თეგი: მარიან შარეცი
სლოვენიის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, მარიან შარეცი ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. „თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვენიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვენიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც NATO-სთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. მინისტრმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში სლოვენიის აქტიური ჩართულობა, სამხედრო განათლებისა და სამხედრო სწავლებების კუთხით ერთობლივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რაც თავდაცვის უწყებების დაახლოებასა და პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს. სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი პირველად განხორციელდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მარიან შარეცი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.