. „როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა ქვეყნებთან, ჩვენ ასევე გვსურს, რომ ამ ქვეყნებმა ითანამშრომლონ შვედეთთან, მაგრამ მალის სამხედრო ხუნტა რუსეთისკენ ტრიალდება და მხარს უჭერს მის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ფორსელმა. დასავლეთ აფრიკის ქვეყანა რუსული გავლენის მნიშვნელოვანი კამპანიის სამიზნეა მას შემდეგ, რაც 2021 წელს მალის არმიამ მთავრობა გადატრიალების შედეგად დაამხო. „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი მეთაურობდა, განსაკუთრებით აქტიური იყო მალიში. ამ დაჯგუფებას ომის დანაშაულებსა და ფართოდ გავრცელებულ ძარცვაში სდებენ ბრალს. მალიმ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციების მხარდაჭერისგან, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიან ომს გმობენ და რუსული ჯარების მიერ უკრაინის დატოვებას მოითხოვენ. შვედმა მინისტრმა იოჰან ფორსელმა განმარტა, რომ დახმარების განაწილებისთვის პირობები მალის გარდა სხვა ქვეყნებში უკეთესია. „ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსება შეწყდება, მაგრამ გადაუდებელი დახმარება, როგორიცაა, საკვები, წყალი და მედიკამენტები, გაგრძელდება,“ აღნიშნა მინისტრმა. „ზოგადად, შვედეთი ხელახლა აყალიბებს მიდგომას საერთაშორისო დახმარების მიმართ, რათა „უზრუნველყოს ისეთი მიდგომა, როცა ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საერთაშორისო კანონმდებლობას ძირს არ უთხრიდნენ და არ უჭერდნენ მხარს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ,“ განმარტა შვედმა მინისტრმა. ბოლო 10 წლის განმავლობაში შვედეთმა მალის 388 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია.