თეგი: მანდატი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოთხი დეპუტატის მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოთხი დეპუტატის მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა. კახა კუჭავას, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ. ოპოზიციურმა პარტიებმა, საკუთარი გადაწყვეტილებით სიები ჩახსნეს, შესაბამისად, მათ ადგილმონაცვლე დეპუტატები უკვე ვეღარ ჩაანაცვლებენ, ამიტომ მეათე მოწვევის პარლამენტში 150 კანონმდებელი ვეღარ იმუშავებს. ამასთან, საკუთარი გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ორგანოდან წასულ კახა კუჭავას ადგილს კი გია ცაგარეიშვილი დაიკავებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ
"ქართული ოცნება” პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აცხადებს, რითაც პარლამენტის სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხმაურებიან. ორგანიზაციების ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მყარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. „2022 წლის 7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მათ შორის, კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ხანდაზმული მუხლით ჯაფარიძის მიმართ სადავო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს. იმის გამო, რომ „ლელომ“ საქართველოსთვის პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში. ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება. ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“, - ნათქვამია განცხადებაში.
4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება
4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძემ განმარტა, რატომ უწყვეტს პარლამენტი უფლებამოსილებას კახა კუჭავასა და სამ ოპოზიციონერ დეპუტატს. „ბატონმა კახა კუჭავამ ნებაყოფლობით მოითხოვა უფლებამოსილების შეწყვეტა და მოგეხსენებათ, ეს წარმოადგენს საფუძველს უფლებამოსილების შეწყვეტისთვის. მე აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მას გაწეული შრომისთვის საქართველოს პარლამენტში და დიდ წარმატებას ვუსურვებ მომავალში. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, 2 დეპუტატის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ის, რაც კანონმდებლობითა განსაზღვრული. ეს გახლავთ პლენარული სხდომებისა და საპარლამენტო საქმიანობის ფუნქციის განუხორციელებლობა არასაპატიო მიზეზით", - განაცხადა სარჯველაძემ.
გიორგი ხოჯევანიშვილი საპარლამენტო მანდატს და პარტიას „საქართველოსთვის“ ტოვებს
ვტოვებ პარლამენტის წევრის მანდატს, ვწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს, - ამის შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების შესაძლებლობა არ ეძლევა. “მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტის წევრის მანდატს, ვწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ერთადერთი გარემოება: მაღალი პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც მაქვს ჩემი ამომრჩევლის წინაშე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს. სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით არ მეძლევა საშუალება ეფექტურად მოვახდინო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ჩემთვის, როგორც სახელმწიფო მოხელისთვის, ყოველთვის პრიორიტეტი იყო ხალხის ინტერესების მსახურება და არასდროს წარმოადგენდა რაიმე თანამდებობა თვითმიზანს… აქვე გარკვევით მინდა განვმარტო, რომ არ ვგეგმავ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას და ვაპირებ საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, კოლეგებს, თანაგუნდელებს, ასევე ყველა ღირსეულ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვსაქმიანობდი წლების განმავლობაში საჯარო სექტორში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რის გამოც რთულ პოლიტიკურ პროცესებში შევედი და ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თანამოაზრეს. იმედს ვიტოვებ, საქართველო შეძლებს წინსვლას და მალე გახდება ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი!”,- წერს გიორგი ხოჯევანიშვილი.