თეგი: მატარებლის კატასტოფა
საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა
საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლის კატასტროფის გამო თანამდებობიდან გადადგა დაკავებულია სადგურის ხელმძღვანელი, რომელსაც არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. თუმცა, ეჭვმიტანილი ბრალეულობას უარყოფს და მომხდარს ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებს. ყველაზე საშინელი სარკინიგზო ავარია საბერძნეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამშაბათს, ღამით მოხდა. ორი მატარებელი ერთსა და იმავე ლიანდაგზე მოძრაობდა საპირისპირო მიმართულებით. სამგზავრო მატარებელში მყოფთაგან ბევრი იყო სტუდენტი, რომლებიც არდადეგებიდან ბრუნდებოდნენ. გადარჩენილებმა ბერძნულ მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე მგზავრი ფანჯრებიდან გადააგდო. მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები სარკინიგზო ხაზიდან 40 მეტრში იპოვეს. დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ და ზოგიერთის იდენტიფიცირებას დნმ კვლევა დასჭირდება. პოლიციის თანამშრომელთა თქმით, სადგურის მეთაური ახლომდებარე ქალაქ ლარისაში ოთხშაბათს დააკავეს და ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით მასობრივ სიკვდილში. მინისტრმა კი განაცხადა, რომ მისი „მოვალეობაა“ გადადგომა. კოსტას კარამანლისის თქმით, როდესაც მისი მთავრობა 2019 წელს მოვიდა სათავეში, მემკვიდრეობით მიიღო 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელი სარკინიგზო სისტემა, მაგრამ მისი სამინისტროს ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა ავარიის თავიდან ასაცილებლად. საბერძნეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.