თეგი: მარიტა მეფარიშვილი
პრეზიდენტმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაცვალების შემდეგ, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბოშვილმა, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაცვალების შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავცელებს. ასევე, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“, პრეზიდენტმა დევი მეზურნიშვილი დააჯილდოვა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი მოზარდი გადაარჩინა. „მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა. ხოლო ,,ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცახდებაში. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ, „გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს ბრალდება დაუმძიმა
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, „გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და „გრინსერვისი +“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე. სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, „გრინსერვის+“-ის დირექტორმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა კერძოდ, პროექტის ცვლილებები , რომლებზეც დასმული იყო ერთ-ერთი საპროექტო კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერები. 2022 წლის აგვისტოში, „გრინსერვის+“-მა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დაასრულა. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამის შემდეგ, „გრინსერვის+“-მა შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით „მშენ-ექსპერტთან“ ხელშეკრულება გააფორმა. „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ. „მშენ - ექსპერტის" დირექტორმა და ექსპერტმა მოამზადეს დასკვნის პროექტი, რის შემდგომაც, „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელმა. „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორი და ექსპერტი მათ დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის თაობაზე დაითანხმა, კერძოდ, თითქოს მათ შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან. მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 25 აგვისტოს, „მშენ-ექსპერტი“-ს ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დასკვნა „გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ელექტრო ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები. საქართველოს პროკურატურამ "გრინსერვისი+“-ის დირექტორს ბრალდება დაუმძიმა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი); "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი). საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიების მოცემულ ეტაპზე, ბრალდებულია 9 პირი, რომელთაც აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა და საქმე არსებითი განხილვისთვის სასმართლოში წარიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი, სხვა პირების დადგენის მიზნით. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, მერიის ყოფილ თანამშრომელს საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, მსჯავრდადებულ გიგა გიგაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებითაა გასამართლებული, სასჯელს სახლში მოიხდის. მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინა პატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო. ვახტანგაშვილის ადვოკატმა კახა წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, სასჯელის 1/3 მოხდილი ჰქონდა, შესაბამისად, კანონმდებლობა აღნიშნულს ითვალისწინებდა. „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მის მიმართ სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხი განიხილა. აღნიშნული დაკმაყოფილდა, ვინაიდან ის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვისაა გასამართლებული, კანონით, 1/3-ის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია, ეს საკითხი დადგეს, პატიმრობიდან გათავისუფლდა, ის შინა პატიმრობითა და ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა. 3 წელი ჰქონდა მისჯილი, წელიწადი და 3 თვე მოიხადა, დანარჩენს სახლში მოიხდის“, - განაცხადა წერეთელმა. ცნობისთვის, გიორგი ვახტანგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. იგივე მუხლით დააკავეს და 3 წლით აქვს თავისუფლება აღკვეთილი ვახტანგაშვილის უფროსს, გიგა გიგაშვილსაც, თუმცა, მისი საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი, დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გიორგი ვახტანგაშვილთან ერთად ბრალდებული იყო კიდევ 8 პირი, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, 8 პირის მიმართ კი, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მათ საქმეს ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სხდომებს დაესწრება მსჯავრდებული გიორგი ვახტანგაშვილიც.