თეგი: მალხაზ მაჩალიკაშვილი
რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცესუალურ ნაწილში. არსებით ნაწილში, სიცოცხლის უფლების დარღვევა ვერ დაადგინა. სასამართლომ, კერძოდ, დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეფექტიანი და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, თუმცა მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა დაედგინათ, (გონივრული ეჭვის მიღმა) რომ თ.მ. გარდაიცვალა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში. გარდა ამისა, სასამართლომ უარყო მომჩივნების საჩივარი არაადამიანური მოპყრობის შესახებ მე-3 მუხლით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი აკრძალვა). სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ განმცხადებელს არამატერიალური ზიანისთვის 10 000 ევროს, ხოლო ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ევროსასამართლოში განაცხადი სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად წარადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ცენტრი პრესკონფერენციას მართავს. მანამდე კი, შეფასება საკუთარ Facebook გვერდზე განათავსა. „სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო. სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა. ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო. ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს“, - აღნიშნავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.