თეგი: მარკო რუბიო

ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე მარკო რუბიო წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატიდან რესპუბლიკელი სენატორი, მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა. „რუბიო "იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი დამცველი, ჩვენი მოკავშირეების ნამდვილი მეგობარი და უშიშარი მებრძოლი, რომელიც არასდროს დაიხევს უკან ჩვენს მეტოქეებთან", - ამბობს ტრამპი 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. მარკო რუბიო სენატის სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე და სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრია. მარკო რუბიო ჩინეთისა და ირანისადმი მკაცრი პოზიციით გამოირჩევა. რუბიო პლატფორმაზე X წერს, რომ მისთვის პატივია პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან გამოცხადებული ნდობა და აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად იმუშავებს ტრამპის საგარეო პოლიტიკის პროგრამის განსახორციელებლად. „ტრამპის ლიდერობის პირობებში "ჩვენ მოვიტანთ მშვიდობას სიძლიერით და ამერიკელების და ამერიკის ინტერესებს ყოველთვის ყველაფერზე წინ დავაყენებთ," - წერს მარკო რუბიო. რუბიოს კანდიდატურის დამტკიცებას სენატის თანხმობა დასჭირდება. ახალ კონგრესში რესპუბლიკელებს უმრავლესობა ექნებათ. რუბიოს ბოლო პერიოდის ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის დასრულების გზად მიიჩნევს მოლაპარაკებას, რომლისთვისაც კიევს უნდა ჰქონდეს ზემოქმედების რაც შეიძლება მეტი ბერკეტი. 2024 წლის თებერვალში მარკო რუბიო იყო იმ რესპუბლიკელ სენატორებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას. „ვფიქრობ, უკრაინელები წარმოუდგენლად მამაცები და ძლიერები იყვნენ, რათა წინ აღდგომოდნენ რუსეთს,“ - განაცხადა რუბიომ 6 ნოემბერს. „მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, რასაც ჩვენ აქ ვაფინანსებთ, არის ჩიხში მყოფი ომი და ის უნდა დასრულდეს, თორემ ქვეყანა 100 წლით უკან დაბრუნდება,“ აღნიშნა რუბიომ. „მე კომფორტულად ვიგრძნობდი თავს იმ შეთანხმებით, რომელიც დაასრულებს ამ საომარ მოქმედებებს და რომელიც, ვფიქრობ, ხელსაყრელია უკრაინისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ საკუთარი სუვერენიტეტი, რომ არ გახდნენ სატელიტური სახელმწიფო ან მარიონეტული სახელმწიფო, რომელიც მუდმივად მძევლად არის აყვანილი რუსების მიერ. მე არ ვაპირებ რაიმე შეთანხმების წინასწარ განხილვას,“ ციტირებს მის კომენტარს უკრაინული მედია.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის, მისი რეჟიმი ლეგიტიმურ მთავრობას არ წარმოადგენს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის და მისი რეჟიმი ლეგიტიმურ მთავრობას არ წარმოადგენს. შესაბამის განცხადებას „ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიქტატორმა ნიკოლას მადურომ ვენესუელელი ხალხის ნება უარყო და საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელაში დემოკრატიული წესრიგისა და სამართლიანობის აღდგენას კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს. მადურო ნარკოტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული Cartel de Los Soles-ის ლიდერია და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ნარკოტიკების კონტრაბანდაზეა პასუხისმგებელი,“ - აცხადებს მარკო რუბიო. ამერიკელი დეპლომატის თქმით, „წლების განმავლობაში ნიკოლას მადურო ძალაუფლების უკანონო კონტროლის მიზნით ვენესუელის საარჩევნო სისტემის მანიპულაციას ახდენს.“ „28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების მოპარვიდან ერთი წლის შემდეგ მუნიციპალური არჩევნების დანიშვნით, რეჟიმი კიდევ ერთხელ მიზნად ისახავს, რომ ვენესუელელი ხალხის ნება სამხედროებისა და პოლიციელების გამოყენებით ჩაახშოს. ისინი, ვინც არჩევნებს აყალბებენ და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ძალას იყენებენ, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ძირს უთხრიან,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.  

რუბიო: მოსამართლე მორაეშის დასანქცირება გაფრთხილებაა მათთვის, ვინც მოქალაქეების უფლებებს ფეხქვეშ თელავს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ  ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასანქცირება გაფრთხილებაა მათთვის, ვინც მოქალაქეების უფლებებს ფეხქვეშ თელავს. „აშშ-ის პრეზიდენტმა და სახაზინო დეპარტამენტმა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრ დე მორაეში გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში ადამიანთა უფლებების სერიოზული დარღვევისთვის დაასანქცირეს. ეს იყოს გაფრთხილება მათთვის, ვინც თავიანთი თანამოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს ფეხქვეშ თელავს,“ - მოსამართლის მანტია ვერ დაგიცავთ. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ალექსანდრ დე მორაეშს, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ საქმეს განიხილავს, მაგნიტსკის აქტით გათვალისწინებული სანქციები დაუწესა. აშშ მორაეშს წინასწარი პატიმრობის უსამართლოდ შეფარდების პრაქტიკასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები მოიცავს ადამიანების უფლებების დარღვევისა ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს.  

მარკო რუბიო: მშვიდობის მიღწევაზე, რუსეთთან არანაირი პროგრესი არ გვინახავს, ტრამპს ვარიანტები აქვს - მეორადი სანქციები ნავთობზე, საბანკო სანქციები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მშვიდობის მიღწევაზე, რუსეთთან არანაირი პროგრესი არ ჩანს. მან ისაუბრა სავარაუდო ზომებზე, რისი მიღებაც დონალდ ტრამპს შეუძლია. „ვაგრძელებთ რუსულ მხარესთან ჩართულობას, ამ კვირის დასაწყისში - ორშაბათს თუ სამშაბათს. ასევე მთელი საუბარი გვქონდა მათთან - პუტინთან არა, მაგრამ პუტინის ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობების პირთან, იმ იმედით, რომ წინ მიმავალ გზაზე რაიმე გაგებას მივაღწევდით, რომელიც მშვიდობამდე მიგვიყვანს, მაგრამ არანაირი პროგრესი არ გვინახავს. პრეზიდენტს ბევრი ვარიანტი აქვს. მას, როგორც ყველამ იცის, ვარიანტები აქვს ნავთობის მეორადი გაყიდვების დასანქცირების, რუსული ნავთობის გაყიდვებზე მეორადი სანქციების, რაც მათი შემოსავლის უზარმაზარი ნაწილია. არის საბანკო სფერო, სექტორული საბანკო სანქციები, რომლებიც ასევე ძალიან ძლიერი იქნება. კიდევ ერთხელ, ვფიქრობ, რომ ჩვენ იმედია, თავს ავარიდებთ ამას და რამენაირად გამოვნახავთ გზას, რომლითაც შევძლებთ ბრძოლის შეჩერებას. ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო გზა, მაგრამ ღია ვართ ზოგიერთი სხვა გზისთვისაც. საუკეთესო გზა სროლის შეჩერება და საუბრის დაწყებაა. მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენ ვგრძნობთ, რომ რუსული მხარისგან ამ მიზნის მიღწევისთვის გულწრფელი ინტერესი არ არის,” - განაცხადა რუბიომ.  

რუბიოს თქმით, უკრაინას ტერიტორიების დათმობას არავინ აიძულებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ არავინ აიძულებს უკრაინას, დათმოს რუსეთის არმიის მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიები.  „უკრაინელები არ არიან მზად, ამის [ტერიტორიების] დასათმობად და არც არავინ აიძულებს მათ, რომ დათმონ ეს, ასე რომ, თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნება, ასეთი სახის არ იქნება. მაგრამ პუტინი ნამდვილად აყენებს მოთხოვნებს და მართლაც ითხოვს ისეთ რაღაცებს, რასაც უკრაინელები და სხვები არ ემხრობიან, რის დათმობასაც ჩვენ მათ არ ვაიძულებთ და უკრაინელებიც ითხოვენ ისეთ რაღაცებს, რასაც რუსეთი არ დათმობს. მან დღეს კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთიც და უკრაინაც „დათმობებზე უნდა წავიდნენ“ სამშვიდობო შეთანხმებისთვის. რუბიომ NBC news-თან ინტერვიუში ასევე ისაუბრა პოტენციურ ახალ სანქციებზე.  „არ მგონია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მას აიძულებს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. ისინი ისედაც ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ არიან.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ პუტინსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებში „პროგრესი“ მიღწეულია, თუმცა „დიდი უთანხმოება კვლავ არსებობს.“        

აშშ კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ყველა სამუშაო ვიზის გაცემას აჩერებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „აშშ-ის გზებზე მისაბმელიანი სატვირთო მანქანების მართვის მქონე უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს და ძირს უთხრის ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების საარსებო წყაროს,“ - წერს რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთი ნაბიჯი გადადგა სატვირთო მანქანების იმ მძღოლებთან დაკავშირებით, რომლებიც ინგლისურად ვერ საუბრობენ. აპრილში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას იმ წესის აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ში მძღოლებისგან ინგლისური ენის ცოდნის სტანდარტების დაკმაყოფილებას მოითხოვს.  

რუბიო: ამერიკის ვიზები უქმდება მათთვის, ვინც კირკის მკვლელობა იზეიმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, ვიზების გაუქმება „მიმდინარეობს“ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც კონსერვატორი პოდკასტერის ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ. მას Fox News-ის ეთერში ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ვიზების შეზღუდვას ან გაუქმებას მათთვის, ვინც კირკის მკვლელობას აღნიშნავდა. „ამერიკა არ უმასპინძლებს იმ უცხოელებს, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების გარდაცვალებას ზეიმობენ. მიმდინარეობს ვიზების გაუქმება. თუ აქ ვიზით ხართ და პოლიტიკური ფიგურის საჯარო მკვლელობას გულშემატკივრობთ, დეპორტაციისთვის მოემზადეთ. თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის,“ - დაწერა მოგვიანებით რუბიომ X-ზე გავრცელებულ პოსტში. Fox News-თან ინტერვიუში რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზებს არ მისცემს მათ, ვინც კირკის მკვლელობა იზეიმა. ცნობისთვის, 10 სექტემბერს, Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას, ჩარლი კირკი ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, 22 წლის ტაილერ რობინსონი დააკავეს. იუტას შტატის პროკურორები ტაილერ რობინსონის სიკვიდილით დასჯას მოითხოვენ.   

„რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა“ - რა საკითხებზე ისაუბრეს ტრანსატლანტიკურ ვახშამზე

„სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა,“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც 24 სექტემბერს გავრცელდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ „მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით, ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. „მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებას; ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას; ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობას, მათ შორის, იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას, არ მოიპოვოს; ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე დაყენების საქმეში პრეზიდენტის მიღწევას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

მარკო რუბიო: თეორიულად, 10 წელიწადში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება, რუსეთის მშპ-ზე მეტი იყოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეორიულად, 10 წელიწადში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება, რუსეთის მშპ-ზე მეტი იყოს. „როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ყველაზე მარტივი კონფლიქტია, ვფიქრობ, პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ ეს ყველაზე არალოგიკური ომია. თუ ამას ლოგიკურად შეხედავთ, დაასკვნით, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რადგან ტრადიციული გაგებით მასში არავინ იმარჯვებს. კვირაში 7000 რუსი ჯარისკაცი იღუპება, უკრაინის მხარეს ნგრევაზე რომ არაფერი ვთქვათ. ახლა რისთვისაც იბრძვიან 30-50 კილომეტრი და დონეცკის რეგიონის 20%-ია. ჩვენ ვცადეთ და გარკვეულ პროგრესსაც მივაღწიეთ, იმის გასარკვევად, თუ რა არის ის, რასაც უკრაინელები დაეთანხმებიან და მათ უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, რომ თავს არასდროს დაესხმებიან. ვცადეთ, დაგვედგინა, რა არის ის, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ ეკონომიკა აღადგინონ და ქვეყანა წარმატებული გახდეს. თეორიულად, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, 10 წელიწადში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა რუსეთის მშპ-ზე მეტი იყოს,“ - განაცხადა რუბიომ. რუბიოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მარიონეტული სახელმწიფო არ გახდეს და ნამდვილად სუვერენული იყოს. „მსგავს საკითხებს განვიხილავთ: ომის დასრულება, იმის უზრუნველყოფა, რომ მათ თავს არასდროს დაესხმებიან, უკრაინის ხანგრძლივი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა, რომ ის მარიონეტული სახელმწიფო არ გახდეს, ეკონომიკის არა მხოლოდ აღდგენა, არამედ აყვავება. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.  

მარკო რუბიო: აშშ მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს. „ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს რუბიო X-ზე. ცნობისთვის, ირანის ყოფილი შაჰის შვილმა, რეზა ფეჰლევიმ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანში დაბრუნებისთვის ემზადება. ასევე, ფეჰლევიმ ირანის მოსახლეობას მოუწოდა, რომ დემონსტრაციებს შეუერთდნენ. „მოგიწოდებთ, დღეს და ხვალ, საღამოს 6 საათიდან, გამოდით ქუჩებში ეროვნული დროშებითა და სიმბოლოებით. ჩვენი მიზანი მხოლოდ ქუჩებში გამოსვლა აღარ არის, არამედ ჩვენი მიზანი ქალაქების ცენტრების დაკავებაა,“ - აცხადებს ფეჰლევი. ტრამპი ირანის ლიდერებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს  

ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 13 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პროექტის - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი წარადგინეს.  ჩარჩო დოკუმენტის თანახმად, სომხეთი „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობის გრძელვადიან ექსკლუზიურ უფლებებს აშშ-ის მიერ კონტროლირებად კომპანიას 49 წლის ვადით გადასცემს, რომელიც შეიძლება, დამატებით 50 წლით გაგრძელდეს. კერძოდ, კომპანიაში აშშ 74%-იან წილს მიიღებს, ხოლო სომხეთი 26%-იან წილს. ასევე, კომპანია სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ სარკინიგზო ხაზს, გზას, ენერგომომარაგების ქსელებს და სხვა სახის ინფრასტრუქტურას ააშენებს. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სომხეთს „TRIPP-ის გავლით ვაჭრობისა და ტრანზიტის დროს საზღვრის კონტროლსა და საბაჟო ოპერაციებზე სრული უფლებამოსილება ექნება.“ 6-გვერდიანი დოკუმენტი გაგრძელებაა 2025 წლის 8 აგვისტოს დონალდ ტრამპს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, რომლის თანახმადაც, სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოო ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ ისწრაფვიან.  დოკუმენტის თანახმად, პროექტი „დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ერთმანეთთან და შექმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირს „ტრანსკასპიურ სავაჭრო გზაზე“ - რასაც სხვაგვარად, „შუა დერეფანს“ უწოდებენ [რედ]. რა ვალდებულებებს (თუმცა არა სამართლებრივს) იღებს ერევანი, რათა პროექტი, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), განხორციელდეს. შეიქმნება „TRIPP-ის განვითარების კომპანია“ - მოკლედ TDC, - რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს, ხოლო 26%-ს თავისთვის დაიტოვებს. ეს კომპანია იქნება პასუხისმგებელი TRIPP-ის განვითარებაზე; როგორც დოკუმენტში წერია, „არსებობს მოლოდინი“, რომ პროექტის ადმინისტრირების უფლება, „საწყის ეტაპზე“, 49 წლით ექნება. „არსებობს მოლოდინი, რომ შეთანხმება გახანგრძლივდება დამატებით 50 წლით, სომხეთის მთავრობის მიერ დამატებითი კაპიტალის შეტანით, რის შედეგადაც მისი წილი 49%-მდე გაიზრდება,“ - წერია დოკუმენტში. ამასთან, აშშ იტოვებს უფლებას, თქვას საბოლოო სიტყვა კომპანიის მეწილეებისა და საბოლოო ბენეფიციარების რაიმე ფორმით ცვლილების შესახებ - მათ შორის წილის გაყიდვაზე, დონაციაზე, რეორგანიზაციასა თუ სხვა სამართლებრივ პროცესზე. ხაზგასმულია, რომ პროექტის წარმატება დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის „მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე“, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების „სრულ ნორმალიზაციაზე“, აშშ-ის ჩართულობაზე, რეგიონული თანამშრომლობასა და სტაბილურობაზე და სომხეთის ინსტუტიტების ეფექტურობაზე. „TRIPP-ი წარმოადგენს სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. სომხეთი ამ პროექტს მიიჩნევს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული ინტეგრაციის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძვლად,“ - წერია დოკუმენტში. „TRIPP-ის შემუშავება იგეგმება სომხეთის ტერიტორიაზე განსაზღვრული სატრანზიტო მარშრუტების ფარგლებში, - რომლის კონკრეტული ადგილებიც მომავალში დაზუსტდება“; ხაზგასმულია, რომ ეს მოხდება „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ფარგლებში პროექტის ყველა არეალზე სომხეთის სრული სუვერენიტეტის შენარჩუნებით“. „ჩარჩო დოკუმენტი ასახავს კონკრეტულ გზას TRIPP-ის ამოქმედებისთვის, რომლის მიზანი სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მრავალმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებაა. აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილისა და მისი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირებისა და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის დამაკავშირებელი გზის შექმნის პარალელურად, TRIPP-ი ორმხრივ სარგებელს მოუტანს სომხეთის რესპუბლიკას საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი კავშირების თვალსაზრისით. TRIPP-ი პრეზიდენტ ტრამპის მიერ 8 აგვისტოს გამართულ ისტორიულ მშვიდობის სამიტის პრინციპებს ეფუძნება და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს,“ - ნათქვამია თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „ვფიქრობთ, TRIPP-ის შეთანხმება ნამდვილად გახდება მსოფლიოსთვის მოდელი იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ, გახსნათ საკუთარი თავი ეკონომიკური აქტივობისა და კეთილდღეობისთვის.“ მანაც გაუსვა ხაზი, რომ ეს ხდება „სუვერენიტეტის ყოველგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გარეშე.“ ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, TRIPP-ის პროექტი ვაჭრობის, ტრანზიტისა და ენერგეტიკული ნაკადების კუთხით, სამხრეთ კავკასიის პოტენციალს გახსნის, რაც ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაზრდას მთელ რეგიონში.“ „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი იქნება სომხეთისთვის, შესანიშნავია შეერთებული შტატებისთვის, შესანიშნავია ყველა ჩართული მხარისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოდელი იქნება მსოფლიოსთვის.“ რა საკითხებს განიხილავენ მირზოიანი და რუბიო ვაშინგტონში შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე, ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).  

რუბიომ აზერბაიჯანი სომხეთისთვის საწვავის მიწოდების გამო შეაქო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 19 იანვარს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა რუბიომ შეაქო აზერბაიჯანის მთავრობის მიერ სომხეთში საწვავის მიწოდება - მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც აჩვენებს აზერბაიჯანის ერთგულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიმართ, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში გამართულ სამიტზე გაასაჯაროვა. აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნავთობპროდუქტების მორიგი პარტია გაიგზავნა უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით ნდობის აღდგენის სხვა ზომებზე და აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობების პოზიტიური განვითარება შეაქეს. ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს  

სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანელ მაღალჩინოსნებს აშშ-ში ყოფნის პრივილეგია გაუუქმა

სახელმწიფო დეპარტამენტმა უპასუხა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის გაფრთხილებას, რომ სამხედროები ჩახმახზე თითების დადებით მზად არიან, რათა აგრესიაზე რეაგირება მოახდინონ.“ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკამ ირანელ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში გამგზავრების პრივილეგია გაუუქმა. „მას შემდეგ, რაც ირანის ხალხი აგრძელებს ბრძოლას თავისი ძირითადი უფლებებისთვის, [რუბიომ] ამ კვირაში მიიღო ზომები საიმისოდ, რომ ირანელი მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის შეერთებულ შტატებში ყოფნის პრივილეგია გაეუქმებინა,“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი X-ზე განთავსებულ პოსტში. ვაშინგტონი განმარტავს, რომ მათ, ვინც ირანის რეჟიმის სასტიკი ჩაგვრით სარგებლობენ, არ აქვთ უფლება, საიმიგრაციო სისტემით ისარგებლონ. ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების (HRANA) ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმს 28 დეკემბრიდან 6200-ზე მეტი მომიტინგის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ხოლო ინტერნეტთან კომუნიკაციის შეწყვეტის ფონზე, დამატებით, თითქმის 17100 ადამიანი დააკავეს. კითხვას, ჰქონდა თუ არა საუბარი ირანთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და გეგმავს თუ არა ამას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მქონდა და ვგეგმავ. ამჟამად ირანისკენ ბევრი ჩვენი ძალიან დიდი, ძალიან მძლავრი გემი მიცურავს და კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება.“ რა გზავნილი გაუზიარა ირანელებს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანულ მხარესთან საუბრისას ორი მოთხოვნა ჰქონდა: ბირთვული იარაღის აკრძალვა და მომიტინგეების მკვლელობის შეჩერება. „მე მათ ორი რამ ვუთხარი: პირველი, არანაირი ბირთვული იარაღი და მეორე, შეწყვიტეთ მომიტინგეების დახოცვა. ისინი ათასობით ადამიანს კლავენ. იცით, ორი კვირის წინ 837 ადამიანის ჩამოხრჩობა შევაჩერე. მაგრამ მათ რაღაც უნდა გააკეთონ. არავის უნახავს მსგავსი რამ,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.  

რუბიო: ამერიკელებისთვის, ჩვენი სახლი შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თავისი გამოსვლა განცხადებით დაიწყო იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები და ევროპა „ერთმანეთს ეკუთვნიან.“ რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ევროპის კონტინენტის ბედი არასდროს იქნება უმნიშვნელო. „ჩვენ არ გვინდა სუსტი მოკავშირეები. აშშ-ს სურს, იხილოს ევროპა, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავი, რათა არცერთ მოწინააღმდეგეს არ შეექმნას ცდუნება, რომ ჩვენი კოლექტიური ძალა გამოსცადოს.“ რუბიოს თქმით, ევროპასთან ერთად მოქმედება „ხელს შეუწყობს გონივრული საგარეო პოლიტიკის აღდგენას.“ „ამერიკა კეთილდღეობისაკენ მიმავალი ახალი საუკუნის გზას ადგას და გვსურს, ეს თქვენთან ერთად გავაკეთოთ, ჩვენს ძვირფას მოკავშირეებთან და უძველეს მეგობრებთან ერთად," - განაცხადა მარკო რუბიომ.„ჩვენ არ გვინდა ძველი წესრიგის გლობალური ინსტიტუტების დაშლა, რომლებიც ერთად ავაშენეთ, მაგრამ ამ ინსტიტუტებს რეფორმირება სჭირდება,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მიზანი ან სურვილი ტრანსატლანტიკური ეპოქის დასრულება არ არის, არამედ, აშშ „კეთილდღეობის ახალი საუკუნის გზას ქმნის“ და მას ამის გაკეთება ევროპასთან ერთად სურს. „იმ დროს, როდესაც ახალი ამბების სათაურები ტრანსატლანტიკური ეპოქის დასასრულს გვამცნობენ, ყველასთვის ცნობილი და ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არც ჩვენი მიზანია და არც სურვილი. რადგან ჩვენთვის, ამერიკელებისთვის, ჩვენი სახლი შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით.“ თუმცა რუბიო კრიტიკულად აფასებს კლიმატის ცვლილებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებულ ზომებს. მისი თქმით, აშშ-მ და ევროპამ შეცდომები ერთად დაუშვეს და ახლა ვალდებულები არიან, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწორონ. „ჩვენ კარი გავუღეთ მასობრივი მიგრაციის უპრეცედენტო ტალღას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოებების ერთიანობას, ჩვენი კულტურის მთლიანობასა და ჩვენი ხალხის მომავალს. შეცდომები ერთად დავუშვით და ჩვენი ხალხის წინაშე ვალდებულები ვართ, რომ ამ შეცდომებს თვალი გავუსწოროთ. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ ჩვენ, ამერიკელები პირდაპირები ვართ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ ეს ძალიან გვადარდებს. ჩვენ ძალიან გვადარდებს როგორც თქვენი, ისე ჩვენი მომავალი და თუ ზოგჯერ ერთმანეთს არ ვეთანხმებით, ეს ევროპასთან დაკავშირებით ჩვენი წუხილიდან გამომდინარე გამომდინარეობს. ჩვენ დაკავშირებულნი ვართ არამხოლოდ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, სულიერი და კულტურული თვალსაზრისითაც.“ მარკო რუბიოს განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების სასწრაფოდ გარდაქმნაა საჭირო. მისი შეფასებით, გაეროს „უზარმაზარი პოტენციალი“ აქვს, მაგრამ მან ღაზასა და უკრაინაში ომი ვერ მოაგვარა და ხშირად „უძლურია.“ „იდეალურ სამყაროში ეს პრობლემები დიპლომატების მიერ რეზოლუციებით მოგვარდებოდა, მაგრამ ჩვენ იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც ჩვენს მოქალაქეებსა და გლობალურ სტაბილურობას ემუქრებიან, საერთაშორისო სამართლის მიღმა დაიმალონ,“ - განაცხადა მარკო რუბიომ. Reuters-ის ცნობით, დაახლოებით ნახევარსაათიანი გამოსვლის დროს რუბიომ არ ახსენა რუსეთი - კონტინენტის მთავარი გეოპოლიტიკური ბლოკი და არც NATO - კონტინენტის უსაფრთხოების მთავარი ბლოკი. სააგენტო შეჯამების სახით წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შაბათს ევროპელებს ერთიანობის მესიჯი გაუგზავნა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ტრანსატლანტიკური ალიანსის მიტოვებას არ აპირებს, თუმცა ევროპის ლიდერებმა პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს და მათ კურსის შეცვლა სჭირდებათ. ერთიანობის შესახებ გზავნილს მიუნხენის ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე შეკრებილი ევროპელი დიპლომატები და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები შედარებით კარგად შეხვდნენ. რუბიოს გამოსვლა მკვეთრად განსხვავდებოდა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლისგან, რომელიც ერთი წლის წინ, სწორედ მიუნხენში შედგა. მაშინ ვენსი ამტკიცებდა, რომ ევროპის წინაშე ყველაზე დიდი საფრთხე ცენზურა და დემოკრატიული უკუსვლაა — და არა ისეთი გარე გამოწვევები, როგორიც, რუსეთია.  

აშშ ეჭვქვეშ არ აყენებს ევროპული ქვეყნების დასკვნებს ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის თაობაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ბრატისლავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხუთი ევროპული ქვეყნის განცხადებას რუსეთის კოლონიაში ალექსეი ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის შესახებ, აშშ შემაშფოთებელ ცნობად მიიჩნევს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ამ განცხადების შესახებ. ეს შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ჩვენთვის ცნობილია ბატონი ნავალნის საქმე და უდავოდ, არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ეს ეჭვქვეშ დავაყენოთ,“ – განაცხადა რუბიომ ჟურნალისტებთან. კითხვას, რატომ არ შეუერთდა აშშ ხსენებულ განცხადებას, რუბიომ უპასუხა, რომ ეს ევროპული ქვეყნების ინიციატივა იყო. „ჩვენ ასე გადავწყვიტეთ და ეს არ ნიშნავს, რომ შედეგებს არ ვეთანხმებით. უბრალოდ, ეს ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. ხანდახან ქვეყნები დამოუკიდებლად მოქმედებენ, მათ მიერ შეგროვებულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით,“ – აღნიშნა რუბიომ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამერიკა ამ დასკვნებზე „არ დაობს“ და არ აპირებს „კონფლიქტს ამ ქვეყნებთან“ აღნიშნული განცხადების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხუთი ქვეყნის დასკვნები ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის შესახებ, „საინფორმაციო კამპანიად“ შეაფასეს. 14 თებერვალს დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები გამოვიდნენ ერთობლივი განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის კოლონიაში ეპიბატიდინით, ხის ბაყაყის შხამით მოწამლეს. ამ დასკვნამდე დამოუკიდებლად მივიდნენ მკვლევრები, რომლებმაც ნავალნის ბიომასალების ნიმუშები შეისწავლეს.   

მარკო რუბიო: ვგლოვობთ ილია II-ის გარდაცვალებას, მისი სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. „ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ხალხს, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი ლიდერობა და წარუშლელი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდად განისვენოს,“ - ნათქვამია განცხადებაში. 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.  

კალასმა რუბიოს მიმართა, როდის გააძლიერებს აშშ რუსეთზე ზეწოლას: AXIOS-ი სამიტის დეტალებზე

გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ონფორმაციას, რომ პარიზში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის კამათი იყო. გამოცემის ცნობით, პარასკევს, საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰკითხრა, თუ როდის გააძლიერებს აშშ რუსეთზე ზეწოლას. წყაროების ინფორმაციით, კალასმა რუბიოს გასულ წელს „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც რუბიომ პირობა დადო, რომ თუ რუსეთი ომის დასრულების მცდელობებს ხელს შეუშლიდა, მაშინ ვაშინგტონი გადამწყვეტ ზომებს მიიღებდა. „ერთი წელი გავიდა და რუსეთს ნაბიჯი არ გადაუდგამს. როდის ამოიწურება თქვენი მოთმინება?“, - განუცხადა კალასმა რუბიოს პარიზში გამართულ შეხვედრაზე. გამოცემა წერს, რომ კალასის შეკითხვამ რუბიო გააღიზიანა და მას ხმამაღლა უპასუხა. „ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა ეს ომი დავასრულოთ. თუ ფიქრობთ, რომ ამის უკეთ გაკეთება შეგიძლიათ, მაშინ ეს თქვენ გააკეთეთ. ჩვენ გვერდზე გავდგებით,“ - უპასუხა რუბიომ. გამოცემის წყაროების განცხადებით, ვითარების დამშვიდების მიზნით რუბიოსა და კალასს შორის შეხვედრის ბოლოს ცალკე საუბარი შედგა. „ეს მოსაზრებების გულწრფელი გაცვლაა. დიპლომატია სწორედ ამისთვის არსებობს,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Axios-სთან საუბარში. „კალასის პრესსპიკერმა კომენტარზე უარი განაცხადა,” - იტყობინება Axios. გავრცელებული ცნობით, ლიდერების საუბარში ჩაერთო „დიდი შვიდეულის“ სამიტის რამდენიმე მონაწილე, მათ განაცხადეს, რომ კვლავ სურთ, აშშ-მა გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე. Reuters-ი წერს, რომ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან გამართული „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა გამოიყენეს იმის გასახმოვანებლად, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთის ომში აშშ-ის ძალებზე თავდასხმაში ეხმარება. Reuters-ს ორმა დასავლურმა უსაფრთხოების წყარომ და თეირანთან დაახლოებულმა რეგიონულმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ მოსკოვი თეირანს თანამგზავრული ფოტოებით ამარაგებდა და ასევე ეხმარებოდა ირანს დრონების განახლებაში. სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი ეხმარება ირანს შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან კონფლიქტში, ისევე როგორც თეირანი მოსკოვს დაეხმარა უკრაინის წინააღმდეგ ომში.  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა 26 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი „ეხმარება ირანს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაში და მხარს უჭერს თეირანს დრონებით, რათა მას შეეძლოს მეზობელ ქვეყნებსა და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა. Axios-ის სტატიაში მითითებულია რუბიოს კიდევ ერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ ცდილობდა ორივე მხარესთან [უკრაინა და რუსეთი] დალაპარაკებას, თუმცა “ეხმარებოდა მხოლოდ ერთ მხარეს - უკრაინას - იარაღით, დაზვერვითა და სხვა მხარდაჭერით.”  

სიბიგა: აშშ-მა პირობა მოგვცა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღს ახლო აღმოსავლეთში არ გადაამისამართებენ

აშშ-მა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღს ახლო აღმოსავლეთში არ გადაამისამართებენ.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ უკრაინულ გამოცემა „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 27 მარტს საფრანგეთში გაიმართა, ამერიკულმა მხარემ პირობა დადო, რომ PURL პროგრამით უკრაინისთვის შეძენილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას არ გეგმავს. „სახელმწიფო მდივან რუბიოს დონეზე იყო ნათქვამი - არაფერი არსად არ გადამისამართებულა ამ პროგრამიდან სხვა გეოგრაფიულ კუთხეებში და იმ ფონდებიდან, იმ აღჭურვილობიდან, რომელიც უკრაინისთვისაა განკუთვნილი. ამ მომენტისთვის არ არის გეგმები გადამისამართებაზე,“ - განაცხადა სიბიგამ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს მოკავშირეები, რომ უახლოეს თვეებში, შესაძლოა, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეწყდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონი პრიორიტეტს ამ იარაღის ახლო აღმოსავლეთში გამოყენებას ანიჭებს. „ეს ჯერ არ მომხდარა. ჯერ არაფერი გადამისამართებულა, მაგრამ შესაძლებელია. მინდა ნათლად განვაცხადო, თუ შეერთებულ შტატებს სამხედრო საჭიროება ექნება, იქნება ეს ჩვენი მარაგების შევსება თუ შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მისიის შესრულება, ჩვენ ყოველთვის პირველ ადგილზე ვიქნებით,“ - აღნიშნა რუბიომ.  

რუბიო უარყოფს, რომ აშშ-მ კიევს უსაფრთხოების გარანტიები დონბასის დათმობის ნაცვლად შესთავაზა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარყოფს ზელენსკის განცხადებას, რომ აშშ-მ უკრაინას უსაფრთხოების შეთანხმების სანაცვლოდ რუსეთისთვის მიწის დათმობა სთხოვა. საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რუბიომ უარყო ზელენსკის ბოლოდროინდელი კომენტარები და განმარტა, რომ აშშ-ს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ასეთი პირობა არ დაუდია. "ეს სიცრუეა. ვნახე, რომ მან ეს თქვა, რაც სამწუხაროა, რადგან მან იცის, რომ ეს არ არის სიმართლე," - განaცხადა რუბიომ. „რაც მას ვუთხარით, ძალიან აშკარაა: უსაფრთხოების გარანტიები ძალაში ომის დასრულებამდე ვერ შევა, რადგან სხვაგვარად შენ ომში ერთვები. რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტია? ეს ნიშნავს სამხედროებს, რომლებიც მზად არიან, ჩაერიონ და უსაფრთხოება უზრუნველყონ. თუ ამას ახლავე აამოქმედებ, ეს ნიშნავს, რომ შენს თავს ომში რთავ,“ - განაცხადა რუბიომ. ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს განახლება: პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას უპასუხა, რომელშიც მან უკრაინის ლიდერი „ტყუილში“ დაადანაშაულა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არასდროს უთქვამს, რომ აშშ მასზე ზეწოლას ახდენდა. „რაც შეეხება ამერიკის მხარესა თუ სახელმწიფო მდივანს, იცით, როგორც იტყვიან, აისბერგის უდიდესი ნაწილი არ მოჩანს, ხო? ასე რომ, დამიჯერეთ, მე უმცირესი ნაწილი გამოვაჩინე. მე სრულიად გულწრფელად ვლაპარაკობ. ამის ფორმულირება სხვადასხვაგვარად შეგიძლიათ.“ ზელენსკიმ ასევე განმარტა, რა ხდება დიპლომატიურ ასპარეზზე და ის, თუ როდისთვის ჰპირდებიან ამერიკელები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს: „თუკი დღეს რუსეთი ერთობ ულტიმატუმად ჟღერს: რომ ის ომს დაასრულებს მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ... და თუკი ეს ულტიმატუმი ისმის და ამერიკული მხარე ამბობს: „მას შემდეგ, რაც რუსეთი ომს შეწყვეტს, მოგცემთ გარანტიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოგცემთო“, ამის მიმართ შეიძლება სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გქონდეს, მაგრამ ყველა სიგნალი, რომლებსაც მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში ვიღებთ, მეტყველებს იმაზე (და ეს მხოლოდ ჩემი ანალიზი არ არის)... ეს აბსოლუტურად პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას შევძლებთ არა ცეცხლის შეწყვეტამდე, არა ომის დასრულებამდე, არამედ, მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯარები გამოვლენ დონბასიდან, რაც წარმოადგენს ომის დასრულების პირობას.“ ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ხელმოწერა ომის დასრულებამდე, რაზეც ნათქვამი აქვს აშშ-ის პრეზიდენტისთვის და არამხოლოდ მისთვის. „ისინი თითქმის მზად იყვნენ. მსურს, ყველას შევახსენო, რომ ომის დასრულებამდე გვინდა ხელის მოწერა, ისევე, როგორც Prosperity Package-ს. თუმცა ამერიკულმა მხარემ განაცხადა: “არა, ეს მოხდება მხოლოდ ომის დასრულების მომენტში.” მე ვთქვი, რომ ეს გარანტიები არ ამოქმედდება, ამისი ნურავის შეეშინდება. ისინი ამოქმედდება, როცა კონგრესი უყრის კენჭს და კონგრესი კენჭს უყრის ომის დასრულების შემდეგ.“ „გარანტიები ჩვენ გვეძლევა სწორედ მას შემდეგ, როცა დონბასიდან გამოვალთ. ეს არის ახლა ომის დასრულების პირობა. ...ამიტომაც, არავისთვის არაფერი მომიტყუებია. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ასეთი ტრადიცია. უბრალოდ, შესაძლებელია, ეს აღქმული იყო ისე, თითქოს ამერიკელები ახორციელებენ ზეწოლას, რომ ჩვენ გამოვიდეთ [დონბასიდან] და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს. არ ვამბობ, რომ ისინი ახორციელებენ ჩვენზე ზეწოლას. ეს არასდროს მითქვამს არც საჯაროდ და არც სხვაგვარად. ისედაც ყველას გვესმის, რაც ხდება. გონიერ ადამიანებს არ სჭირდებათ გამეორება. ყველა ხედავს, ვინ არის ამ ვითარებაში აგრესორი. ყველა ხედავს, ვინ ახორციელებს ამ ვითარებაში ზეწოლას. ყველა ხედავს, ვინ ვისზე ახორციელებს ზეწოლას,“ - განუცხადებია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სააგენტო "უნიანის" მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ.  

მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ განიხილეს საერთო ინტერესის საკითხები, მათ შორის, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება,“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ,” - წერს თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.  

აშშ და ისრაელი „უსასრულო ომს“ გამორიცხავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის მიზნების მიღწევა „შესაძლებელია სახმელეთო ძალების გარეშე.“ რუბიოს თქმით, „ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის.“ „ამჟამად ჩვენ არ ვართ მზად სახმელეთო ძალებისთვის, მაგრამ ცხადია, პრეზიდენტს ეს ვარიანტები აქვს,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა: „ის არასდროს არაფერს გამორიცხავს.“ მისივე თქმით, ამჟამად, აშშ-ის ყურადღება ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების, ბალისტიკური რაკეტების მარაგებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობების, ასევე, მათი ცალმხრივი თავდასხმის დრონებისა და საზღვაო ფლოტის განადგურებაზეა ორიენტირებული. „მე არ ვაპირებ ჩვენი ტაქტიკური ძალისხმევის დეტალების გამხელას, მაგრამ ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის. შემდეგი ფაზა ირანისთვის კიდევ უფრო სადამსჯელო იქნება, ვიდრე ახლაა,“ - განაცხადა რუბიომ. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს იარაღის საკმარისი მარაგი აქვს სამუდამო ომისთვის და დიდი გამარჯვებისთვის მზად არის. „ჩვენ ამ იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი გვაქვს. შეერთებული შტატები მომარაგებულია და დიდი გამარჯვებისთვის მზად არის,“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. თავის მხრივ, ჯეი დი ვენსის თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, აშშ მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს: „არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა.“ ვენსის თქმით, პრეზიდენტს ერთი მკაფიო მიზანი აქვს, რათა დარწმუნდეს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ შენდება მხოლოდ სამშვიდობო მიზნით გამოსაყენებლად, „როგორც რეჟიმი აცხადებს“, არამედ, ისინი აგებულია ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი უსასრულო ომში გადაიზრდება. „ეს არ არის უსასრულო ომი. სინამდვილეში, ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს, რომელზეც არც კი გვიოცნებია,“ - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა Fox News-თან ინტერვიუში. ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანზე თავდასხმა სასწრაფოდ აუცილებელი იყო, რადგან ის აშენებდა ახალ მიწისქვეშა ობიექტებს, რათა თავისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამები თავდასხმებისგან დაეცვა. ისრაელმა ირანზე „შეტევის ახალი ტალღა“ დაიწყო, აშშ ყველაზე მძიმე დარტყმებს აანონსებს  

ვაშინგტონში, აშშ-უზბეკეთის ბიზნესისა და ინვესტიციების საბჭო დაარსდა

უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საიდა მირზიოევა [უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის შვილი] 7 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, ვაშინგტონში სამუშაო საუზმის ფორმატში შეხვდა.  უზბეკური მედიის ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს აშშ–უზბეკეთის ბიზნესისა და ინვესტიციების საბჭოს ბოლო შეხვედრის შედეგები და აღნიშნეს ერთობლივი ეკონომიკური პროექტების პორტფელის გაფართოება. საიდა მირზიოევამ ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა რუბიოს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში ოფიციალურად ამოქმედდა აშშ–უზბეკეთის ბიზნესისა და ინვესტიციების საბჭო, რომელიც სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაფართოებას ისახავს მიზნად. ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.  „ეს სტრუქტურა [საბჭო] გახდება ეფექტიანი პლატფორმა უზბეკეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბიზნეს კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის. ამას ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტების გადამწყვეტი პოლიტიკური ნება,“ - დაწერა მირზიოევამ Telegram-ზე. 6 აპრილს, საიდა მირზიოევა მარ-ა-ლაგოში შეხვდა საბჭოს თანათავმჯდომარეს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში, ელჩ სერჯიო გორს. მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სერხიო გორი უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საიდა მირზიოევას შეხვდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ტომი პიგოტის განცხადებით, შეხვედრის მიზანი აშშ–უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება იყო. მარკო რუბიომ და საიდა მირზიოევამ ნაყოფიერი დისკუსია გამართეს შეერთებულ შტატებსა და უზბეკეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ გზებზე, რაც მოიცავს კრიტიკული მინერალების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებს.  „შეერთებული შტატები მიესალმება უზბეკეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების, ორმხრივად სასარგებლო კომერციული და უსაფრთხოების პარტნიორობის გაძლიერების; უზბეკეთის სუვერენიტეტისა და რეგიონული ინტეგრაციის მხარდაჭერის შესაძლებლობას,“ - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  უზბეკური მედიის ცნობით, საიდა მირზიოევამ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან განიხილა უზბეკეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი. საიდა მირზიიოევამ თავის Telegram არხზე დაწერა, რომ მან ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უზბეკეთის გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერისთვის. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საიდა მირზიოევა ასევე შეხვდა აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორს ბენ ბლეკს. მხარეებმა პროექტების ფართო პორტფელი და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები განიხილეს.   

მარკო რუბიო სომხეთში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს 26 მაისს ეწვევა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება და აღნიშნავს, რომ გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანისა და მარკო რუბიოს შეხვედრა, რის შემდეგაც, ისინი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა.  

მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას, საქართველოზეც ისაუბრა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც მიუთითებს, რომ მათ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ ვაშინგტონს დიდი ხანია, აქვს შეშფოთებები საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ მიმართულებასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნა, რომ აშშ-მა საქართველოს განუმარტა, რა იქნება საჭირო უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის. „მათ რაღაც ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. ჩვენ აღვნიშნეთ მათთან, რა იქნება საჭირო, რა მოთხოვნები იქნება. გარკვეული დადებითი პასუხები მივიღეთ. ასე რომ, იმედია, რომ საქართველოს შემთხვევაში დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გვესმის, რაც ახლა აღნიშნეთ, ეს ჩვენთვის არსებული პრობლემებია. მათ გვკითხეს, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, რომ ამ საფუძველზე პროგრესს მივაღწევთ და, არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ, მათი ქცევის შეცვლას შევძლებთ,” - განაცხადა რუბიომ. ეს განცხადება მარკო რობუომ, კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

რუბიომ და ლავროვმა მანილაში შეხვედრა გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ფილიპინებში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. AP-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შესახებ მცირე დეტალები გაასაჯაროვა. „მათ განიხილეს აშშ-რუსეთის ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობა,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. რუბიომ მანამდე მანილაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლავროვთან უკრაინის კონფლიქტის საკითხის წამოწევას გეგმავს და რომ აშშ ღიაა კონფლიქტის დასრულებაში როლის შესასრულებლად, „თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება.“ მან აღიარა, რომ ეს მცდელობები „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეულწილად შენელდა“, მაგრამ თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილება არის თუ არა მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა. „ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობა რუსეთის მთავრობასთან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სფეროები, სადაც უთანხმოება გვაქვს,“ - განაცხადა რუბიომ და აღნიშნა, რომ ისინი ორი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოები არიან. თავის მხრივ, ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუბიოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებების შესახებ ჰკითხავდა, ​​სადაც ის ამბობდა, რომ კონფლიქტის მოგვარებას უახლოვდებოდა. „როდესაც ლავროვმა შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დატოვა, მას ჰკითხეს, ეხმარება თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ჯარების დაბომბვაში, რაზეც რეპორტიორს ასეთი პასუხით მიმართა: „ლამაზი ვარცხნილობა აქვს.“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „უკრაინის პრობლემატიკის“ განხილვისას ლავროვმა რუბიოს გააცნო „რეალური მდგომარეობა საბრძოლო შეხების ხაზზე“ და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ დაუშვებელია „კიევის რეჟიმისთვის" იარაღის შემდგომი მიწოდება და ევროპული ქვეყნების მხრიდან „დესტაბილიზაციის“ გამომწვევი პოლიტიკა. სამინისტროს ცნობით, ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისთვის და ერთგულია იმ წინადადებების, რომლებიც ამერიკულმა მხარემ წამოაყენა ანკორიჯში, პრეზიდენტების, პუტინისა და ტრამპის შეხვედრისას. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ანკორიჯში მხოლოდ წინადადებები გამოითქვა და არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმირებული წყაროების თანახმად, აშშ-ის წინადადება იყო ომის შეწყვეტა დონბასზე რუსეთის სრული კონტროლის სანაცვლოდ. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.  

აშშ და ყაზახეთი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობას აძლიერებენ

29 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იერმეკ კოშერბაევმა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გლობალური ნავთობმომარაგების ჯაჭვების სტაბილურობის საკითხზე მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართეს. „მხარეებმა ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობა, მათ შორის კასპიის მილსადენების კონსორციუმის (CPC) მეშვეობით, რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, ყაზახური ნავთობის საიმედო და შეუფერხებელი ექსპორტი განიხილეს,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა. რუბიომ მადლიერება გამოხატა ყაზახეთის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერისთვის და გაღრმავებული ეკონომიკური კავშირების მიმართ ინტერესი გამოხატა. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ საუბარი შეეხო „გაძლიერებულ სტრატეგიულ პარტნიორობას“ და ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის მიერ, დეკემბერში G20-ის სამიტზე აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის მზადებას. დიპლომატებმა დეტალურად შეისწავლეს შავ ზღვაში უსაფრთხოების საფრთხეების შემდეგ ჩინეთის ნავთობის ტანკერების (CPC) გარშემო არსებული სიტუაცია. CHP-ის ცნობით, გასულ თვეში შავ ზღვაში მის ტერმინალთან ახლოს დრონებით თავს დაესხნენ ორ ნავთობტანკერს, რომლებიც იდენტიფიცირებულია, როგორც ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ASIA და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი NISSOS IOS. CHP ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებს ყაზახეთის თენგიზის, კაშაგანის და ყარაჩაგანაკის საბადოებიდან. კონსორციუმმა განაცხადა, რომ 2025 წელს მან 70,5 მილიონი მეტრიკული ტონა ნავთობი გადაზიდა, რომლის 75%-ზე მეტი უცხოელ მწარმოებლებს ეკუთვნით.  

„ჩვენ მიერ არჩეული გზა განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა დასავლეთი მსოფლიოში ლიდერის პოზიციას“ — მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ

ათენში, აკროპოლისის წინ გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიმოიხილა გზა ძველი საბერძნეთის ისტორიიდან ამერიკული ინდუსტრიის აღზევებამდე და ხაზი გაუსვა, რომ დასავლურ ცივილიზაციას დაცემის საფრთხე ემუქრება. რუბიომ აღნიშნა, რომ მსოფლიო „გარდამტეხ ეტაპზეა.“ მისი შეფასებით, ერებმა, განსაკუთრებით ევროპაში, უნდა აღადგინონ კავშირი ძველ ბერძნულ ღირებულებებთან და „ხელახლა ააშენონ ინსტიტუტები და ალიანსები, რათა ერთობლივად გაუმკლავდნენ ამ საფრთხეებს.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შეერთებულმა შტატებმა არჩევანი უკვე გააკეთა.  მან ანტიკური საბერძნეთისა და კლასიკური სახელმწიფო მართვის მაგალითებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ძველ ბერძნებს კარგად ესმოდათ ინტერესების, წინდახედულობისა და ძალის გამოყენების მნიშვნელობის.  თანამშრომლობაზე საუბრის პარალელურად, რუბიომ აღნიშნა, რომ „ერებს არ მოეთხოვებათ საკუთარი უნიკალური იდენტობის დათმობა საერთო ინტერესების აღიარებისთვის.“ რუბიომ, რომელსაც 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად ხშირად მოიხსენიებენ, ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, მსოფლიოს ემუქრება, მათ შორის ირანში მოქმედ „რადიკალ მოლებსა“ და თვითმკვლელ ტერორისტებზე. თუმცა ამერიკის სახელმწიფო მდივნის გამოსვლის ძირითადი ნაწილი უფრო ფართო საფრთხეს დაეთმო; მან მიმდინარე პერიოდი გზაგასაყარად შეაფასა.   ის პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის იმ „კლასიკური გააზრების“ აღდგენის მოწოდებით გამოვიდა, რომლის დაბრუნების იმედიც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს — არამხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი ცივილიზაციისთვის, რაც გულისხმობს ეროვნული სიამაყის აღდგენას — გრძნობისა, რომელიც ძველ ბერძნებს ახასიათებდათ, თუმცა დასავლეთმა მასზე უარი თქვა.მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და ევროპის ტრანსატლანტიკური მეგობრობა არ უნდა იყოს „ნულოვანი ჯამის თამაში“ და მათ ერთად გამარჯვება სჭირდებათ. რუბიომ ასევე გაიხსენა ისტორიული კავშირები, მათ შორის საბერძნეთის 1821 წლის თავისუფლებისთვის ბრძოლა და დასავლური ცივილიზაციის ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები, როგორებიცაა პატივისცემა, მოვალეობა და გმირული მემკვიდრეობა. თავისი გამოსვლის დასასრულს, რუბიო გამოვიდა მოწოდებით, რომ აუცილებელია ამ სულისკვეთების ხელახლა აღმოჩენა და ერთობლივი ძალებით თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა.   რუბიოს გამოსვლა სრულად:   „მსოფლიოს მასშტაბით უამრავ დიდებული ნანგრევი გვხვდება. ხშირ შემთხვევაში, ისეთი ადგილები, სადაც თითქოს ისტორიამ თავისი თავი უკვე ამოწურა — ეს შორეული კულტურების ნაშთებია, რომლებიც დიდი ხანია, ცოცხალ მეხსიერებას გასცდა.   თუმცა აკროპოლისი სულ სხვაგვარია. ათასწლეულების განმავლობაში, ცივილიზაციამ ჩემ უკან აღმართული ნაგებობები შექმნა, რამაც დასავლური სამყაროს წარმოსახვაზე წარუშლელი კვალი დატოვა. ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეების, ხელოვანებისა და ფილოსოფოსების თაობები მას მუდმივად შესცქეროდნენ — აღტაცებითა და მოწიწებით.დროს ახასიათებს აღქმების გაფერმკრთალება: დიდებული გამარჯვებები თუ კატასტროფული მარცხი თითქოს უფერულდება და  სახელმძღვანელოს ფურცელზე დატანილ უმნიშვნელო მინაწერად იქცევა — კიდევ ერთ ფაქტად, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ჯერ იმახსოვრებენ და შემდეგ ივიწყებენ. მაგრამ ანტიკური ხანის ბერძნებს ჩვენს მეხსიერებაზე თითქოს მისტიკური ძალა აქვთ. ისინი კვლავ გვიხმობენ საკუთარ თავიან სამყაროში. ქრისტეს შობამდე 480 წელს, ქსერქსეს ლაშქარი ამ ქალაქში შემოიჭრა და მის სალოცავებს ცეცხლი წაუკიდა. იმ დროისთვის ათენელთა უმეტესობა გემებით უკვე ახლომდებარე კუნძულზე იყო ევაკუირებული. თუმცა მცირე ნაწილმა უარი თქვა მშობლიური კერის დატოვებაზე. მათ თავი აკროპოლისის კლდოვან ციხესიმაგრეს შეაფარეს და უკანასკნელი, გმირული ბრძოლა გააჩაღეს: კლდეებიდან სპარს დამპყრობლებს უზარმაზარ ლოდებს ესროდნენ და დღეთა განმავლობაში იგერიებდნენ იმ ეპოქის უძლიერეს იმპერიას. საბოლოოდ, მტერი მათზე გაბატონდა. სპარსელებმა ტაძრები გაძარცვეს, სალოცავები გადაწვეს და აკროპოლისი მიწასთან გაასწორეს, მაგრამ როდესაც ათენელები დაბრუნდნენ, მათ ძველი აკროპოლისის დამსხვრეული ნაშთები შეაგროვეს და იმავე ბორცვზე დამარხეს, სადაც ის ოდესღაც იყო აღმართული. ათწლეულების შემდეგ კი, პერიკლეს მმართველობისას, მათ პართენონი ააგეს. მას შემდეგ 25 საუკუნე გავიდა და პართენონი კვლავ დგას. მის ჩრდილში იმპერიები აღზევდნენ და დაეცნენ. ხოლო იმ ადამიანთა შთამომავლებმა, რომლებმაც ის ააგეს — ათენისა და რომის შვილებმა — თავიანთი ცივილიზაცია დედამიწის კიდემდე გაავრცელეს. ამერიკის რესპუბლიკის დაარსებიდან ორ-ნახევარი საუკუნის შემდეგ — იმ ადგილიდან, სადაც ახლა ვდგავარ, დედამიწის მეორე მხარეს — მე აქ ვარ როგორც ამ რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი და როგორც ესპანეთიდან ახალ სამყაროში გადასახლებულთა შთამომავალი; აქ ვდგავარ, რათა ვაღიარო ვალი, რომელსაც ვერც დროის დინება და ვერანაირი მანძილი ვერასდროს წაშლის. ამერიკის, ჩემი ქვეყნის ისტორია ანტიკური ხანის კვალს ატარებს. საბერძნეთი პირდაპირი გაგებითაა აღბეჭდილი ჩვენს არქიტექტურაში: ჩვენი დედაქალაქის მაღალ სვეტებში, გუმბათებსა და მონუმენტებში. ქალაქი, სადაც ჩვენი კონსტიტუცია დაიბადა — ფილადელფია — თავადაც ბერძნული სახელწოდებაა. ჩემი ქვეყნის დამფუძნებლებს ხიბლავდა ის მემკვიდრეობა, რომელიც თქვენგან მივიღეთ. ისინი ისტორიის ღრმა მცოდნეები იყვნენ და მკაფიოდ აცნობიერებდნენ საკუთარ უნიკალურ ადგილს მასში, თუმცა წარსულის არცერთ სხვა ეპოქას არ მიუპყრია მათი ყურადღება და წარმოსახვა ისე, როგორც ანტიკურ ხანას. ბევრისთვის მოულოდნელია იმის გაგება, რომ „ფედერალისტის წერილებში“ (Federalist Papers) ყველაზე ხშირად ციტირებული ავტორი არც განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსი ყოფილა და არც პოლიტიკური თეორეტიკოსი. არა, „ფედერალისტის წერილებში“ ყველაზე ხშირად ციტირებული ავტორი პლუტარქე იყო — საბერძნეთისა და რომის დიდებული მოღვაწეების ბერძენი ბიოგრაფი. ბევრი დაწერილა და თქმულა ძველი საბერძნეთის გავლენაზე ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამების იდეებზე — და, ამასთანავე, მათ წინამორბედ ყველა დასავლელ ფილოსოფოსსა თუ სახელმწიფო მოღვაწეზე. ამ ისტორიის ძირითადი ნაწილი ჩვენთვის ნაცნობია: ათენმა მოგვცა დემოკრატია; პლატონმა და არისტოტელემ — დასავლური ფილოსოფია; ხოლო კანონის, სათნოების, მოქალაქეობისა და რესპუბლიკური მმართველობის შესახებ ჩვენი წარმოდგენები სწორედ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში ჩამოყალიბდა. მეტიც, ჩვენი პოლიტიკური ლექსიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც — ისეთი სიტყვები, როგორიცაა დემოკრატია, ტირანია და თავად სიტყვა „პოლიტიკა“ — სწორედ აქედან იღებს სათავეს. ყოველივე ეს სიმართლეა. თუმცა ის, რის გამოც ამ ადგილის ვალი გვაქვს — როგორც ამერიკელებსა და დასავლელებს — გაცილებით ღრმა და არსებითია. ეს ინსტიტუტები და იდეები იმ ფუნდამენტური თვისებების გარეგნული გამოვლინება იყო, რომლებიც ძველ ბერძნებში შეგვიძლია, ვიხილოთ — თვისებებისა, რომელთა დაყვანაც რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ სისტემასა თუ თეორიამდე შეუძლებელია. სწორედ აქ, ათენში, ვიხილეთ იმ არსებითი ნიშან-თვისებების პირველი სრულფასოვანი გამოვლინება, რომლებმაც შემდგომში დასავლეთის სახე განსაზღვრა: მტკიცე ინდივიდუალიზმი და დაუოკებელი ამბიცია; კვლევა-ძიება და ინოვაცია; აღმოჩენის, თავგადასავლის, რისკისა და დიდების წყურვილი. სამყაროსა და მისი მოქმედების პრინციპებისადმი დაუოკებელი ინტერესი; ბუნების საიდუმლოებათა შეცნობისა და კოსმოსური საიდუმლოებების ამოხსნის სურვილი. შეურიგებლობა „შეუძლებლობის“ ცნებასთან, ყველა საზღვრისა და შეზღუდვის გადალახვის სურვილი. ეს არ ყოფილა მხოლოდ რომელიმე ფილოსოფიური სკოლის ფორმულები თუ დოგმები. ეს იყო ხალხის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც აისახებოდა მათ ტრადიციებში, თქმულებებსა და წარმოსახვაში; იმ თვისებებში, რომლებსაც ისინი მოქალაქეებისგან მოითხოვდნენ; და იმ ღირებულებებში, რომელთა გამოც ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ და კვდებოდნენ. მათი შეცნობა საკუთარი თავის შეცნობას ნიშნავს. სწორედ აქ აყვავდა დასავლური სწრაფვა იმისკენ, რომ გამოეაშკარავებინათ ყველაფერი, რასაც უმეცრება, სიბნელე და სიშორე ადამიანის გონებისგან მალავდა. ბერძნებს ისტორია მხოლოდ არ შეუქმნიათ; მათ თავად ისტორია გვაჩუქეს. ბევრი რამ, რაც უძველესი ცივილიზაციების შესახებ ვიცით, თითქმის მთლიანად ბერძენი მკვლევრებისა და ისტორიკოსების ჩანაწერებიდან მომდინარეობს — ადამიანებისგან, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარი ხალხის ისტორიას აღწერდნენ, არამედ შორეულ მხარეებშიც მიემგზავრებოდნენ, რათა დაეკვირვებინათ და აღეწერათ სხვადასხვა ხალხისა და კულტურის ამბები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაშინ, როცა სხვები საკუთარ თავში იყვნენ ჩაკეტილნი, ბერძნები პირველები იყვნენ, ვინც მზერა გარეთ მიაპყრეს და უცხოსა და ახლის ხილვით გამოწვეული აღტაცებისა და დიდების ძიება დაიწყეს. სწორედ ამ თვისებამ უბიძგა დასავლეთს ისეთი რამეების შექმნისა და აშენებისკენ, რაც სხვებს არ შეეძლოთ; სწორედ ამან გამოგვარჩია იმ მრავალი სხვა კულტურისა და ცივილიზაციისგან, სადაც სტაბილურობა და არსებობის შენარჩუნება ცხოვრების უმაღლეს მიზნად მიიჩნეოდა. ბერძნებისგან მხოლოდ შეუცნობის ამოცნობის ამბიცია არ მიგვიღია; ჩვენ მათგან მივიღეთ რწმენაც, რომ შეუცნობლის შეცნობა შესაძლებელია. ეს არის რწმენა იმისა, რომ სამყაროს აღწერა, გაზომვა, რუკაზე დატანა და გააზრება შეიძლება; რომ კოსმოსს აქვს რაციონალური წესრიგი, რომელსაც გარკვეული ფუნდამენტური კანონები მართავს — კანონები, რომელთა დაკვირვებაც ადამიანებს შეუძლიათ და რომელთა გააზრებაც გონებას ძალუძს. ეს იყო დასავლური აზროვნების საფუძველი: ჩვენი მათემატიკის, ჩვენი მეცნიერების, ჩვენი მედიცინის, ჩვენი ფილოსოფიის, ეთიკისა და რელიგიის. მან გზა გაუხსნა იესო ქრისტეს სახარებას, რომ ევროპაში ნაყოფიერი ნიადაგი ეპოვა და ქრისტიანული სამყაროს იმპერიაში აყვავებულიყო. ეს იყო ქრისტიანული თეოლოგიის სიმდიდრის - ავგუსტინესა და აკვინელის და ბუნებრივი სამართლის მთელი ტრადიციის - საფუძველი. მან წარმოშვა ცივილიზაცია, რომელიც არამხოლოდ საერთო კულტურით, არამედ საერთო ანთროპოლოგიითაც იყო გამორჩეული - საერთო ხედვით ადამიანისა და სამყაროში მისი ადგილის შესახებ. მის შთამომავლებს აერთიანებდათ არამხოლოდ ბუნებრივი წესრიგის იდეა, არამედ სათნოების, ბედისწერისა და ბედ-იღბლის, ჭეშმარიტების, სიკეთისა და სილამაზის გაგება, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა, ობიექტური სტანდარტებითა და იდეალებით, რომელთაკენაც უნდა ისწრაფვოდნენ. ანტიკური ხანის ბერძნებისთვის სრულყოფილებისკენ სწრაფვა ადამიანის არსებობის მთავარი პრინციპი იყო. მათ მთელი სამოქალაქო ცხოვრება შეჯიბრის, ამბიციისა და კონკურენციის გარშემო მოაწყვეს: ფილოსოფიასა და პოეზიაში, ქანდაკებასა და დრამაში, სპორტსა და ხელოვნებაში, ომსა და სახელმწიფოებრივ ხელოვნებაში. კლასიკური ბერძნული ქალაქი იყო ასპარეზი, სადაც დიდ ადამიანებს საკუთარი თავის გამოცდა და დამტკიცება შეეძლოთ, სადაც მუდმივი ბრძოლით სრულყოფდნენ თავიანთ შესაძლებლობებს – ცდილობდნენ ყოფილიყვნენ საუკეთესოები, უძლიერესები, ულამაზესები და სულ უფრო ახლოს ყოფილიეყვნენ სრულყოფილებასთან. ახლა ვიცი, რომ თანამედროვე ადამიანისთვის, ის, რაც ახლახან აღვწერე, ცხოვრების ეს წესი, შეიძლება უცნაურად და სასტიკადაც კი ჟღერდეს. ჩვენი დროის მრავალი იდეოლოგიის იდეალად, გულწრფელად რომ ვთქვათ, იქცა სრულყოფილი უსაფრთხოების სამყარო – რისკისა და მარცხის გარეშე, სადაც არც გამარჯვების დიდებაა და არც დამარცხების სირცხვილი. დღესდღეობით ძალიან ხშირად ჩვენ ვქმნით ჩვენს სტანდარტებს ისე, რომ არავინ წააგოს; ჩვენ უფრო მეტად ვართ დაკავებულნი სუსტის კომფორტით, ვიდრე საუკეთესოს პოტენციალით.  ადამიანები, რომლებმაც პართენონი შექმნეს, ზემოთ აშენებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ცხოვრებაში უმაღლესი და ყველაზე კეთილშობილური მისწრაფება იყო ყველა დანარჩენზე მეტის გაკეთება, ყველაფერში საუკეთესოდ ყოფნის სურვილი. ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები სავსე იყო ინტენსიური ვნებით, მეტოქეობით, ჯგუფებითა და კონფლიქტებით. მაგრამ ამ მუდმივი ბრძოლიდან ხელოვნების, ფილოსოფიის, პოლიტიკური და ინტელექტუალური ენერგია წარმოიშვა, რომელმაც ხმელთაშუა ზღვის ქალაქების ერთობლიობა მსოფლიოში უდიდესი ცივილიზაციის სამშობლოდ აქცია. თიმოსი, როგორც მას ძველი ბერძნები უწოდებდნენ - ვნების, ძალის, გამბედაობის, სიამაყის ცეცხლი - დიდი ცივილიზაციის გულია. და მის გარეშე? მის გარეშე, ერები კარგავენ ბრძოლის სურვილს, გადარჩენის სურვილს. დღეს დასავლეთის ძალიან დიდმა ნაწილმა დაივიწყა ეს თვისება. დროთა განმავლობაში, ჩვენ, დასავლეთში, სირცხვილის გრძნობა გაგვიჩნდა იმ ყველაფრის გამო, რაც გვხდის გამორჩეულს; რომ ჩვენი მიღწევები გამოგვარჩევს დანარჩენი მსოფლიოსგან. ჩვენი კეთილდღეობა რატომღაც დანაშაულის წყაროდ იქცა. ჩვენ აღარ გვჯეროდა, რომ ვიმსახურებდით და დავიმსახურეთ ჩვენი სიდიადე. სიტყვა „ნაციონალიზმი“ ბინძურ სიტყვად იქცა. ამიტომ ჩვენ დავანგრიეთ ჩვენი ძეგლები; დავგმეთ ჩვენივე ისტორია. და ძალიან ბევრ ადგილას ვასწავლეთ ჩვენს შვილებს, რომ შერცხვენოდათ იმ ქვეყნების, რომლებსაც ისინი მემკვიდრეობით მიიღებდნენ. ამ პროცესში გავხსენით საზღვრები, ჩვენი მრეწველობა საზღვარგარეთ გადავიტანეთ და დავუშვით, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები დასუსტებულიყო. ყოველ მომდევნო წელს თითქოს ჩვენი სუვერენიტეტის სულ უფრო დიდ ნაწილს სხვებს, გადაწყვეტილებების მიღების უფლებას კი, გლობალურ ბიუროკრატიებს ვაბარებდით, რომლებიც ჩვენი კონტროლის მიღმა იყვნენ. მაგრამ სხვები ძალიან ბედნიერები იყვნენ იმ ვაკუუმის შევსებით, რომელიც ჩვენ დავტოვეთ - ვაკუუმის, რომელიც ჩვენი სისუსტის გამო დარჩა. და როდესაც დასავლეთის თავდაჯერებულობა შეირყა, მისი მოწინააღმდეგეები და მეტოქეები კიდევ უფრო თავდაჯერებულები გახდნენ, ჩვენს ნაცვლად საკუთარი სიმდიდრე და ძალაუფლება დააგროვეს. და ახლა, დღეს, ჩვენ გზაჯვარედინზე აღმოვჩნდით. რადგან შემდეგი ათწლეული და ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაწერს შემდეგი საუკუნის ისტორიას. ჩვენ მიერ არჩეული კურსი განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა დასავლეთი თავის ადგილს მსოფლიოს სათავესთან, თუ შეეგუება ატროფიის, მონობისა და დაცემის მომავალს. ჩვენ ან ახლა ვიმოქმედებთ, ან საერთოდ დავკარგავთ მოქმედების არჩევანს. პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს შეერთებულმა შტატებმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ მტკიცე მისწრაფებას ეროვნული ძალაუფლებისკენ, რათა დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს კრიტიკულ მომარაგების ჯაჭვებზე, განვახორციელოთ ჩვენი ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაცია, აღვადგინოთ ჩვენი თავდაცვა და ვიბრძოლოთ მომავლის ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიების დომინირებისთვის.“ მიუხედავად თავიანთი ამაღლებული იდეალებისა, ძველი ბერძნები გულუბრყვილოები არ ყოფილან.მათ ესმოდათ, რომ ერებს ინტერესები აქვთ. ესმოდათ, რომ სახელმწიფო მართვა წინდახედულობასა და დიპლომატიას მოითხოვს, მაგრამ ასევე მოითხოვს ძალის გამოყენების უნარს მაშინ, როდესაც წინდახედულობა და დიპლომატია შედეგს ვერ აღწევს. მათ ესმოდათ, რომ ძალაუფლება მხოლოდ თავის დაცვის საშუალებების ქონას არ ნიშნავს – საჭიროა სხვებს სჯეროდეთ, რომ ამ საშუალებების გამოყენებისთვის მზად ხარ. ეს არის პოლიტიკისა და სახელმწიფოებრივი ხელოვნების კლასიკური გაგება, რომლის აღდგენასაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს – არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ჩვენი ცივილიზაციისთვის.ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია ხანგრძლივი ძილიდან გამოღვიძება და იმ ცეცხლის ხელახლა გაღვივება, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო.ამის ნიშნები უკვე არსებობს. ამ კონტინენტზე ვხედავთ იმას, რაც, იმედი გვაქვს, თაობათა ცვლილების დასაწყისი იქნება: თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდა, ახალი პარტნიორობებისა და პროგრამების სწრაფი განვითარება, წარმოებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაფართოება – იმ ისტორიული თავდაცვითი ვალდებულებების შემდეგ, რომლებიც გასულ წელს ჰააგაში მოხდა. საბერძნეთი ამ ცვლილებების ცენტრში იყო.ამ ქვეყნის ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუცვლელი მეგობარია როგორც ევროპისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის – ენერგეტიკიდან მიგრაციამდე და თავდაცვამდე, სადაც საბერძნეთი სამაგალითო მოკავშირეა. და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მთელი ევროპა თქვენს მაგალითს მიჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ვნებებმა შესაძლოა, ზოგჯერ დაძაბოს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის მეგობრული კავშირები, არ უნდა დავუშვათ მათი გაწყვეტა. ერთად უნდა გავაძლიეროთ ალიანსი, რომელსაც შეუძლია, გაუმკლავდეს ჩვენი ეპოქის საფრთხეებს. ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან არ გვჯერა, რომ ტრანსატლანტიკური მეგობრობა ნულოვანი ჯამის თამაში უნდა იყოს.პირიქით: ჩვენი ხედვა არის ალიანსი, რომლის ძალაც მისი შემადგენელი ნაწილების ძალთა უბრალო ჯამზე მეტია.ამ ხედვის სისრულეში მოყვანა სულ გასულ თვეში ვიხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დანიასა და გრენლანდიას შორის უპრეცედენტო ახალი შეთანხმების დროს -  შეთანხმებისა, რომელიც არქტიკას გარდაქმნის და მთელი NATO-ს უსაფრთხოებას გააძლიერებს. ამ შეთანხმების სამივე მონაწილე გამარჯვებულია. მთელი ევროპა, NATO და ამერიკის შეერთებული შტატები ამის შედეგად, უფრო უსაფრთხო, ძლიერი და დაცული გახდა.ჩვენ გვინდა ერთად გამარჯვება.ერთად უნდა გავიმარჯვოთ. დღეს მოდური გახდა წარმოდგენა, თითქოს განათლებული საგარეო პოლიტიკა საკუთარი ხალხის ინტერესებზე მაღლა გლობალური საზოგადოების ინტერესების დაყენებას ნიშნავს. ვფიქრობ, აქაც ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ძველი ბერძნებისგან, რომლებმაც იცოდნენ, რომ საკუთარი ერის ერთგულებაში არაფერია ეგოისტური ან არასწორი. ისევე, როგორც არაფერია ეგოისტური ან არასწორი იმაში, რომ უპირველეს ყოვლისა საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად იბრძოლო. მათ სჯეროდათ „დიდი ადამიანის“ იდეალის — გამორჩეული პიროვნებისა, რომელიც თავისი საქმეებით უკვდავებას მოიპოვებს. მათ ასევე სწამდათ, რომ დიდება და სახელი ძალისხმევით, მსხვერპლის გაღებითა და ისეთი საქმის კეთებით მოიპოვება, რომლის მნიშვნელობაც თავად პიროვნებას აღემატება. ძველი ბერძნული სამყაროს გმირი იყო ადამიანი, რომელიც მზად იყო, ნებისმიერი ფასი გადაეხადა იმ საქმისთვის, რომლის ერთგულებასაც საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა. სოკრატეს მაგალითზე ვხედავთ ადამიანს, რომელმაც ჭეშმარიტების ძიებაზე უარი არ თქვა მაშინაც კი, როცა ამისთვის საკუთარი სიცოცხლის გაწირვა მოუხდა. ამის მაგალითია ლეგენდარული ბრძოლა, რომელშიც 300 სპარტელი — სპარსელთა უზარმაზარი ლაშქრის ალყაში მოქცეული და ძალთა უთანასწორობის წინაშე სრულიად უმწეო მდგომარეობაში მყოფი მეომრები — საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობის მიუხედავად, სიკვდილამდე ბრძოლასამჯობინებდნენ, ვიდრე პოზიციები დაეთმოთ ან თავიანთი მოვალეობისთვის ეღალატათ. ამასვე ვხედავთ აქილევსის ეპიკურ მითში: მას არჩევანი შესთავაზეს — დაბრუნებულიყო სამშობლოში და ხანგრძლივი, მშვიდი ცხოვრებით ეცხოვრა, თუმცა მან ტროასთან დარჩენა და მარადიული დიდების მოსაპოვებლად სიკვდილი არჩია. სწორედ ამ თვისებებმა ჩამოაყალიბა დასავლური სამყაროს ზნეობრივი წარმოდგენები. ქრისტიანი მოწამიდან, რომელმაც რწმენის ღალატს სიკვდილი არჩია, პატრიოტამდე, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა; წმინდა თომას მორიდან ალამოს ბრძოლამდე — ამ ტრადიციას გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის უკვდავი დასკვნითი სიტყვებიც: „ჩვენ ერთმანეთს აღვუთქვამთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს ქონებასა და ჩვენს წმინდა ღირსებას.“ დასავლეთმა მოვალეობის გრძნობა სწორედ ძველი ბერძნებისგან მემკვიდრეობით მიიღო — ეს არის ურყევი ერთგულება საკუთარი პრინციპების, საქმისა და სამშობლოს მიმართ. დასავლეთის გმირები ისინი არიან, ვინც მოვალეობის ერთგული სწორედ მაშინ რჩებიან, როცა ამის გაკეთება ყველაზე რთული და მტკივნეულია: ადამიანი, რომელიც საკუთარ სიტყვას არ ღალატობს; ჯარისკაცი, რომელიც პოზიციას არ ტოვებს; კაპიტანი — ის კაპიტანი, რომლის შესახებაც საყოველთაოდ ცნობილ გამოთქმაშია ნათქვამი, რომ გემთან ერთად იძირება. ეს სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც დღესაც ვხედავთ, მაგალითად, ირანის რადიკალი მოლების მსგავსი ფანატიკოსების შემთხვევაში. მათი სიკვდილის კულტი ბავშვ თვითმკვლელ ტერორისტებს ეროვნულ გმირებად წარმოაჩენს, ხოლო მოწამეობას თვითმიზნად აქცევს. ჩვენი გმირები — ჩვენი გმირები შეიძლება, მზად იყვნენ, თავიანთი საქმისთვის სიცოცხლე გაწირონ, მაგრამ ისინი სიკვდილს არ ეთაყვანებიან. სწორედ იმიტომ, რომ სიცოცხლეს ვაფასებთ, ვაცნობიერებთ იმ ადამიანების გმირობას, რომლებიც საკუთარი პრინციპების ღალატს სიცოცხლის გაწირვას ამჯობინებენ. დღეს დასავლურ წარმოდგენებს გმირობის, ღირსებისა და მოვალეობის შესახებ თავისთავად ცხად ჭეშმარიტებად მივიჩნევთ. გვგონია, რომ ეს ღირებულებები ყველა ეპოქასა და ყველა საზოგადოებაში, ყველა ადამიანისთვის უნივერსალურია. სინამდვილეში ასე არ არის. ისინი განსაკუთრებული ხასიათისა და მსოფლმხედველობის შედეგია — იმ თავისებურებებისა, რომლებიც სწორედ აქ ჩამოყალიბდა და შემდგომი ცივილიზაციის მთელ ისტორიას დაედო საფუძვლად. დღეს კი ამ ცივილიზაციის დაცვა ისეთივე შემართებით გვმართებს, როგორითაც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. პართენონის მშენებლებს ევროპის ქრისტიანული ცივილიზაციის არქიტექტორები მოჰყვნენ, რომლებმაც მილანის, კიოლნისა და ფლორენციის დიდებული ტაძრები აღმართეს. ადამიანის სხეულის სრულყოფილი ფორმის ძიებამ, რომელიც ძველ ბერძენ მოქანდაკეებს შთააგონებდა, ახალი გამოხატულება მიქელანჯელოს შემოქმედებაში ჰპოვა. ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სამყაროს მოწყობის კანონზომიერებების ძიების ტრადიცია კოპერნიკმა გააგრძელა, შემდეგ — გალილეომ, კეპლერმა და ნიუტონმა. ახალი ცოდნის წყურვილმა განაპირობა მაგელანის პირველი ექსპედიცია დედამიწის გარშემო, კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენა და, საბოლოოდ, „აპოლო 11-ის“ მოგზაურობა მთვარეზე. ალექსანდრეს, რომელმაც იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო, მამოძრავებელი თვისებები მოგვიანებით კეისარში, შემდეგ კარლოს დიდსა და კორტესშიც გამოვლინდა. ამერიკაში კი იმავე ტრადიციამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. უკიდეგანო, აუთვისებელი მიწა დასავლური წარმოსახვისა და ამბიციების ხელახალი აღორძინების ასპარეზად იქცა. ახალი ჰორიზონტებისკენ სწრაფვა, რომელიც ძველ ბერძნებს ახასიათებდათ, ამერიკაში საზღვრების გადალახვისა და ახალი მიწების ათვისების სულისკვეთებად ჩამოყალიბდა. ათენისა და რომის ცივილიზაციამ კი ახლად წარმოქმნილი, პატარა რესპუბლიკა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლს მოიცავდა, კონტინენტურ იმპერიად აქცია. ყოველი თაობის უდიდესი ამერიკელები თავიანთ წინაპართა განუმეორებელ თვისებებს ატარებდნენ. მათი ფესვები ათენში იყო, მათი მსოფლმხედველობა რომმა ჩამოაყალიბა, ისინი ქრისტიანულმა ცივილიზაციამ მონათლა, შუა საუკუნეების ევროპის მკაცრმა გამოცდილებამ გამოაწრთო, ინგლისელთა თავისუფლებისმოყვარე გენიამ აღჭურვა, შემდეგ კი ატლანტის ოკეანის გადაღმა, ახალი სამყაროს ნაპირებზე გადაიტანა, სადაც ეს მემკვიდრეობა ხელახლა დაიბადა. ახლა ჩვენც ერთად უნდა დავუბრუნდეთ ამ სულისკვეთებას და ხელახლა აღმოვაჩინოთ იგი. ჩვენ გარდამტეხ მომენტში ვიმყოფებით — ეს გარდამტეხი ეტაპია არამხოლოდ ჩემი ქვეყნის ისტორიაში, არამედ მთელი ჩვენი ცივილიზაციის ცხოვრებაში. დღეს არსებული საფრთხეები ისეთივე რეალური და სერიოზულია, როგორიც ანტიკური ხანის დრამატულ სცენაზე იყო. საერთაშორისო ინსტიტუტების შექმნას ეროვნული ინტერესები არ გაუქრია. ომები არ შეწყვეტილა მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობა ვისურვეთ. სხვა სახელმწიფოები კვლავ განაგრძობდნენ შეიარაღებას, გავლენის მოპოვებასა და კონკურენციას ტერიტორიების, ტექნოლოგიების, რესურსების, ბაზრების, ენერგიისა და ძალაუფლებისთვის. ახლა კი ომი კვლავ დაბრუნდა. დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენციაც განახლდა. კვლავ ვაწყდებით მოწყვლადობას, აგრესიას, ტერორიზმს — საფრთხეებისა და თავდასხმების მთელ ახალ სპექტრს. ამიტომ აუცილებელია, განვაახლოთ ჩვენი ინსტიტუტები და ალიანსები, რათა ამ საფრთხეებს ერთობლივად გავუმკლავდეთ. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ მათი მიზანი ამ გაერთიანებებში შემავალი სახელმწიფოების სუვერენიტეტის გაუქმება კი არა, მისი დაცვაა, რათა სახელმწიფოებს არ სჭირდებოდეთ საკუთარ იდენტობაზე უარის თქმა საერთო ინტერესების აღიარებისთვის. ამ თანამშრომლობის მოდელი ჩვენმა ბერძენმა პარტნიორებმა და ჩვენ ერთად უკვე შევქმენით. ეს გამოიხატება თავდაცვის სფეროში ჩვენს პარტნიორობაში, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობასა და საერთო მისწრაფებაში, დავიცვათ ევროპის საზღვრები მასობრივი მიგრაციით გამოწვეული საფრთხეებისგან. ჩვენი მეგობრობა ჩემი ქვეყნის ისტორიის პირველივე წლებს უკავშირდება. როდესაც 1821 წელს საბერძნეთი ოსმალთა მრავალსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ დამოუკიდებლობის აღსადგენად აღდგა, ამერიკელებმა ამ ბრძოლაში მათთვის ნაცნობი რამ დაინახეს. სამი წლის შემდეგ ამერიკის დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ, დენიელ ვებსტერმა, კონგრესში ცნობილი სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდა ამერიკული რესპუბლიკის წარმომადგენელთა წინაშე საბერძნეთის რევოლუციის საკითხი დააყენა და მის მხარდაჭერას შეუწყო ხელი. თავისი გამოსვლა მან დამსწრეთა ყურადღების მიპყრობით დაიწყო — მათ გარშემო არსებული ყველაფრისკენ მიუთითა. აი, რა თქვა მან: „მმართველობის ეს თავისუფალი ფორმა, ეს სახალხო კრება... თავისუფალი დებატებისა და საჯარო განხილვის ეს პრაქტიკა, აზრთა შეჯიბრი... თვით შენობაც კი, რომელშიც ჩვენ ვიკრიბებით, მისი პროპორციული სვეტები და მორთული არქიტექტურა — ყველაფერი გვახსენებს, რომ საბერძნეთი არსებობდა და რომ ჩვენ, ისევე როგორც დანარჩენი კაცობრიობა, მის წინაშე დიდად დავალებულნი ვართ.“ ეს სიტყვები დღესაც ისეთივე ჭეშმარიტია, როგორიც მაშინ იყო, როცა ვებსტერმა ისინი წარმოთქვა. ყველამ — არამხოლოდ ამერიკელებმა, არამედ ევროპელებმა და დასავლეთში ჩვენმა მეგობრებმაც — ხელახლა უნდა შევისწავლოთ ის გაკვეთილები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა ამ მიწისა და მისი ისტორიისგან მიიღეს. საბერძნეთის ისტორია მხოლოდ ჩვენი ინსტიტუტების ადრეული ფორმების სურათს კი არ გვთავაზობს — ის საკუთარი თავის დანახვის საშუალებას გვაძლევს. იგი გვახსენებს, რომ დიდი გმირების მემკვიდრეები ვართ და გვაქვს მიზეზი, ვიამაყოთ — განსაკუთრებულად ვიამაყოთ — იმით, საიდან მოვდივართ. აღტაცებით უნდა შევხედოთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა ამ მიწაზე შექმნეს. ჩვენი ცივილიზაციის ისტორია კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ამბავია. და ეს ყველაფერი აქ, დასავლეთის პირველ წარმომადგენელ ქალებსა და კაცებთან დაიწყო. სწორედ მათგან შეგვიძლია, კვლავ ვისწავლოთ ის სათნოებები, გამბედაობა და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება.“ ცნობისთვის, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მმართველობის ორივე ვადის განმავლობაში ცდილობდა, გაეტარებინა პოლიტიკა  — „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, მან ტრადიციული მოკავშირეების თუ ხანგრძლივი სავაჭრო პარტნიორების მიმართ უფრო დაპირისპირებისკენ მიდრეკილი პოზიცია დაიკავა. ექვსი თვის წინ ტრამპი კვლავ დაიმუქრა, რომ აშშ-ს NATO-ს ალიანსიდან გამოიყვანდა; ის ხშირად აკრიტიკებდა ორგანიზაციას და წევრ ქვეყნებს თავდაცვის სფეროში უფრო დიდი შენატანების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა. საბერძნეთში რუბიოს ვიზიტი NATO-ს მოკავშირე ქვეყნებში მისი ტურნეს ნაწილი იყო, რომელიც ისლანდიასა და პორტუგალიაში ვიზიტებსაც მოიცავდა.  

რატომ არის დონეცკი რუსეთ-უკრაინის ომის მთავარი საკითხი და რა საფრთხეს უქმნის კიევს თავდაცვითი ხაზის დაკარგვა — მარკო რუბიო „კონფლიქტის მთავარ არსზე“

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, დონეცკის ოლქში არსებული უკრაინის თავდაცვითი ხაზი რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის ბოლო ზღუდეა, რომლის დათმობის შემთხვევაშიც კიევისკენ გზა გაიხსნება. მისი თქმით, სწორედ ამ ტერიტორიის კონტროლია რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ეს თემა მან გამოცემა Breitbart-თან ინტერვიუში განიხილა. მისი განცხადებით, „სინამდვილეში, ეს ომი უკრაინის ერთ ნაწილს — დონეცკის ოლქს ეხება. რუსეთს ამ ტერიტორიის თითქმის მთელი ნაწილი აქვს ოკუპირებული და მხოლოდ დაახლოებით 11%-ს ვერ აკონტროლებს.“ ამავე ინტერვიუში რუბიო ამბობს, რომ ამ ომში ვერავინ იმარჯვებს.  Europetime ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ეხება. _როგორ აფასებთ ბოლო მოვლენებს: პრეზიდენტმა რუსეთთან დიზელთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია და ორივე მხარეს მოუწოდა, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეეწყვიტათ. როგორც ჩანს, არცერთი მხარე ამ მოწოდებას არ ასრულებს. პირველ რიგში, ზოგადად რომ შევხედოთ საკითხს, რეალურად როგორ შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება? ამასთან, ცოტა მეტი გვითხარით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებზეც. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო: დიახ. ნება მომეცით, ეს საკითხი ორ ნაწილად გავყო, რადგან ორივე მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანით: საბოლოო ჯამში, შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ყველა ჩვენგანის, ვინც მის ადმინისტრაციაში ვმუშაობთ, მოვალეობაა, უზრუნველვყოთ, რომ ყველაფერზე წინ აშშ-ის ეროვნული ინტერესები იდგეს. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. სხვა ქვეყნისთვის ან სხვა კონტინენტისთვის სასარგებლოზე წინ ამერიკისთვის სასარგებლო უნდა დავაყენოთ. ასე უნდა იყოს, რადგან თუ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს თავად არ დავიცავთ, ამას სხვა არავინ გააკეთებს. სხვათა შორის, ველი, რომ ყველა ქვეყანა სწორედ ასე იმოქმედებს. მაგალითად, ველი, რომ კოლუმბიის მთავრობა პრიორიტეტად კოლუმბიის ეროვნულ ინტერესებს დააყენებს. ამიტომ ჩვენც ჩვენი ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა, ნომერ პირველ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ. ეს არ ნიშნავს, რომ განზრახ ვეძებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვა ქვეყნებისთვის საზიანო იქნება. იმედია, ის, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, სხვა ქვეყნების ინტერესებსაც შეესაბამება. მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება მოგვიწევს, ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ უნდა ვიმოქმედოთ. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, დღეს გლობალურ ეკონომიკას დიზელის უფრო დიდი მიწოდება სჭირდება. ეს გადაწყვეტილება ადრეც მივიღეთ და პრეზიდენტმა მისი კიდევ ერთხელ მიღება გადაწყვიტა: სანქციების მოქმედება 30 დღით შეჩერდება, რათა რუსეთიდან დიზელის უფრო დიდი მოცულობის მიწოდება გლობალურ ბაზარზე გახდეს შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებსაც დაეხმარება და სხვა ქვეყნებსაც. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ კი არ მიიღო, რომ უკრაინისთვის საზიანო ან რუსეთისთვის სასარგებლოა, არამედ იმიტომ, რომ ეს ამერიკისთვის სასარგებლოა და მისი ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია. ახლა ვისაუბროთ რუსეთ-უკრაინის ომზე. რეალურად, ეს ომი, არსებითად, უკრაინის ერთ ნაწილს — დონეცკის ოლქს ეხება. რუსეთს ამ ტერიტორიის თითქმის მთელი ნაწილი აქვს ოკუპირებული და მხოლოდ დაახლოებით 11 პროცენტს ვერ აკონტროლებს. დონეცკის ოლქში უკრაინელებს თავდაცვითი ხაზი აქვთ მოწყობილი და მყარად გამაგრებული პოზიციები უკავიათ. მათი მტკიცებით, რასაც სამხედრო სტრატეგებიც ადასტურებენ და რასაც მეც ვეთანხმები, ეს თავდაცვის ბოლო ხაზია. თუ უკრაინა ამ ხაზს დათმობს, კიევის დასაცავად აღარაფერი დარჩება. ამ პოზიციებიდან კი კიევისკენ გზა პირდაპირ იხსნება. ამ კონფლიქტის არსი ისაა, რომ რუსეთი დონეცკის მთელ ტერიტორიას, მათ შორის ამ თავდაცვით ზღუდესაც მოითხოვს. სწორედ ეს მიაჩნია გამარჯვებად. უკრაინა კი აცხადებს, რომ დონეცკის დარჩენილ 11 პროცენტს ვერ დათმობს, რადგან ეს თავდაცვითი ზღუდე მისი თავდაცვის ბოლო ხაზია. სწორედ ეს არის კონფლიქტის მთავარი არსი. რა თქმა უნდა, დღის წესრიგში ბევრი სხვა საკითხიც დგას, მაგრამ საბოლოო ჯამში, მხარეები სწორედ ამის გამო იბრძვიან. როგორ მიმდინარეობს ეს ბრძოლა? რუსებმა ბრძოლის ველზე წინსვლა და ამ რეგიონის დაკავება ვერ შეძლეს. ამიტომ ისინი უკრაინის მოსახლეობას უდიდეს ტკივილსა და ზიანს აყენებენ — დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით იერიშებს ახორციელებენ და ცდილობენ, გაანადგურონ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ელექტრომომარაგების სისტემა და ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობები, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ზამთარი ახლოვდება. როგორ პასუხობს ამას უკრაინა? უკრაინა იერიშებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ და გაზის გადამამუშავებელ ქარხნებზე ახორციელებს. სწორედ ეს სექტორია რუსეთის ეკონომიკის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი. ამასთან, უკრაინას ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადააქვს. პირველად რუსები ხედავენ აფეთქებებს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, ასევე ქვეყნის სიღრმეში მდებარე ტერიტორიებზე. ომი მათთვის უკვე აღარ არის შორეულ ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტი. შესაბამისად, სწორედ ასეთ ვითარებაში ვიმყოფებით — ეს არის მდგომარეობა, რომლის ირგვლივ შეთანხმების მიღწევაც რთულია და რომლის გამოსწორებაც მარტივი არ იქნება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის, აქვს შესაბამისი შესაძლებლობები და მზადყოფნა, მედიატორის როლი შეასრულოს, თუკი ამის შესაძლებლობა გაჩნდება და შესაძლებელი გახდება ამ ომის მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულება. ჩვენი აზრით, საბოლოოდ ეს ომი სწორედ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით დასრულდება. ახლა, სირთულე იმაშია, რომ ის პროცესები და გარემოებები, რომლებზეც ახლახან ვისაუბრე, ამჟამად ღრმად არის ფესვგადგმული და მათი შეცვლა რთულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავაც მაქსიმალურად შევეცდებით, ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. გვინდა, რომ ომი დასრულდეს. თუმცა საბოლოო ჯამში, მსოფლიოში სხვა პრიორიტეტებიც გვაქვს, რომლებზეც ასევე ვართ კონცენტრირებულნი. _ბატონო მდივანო, პუტინი რომ კარგი ადამიანი არ არის, ამაზე არავინ დავობს. თუმცა როგორც ჩანს, პრეზიდენტს ახლა ზელენსკის მიმართ გარკვეული უკმაყოფილებაც აქვს და ეს სხვადასხვა დროს აშკარად გამოვლინდა. თუ სწორად მახსოვს, უკრაინაში მორიგი რეგულარული არჩევნების ჩატარების დაგეგმილი თარიღიდან ორწელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა. დადგა თუ არა დრო, უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს? ვიცი, რომ უკრაინის კონსტიტუცია საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში არჩევნების ჩატარების საშუალებას არ იძლევა და ომის განმავლობაში უკრაინა სწორედ ასე მოიქცა. თუმცა ხომ არ დადგა დრო, არჩევნები ჩატარდეს და ვნახოთ, ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი პრეზიდენტი? სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო: საქმე ისაა, რომ არჩევნების საკითხი ხშირად წამოიჭრება და არ ვამბობ, რომ ის უმნიშვნელოა, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ომი კვლავ გრძელდება. ვიტყოდი, რომ უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სხვა რამაა, რაზეც საჯაროდაც გვისაუბრია. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ შავ ზღვაში ენერგორესურსების გადამზიდავ გემებზე იერიშები ვიხილეთ. ამის გამო ჩვენთან საჩივრებიც შემოვიდა, რადგან ამერიკული კომპანიები გვიკავშირდებოდნენ და გვეუბნებოდნენ: „იმ გემზე, რომელსაც უკრაინამ დაარტყა, ჩვენი ნავთობი იყო.“ არ ვფიქრობ, რომ უკრაინას ისინი განზრახ ჰყავდა სამიზნეში ამოღებული, თუმცა ამ გემებზე დარტყმები მაინც მოხდა. ისედაც ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ენერგეტიკული კრიზისია, ჰორმუზის სრუტეში, წითელ ზღვასა და სხვა რეგიონებში მიმდინარე მოვლენების გამო. ახლა აღარ გვჭირდება ისეთი ვითარების შექმნა, რომელიც ამ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს. მიუხედავად ჩვენი თხოვნებისა, ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება მაინც არსებობდა. ეს მართლაც მოხდა. სწორედ ამან იჩინა თავი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსული მხარის მიმართ არ გვაქვს უკმაყოფილება. პრეზიდენტს არ სურს, ხედავდეს კადრებს, თუ როგორ ხვდება ბალისტიკური რაკეტა კიევში საცხოვრებელ კორპუსს და როგორც იღუპებიან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები. არც ეს მოსწონს მას. სწორედ ამიტომ არის ამ კონფლიქტის მოგვარების გზის პოვნა ასეთი რთული და იმედგამაცრუებელი.