თეგი: მარტის აქციები
საია: 8 მარტის აქციაზე დაკავებულების პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის, შსს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამართალდამრღვევად ცნო
საიას თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპის დარღვევისათვის. მისივე ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შსს-ს, სახდელის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა. „საქმე შეეხება 2023 წლის 8 მარტს, ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების სავარაუდო დარღვევისათვის დაკავებულ პირებს. კერძოდ, დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში წარდგენის ეტაპზე, თითოეული პირის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო „შეტყობინება“, რომელშიც მითითებული იყო 43 დაკავებული პირის პერსონალური მონაცემები - სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ საქმეების განხილვა ინდივიდუალურად მიმდინარეობა ყველა პირის საქმეში იყო სხვა პირების შესახებ ხსენებული ცნობები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარე საქმის წარმოების ფარგლებში საჭიროებას არ წარმოადგენდა სხვა დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება“. შესაბამისად, დაკავებული პირების მიმართ არსებულ საქმეებში სხვა პირების შესახებ ინფორმაციის დაუფარავი ფორმით განთავსება მიჩნეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ უკვე არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული მონაცემების უკანონო დამუშავებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემურია უწყებაში მსგავსი პრობლემების სისტემური გადაწყვეტა. განმცხადებლების ინტერესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საია წარმოადგენდა. გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის შესული კანონიერ ძალაში. ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს”, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საია: მარტის აქციებზე დემონსტრანტებს, უმეტესად, შემთხვევითობის პრინციპით აკავებდნენ
ახალგარზდა იურისტთა ასოციაციამ 7-9 მარტის აქციის დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარტის აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაერთგზის ჩარევის ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად განხორციელდა. ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს. საია-ს შეფასებით, კვლავ საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის, თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. 7-8 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების პარალელურად, გამოვლინდა აქციის მონაწილეთა მასობრივი უკანონო დაკავებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ მიმართ ძალადობის ფაქტებიც. დემონსტრანტებს, უმეტესად, აკავებდნენ შემთხვევითობის პრინციპით, კერძოდ - არა კონკრეტულ სამართალდამრღვევ პირებს ინდივიდუალურად, არამედ ხშირად მათაც, ვინც აქციის დაშლის ოპერაციისას, უბრალოდ, „ხელში მოჰყვებოდათ“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2023 წლის 7-8 მარტს ადმინისტრაციული წესით სულ 146 პირი დააკავეს. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2023 წლის 7-9 მარტის აქციებზე დაკავებულთა ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე სულ 55 ზარი შევიდა. სახალხო დამცველმა მოინახულა 101 დაკავებული პირი, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ თბილისისა და სხვა რეგიონების დროებითი მოთავსების იზოლატორებში. საიას ინფორმაციით, 09.03-13.03 (ჩათვლით) პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცხელ ხაზზე სულ 203 ზარი შევიდა, რომლებიც 7-9 მარტს დაკავებული პირების ადგილსამყოფლის დადგენასა და მათთვის იურიდიული დახმარების გაწევას უკავშირდებოდა, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიში მომზადდა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ანგარიშის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საია.
HRC: 7-9 მარტის აქციებზე პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია 7-9 მარტის აქციებიც, სადაც, HRC-ის შეფასებით, რამდენიმე პრობლემა იკვეთება. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები, რომელთა შორისაა: აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებების დაშლისას ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებების უგულებელყოფა, პროტესტის გამოხატვის მიზნით, კარვის განთავსების აკრძალვა, აქციის ფასილიტაციის პროცესში არაპროპორციული რაოდენობის და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების მობილიზების ტენდენცია. აქციების მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში, სხვა საკითხთან ერთად, კვლევის საგანი იყო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლის მიზანშეწონილობისა და კანონიერების შეფასება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 7-9 მარტს პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე. ამ აქციებზე დაკვირვებით გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, მათ შორის: 1. აქციის დაშლისას დაირღვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი; 2. მომიტინგეთა მიმართ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა; 3. სპეციალური საშუალებებით აქციის დაშლისას დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები. პოლიციამ აქციის მონაწილეები სპეციალური საშუალებებით რამდენჯერმე დაშალა. 7 მარტს, დაახლოებით 20:20 საათზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა წიწაკის სპრეი. მალევე, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, შესაბამისი გაფრთხილების გაკეთების გარეშე. კითხვები არსებობდა გამოყენებული სპეციალური საშუალებების პროპორციულობისა და აუცილებლობის შესახებ, იმ პირობებში, როცა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, 7 მარტს შეკრება მშვიდობიანად მიმდინარეობდა. სპეციალური საშუალებები გამოიყენა პოლიციამ 8-9 მარტსაც. ამასთან, საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებში ჩანდა პოლიციელი, რომელიც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალების მიმართულებით ასხურებდა წიწაკის სპრეის, გამოვლინდა წიწაკის სპრეის წყლის ჭავლში შერევის შემთხვევაც. ეუთოს სტანდარტების თანახმად, წიწაკის სპრეის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აქციის ცალკეულმონაწილეთა მოსაგერიებლად, რომლებიც ძალადობრივად მოქმედებენ, და არა განურჩევლად აქციის ყველა მონაწილის მიმართ.81 ამასთან, აკრძალულია 1 მეტრზე ნაკლები მანძილიდან მისი გამოყენება.82 წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის თანადროული გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში არსებობს ადამიანის მიზანმიმართული დაზიანების საფრთხე. ამდენად, სპეციალური საშუალებების გამოყენებისას უნდა მოხდეს ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებულ მიდგომას ეხმიანება,“ - წერს ორგანიზაცია. მისივე თანახმად, „შეკრების თავისუფლების რეალიზაციისას კვლავ პრობლემურია აქციის მშვიდობიანად ჩატარებისათვის შესაბამისი ზომების მიღება, პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება, აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, აქციაზე დაკავებული პირების უფლებების სათანადოდ დაცვა.“ ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციებიც, რომელიც პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გაუგზავნა.
სალომე ზურაბიშვილი მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა "იმ სამოქალაქო აქტიურობისათვის, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა." ამასთან, შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისევე როგორც გასული წელი, როცა ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, მიმდინარე წელიც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის განცხადებით, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა, არჩევნებზე მისვლა და არჩევნებში მონაწილეობისათვის მობილიზება, რადგან როგორც წესი, ყველგან და ამაში გამონაკლისი არც საქართველოა, არჩევნებში ზოგადად, ახალგაზრდების დაბალი აქტივობა ფიქსირდება. „თქვენი პასუხისმგებლობაა, ეს გზავნილი მიიტანოთ სხვა ახალგაზრდებამდე და იმ ადამიანებამდე, ვინც დღეს საზღვარგარეთ სწავლობს და მუშაობს, რომ ამ საარჩევნო პროცესში მათი ხმა, თქვენს ხმასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.