თეგი: მართლმსაჯულება
მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და NATO-ს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს - ღარიბაშვილი
მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და NATO-ს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს, სასამართლოს მიმართ ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა იმისა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას. ეს ერთი, და მე გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე და მიმართოთ პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტულნი და კორექტულად მიმართოთ ადამიანებს და მოქალაქეებს. მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, და მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში 11 ევროკავშირის წევრ ქვეყანას და 13 ნატოს წევრ ქვეყანას უსწრებს. სასამართლოს მიმართ ნდობა ჩვენი მოქალაქეების, თქვენი, მეგობრებო, არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც არ იყო თქვენი ტელევიზიის მეპატრონის მმართველობის დროს. მაშინ იყო თითქმის ნულზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე, როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან როგორც მთავრობის, თუ მთავრობის წევრების, როგორც საშინაო თუ საგარეო ჩარევებისგან. მე მგონი ყველაფერი გასაგებია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრეზიდენტი: მართლმსაჯულების არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში დაესწრო მართლმსაჯულების სახლის გახსნას, რომლის დამფუძნებელიც ეკა ბესელიაა. სალომე ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან ბევრი სასიხარულო ამბავი გვაქვს ამ წლის ბოლოსთვის. შეიძლება, მთელი წელი ასეთი არ იყო, მაგრამ ის, რაც მოხდა ამ დღეებში, მართლაც ყველასთვის ძალიან სასიხარულოა. მინდა, ყველას მოგილოცოთ, საქართველომ რომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის პატარა საქმე, შემდეგ დიდხანს ვიმსჯელებთ, თუ რას ნიშნავს, რას მოიცავს და რას მოითხოვს ჩვენგან, რადგან ძალიან ბევრს მოითხოვს. ცხოვრებაში არაფერი ხდება ისე, მარტივად, ალბათ ესეც არ მოხდა მარტივად. ამასაც სჭირდება მომზადება, ხალხის და იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, ინტერესი, რადგან ინტერესი და ნება თუ არ არსებობს რამე საქმის მიმართ, მაშინ ეს გადადის რაღაც ინერციაში, არასაინტერესო, არაქმედითი ხდება. ამიტომ მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ, ამ ქალაქში, ამ რეგიონში იყოს პირველი ფილიალი, რადგან სასამართლო, მართლმსაჯულება არის ალბათ ის, რაც ყოველივე ქართველს ამოძრავებს, რისი არარსებობაც ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას, ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის, არა ეკონომიკური და ყოფითი საკითხები, უფრო უსამართლობა. თქვენს მომავალ საქმეში, კარიერაში გისურვებთ, რომ იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება, სასამართლო იქნება იმგვარი, როგორიც გვინდა, როგორზეც ვოცნებობთ ჩვენ და არამხოლოდ ჩვენ, ჩვენი წინა თაობები. იყო საქართველოში პერიოდი და ძალიან ბევრი პერიოდი, როცა არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო. იყო ასევე პერიოდი, მთელი ეს საბჭოთა პერიოდი, რომელმაც გადაგვაჩვია იმას, რას ნიშნავს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო. იმის შემდეგ ისევ დავიწყეთ სწავლა, მიჩვევა, რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო და მივდივართ ამ გზით. იყო პროგრესი, რეგრესი, ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელს, რადგან ევროკავშირის მიერ მონიჭებული სტატუსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები. ამისი მონაწილე იქნებით თქვენ ყველა. ამისთვის ამ სახლის, ამ ფილიალის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სწორედ აქ, იმ არარსებულ საზღვართან ახლოს, რომელიც არ გვყოფს, გვაერთიანებს, რადგან არ შეიძლება ჩვენი დაყოფა. ეს არის ხელოვნური დაყოფა, რომელიც ვერ გაუძლებს დროს, ჩვენ ყველაზე ახლოს და ერთად ვიქნებით, როცა გავიზიარებთ ერთნაირ უფლებებს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.