თეგი: მეორე ფრონტი
პრეზიდენტი: ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე არ არსებობს და არც არავინ ითხოვს ამას საქართველოსგან. ამის დასტურად პრეზიდენტმა უცხოეთში მისი ვიზიტები და გამართული შეხვედრები მოიყვანა, სადაც მისი თქმით, მსგავსი რამ არავის მოუთხოვია. პრეზიდენტი: საუბარი, რომ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაა, არასწორია, რადგან პარტნიორებიდან და მეგობრებიდან არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა „მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ არსებობს, არის მოგონილი და ტყუილი. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი საიდანაც ეს გაისმა, მოდის უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წრეებიდან, სადაც არსებობს გარკვეული კავშირები. მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ომში მყოფ უკრაინას შეიძლება გაუჩნდეს მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი, ამის ძახილი შეიძლება იყოს. ამაზე არც უნდა ვუპასუხოთ და არც პოლემიკაში შევიდეთ, მე გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს. რამეთუ ჩვენ არ ვაპირებთ მივუბრუნდეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ვცადოთ ომით გადავწყვიტოთ ის, რაც გვინდა შერიგებით ან გაერთიანებით გადავწყვიტოთ მომავალში. არ არის ჩვენთვის ეს სცენარი შესაძლებელი. მოსახლეობას ვუთხრათ რომ შენი არჩევანია: ან მოგივიდეს ის, რაც უკრაინაში ხდება, ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოთხოვო, ეს არის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი და საფრთხე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევებიც შეაფასა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მსგავსი კვლევები გამიზნულია იმისკენ, რომ „ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს“. „გორბის კითხვები ამ კუთხით აბსურდულია, ნებისმიერ შეკითხვაში ასე რომ იყოს დასმული კითხვა ყველა უპასუხებს - არ მინდა ომი, ვის უნდა? უკრაინელებს უნდოდათ? ეს არის გამიზნული იმისკენ, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ჯონ ტეფტი: საქართველოში ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს - ეს საღ აზრს მოკლებულია
საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის განცხადებით, საღ აზრს და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ზოგიერთი ადამიანის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს, შეერთებულ შტატებს საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნა სურს. დიპლომატი აცხადებს, რომ ვაშინგტონი საპირისპიროს ცდილობს, თეთრ სახლს სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომი, უფრო ფართო მასშტაბებს არ მიიღებს. ტეფტის თქმით, ომის დაწყების დღიდან, ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა, ამიტომ, მისთვის რთული წარმოასდგენია, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს, საქართველოში გარკვეული პირების მხრიდან, „მეორე ფრონტის“ შესახებ მიმდინარე რიტორიკას. „ზოგიერთები საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს. ეს ყველანაირ საფუძველს მოკლებული არგუმენტია. ყოველ შემთხვევაში, იქედან გამომდინარე, რაც მე რუსეთის ომთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ ვიცი... როცა ადამიანები ამბობენ, რომ შეიძლება რაღაც სხვა ხდება, ჩემთვის ეს საღ აზრს მოკლებული განცხადებებია. არ მესმის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რადგან ამის შესახებ აქ, ვაშინგტონში ნამდვილად არაფერი მსმენია და მე მჭიდრო კავშირი მაქვს უამრავ ადამიანთან, როგორც მთავრობაში, ასევე მის გარეთ“, - აცხადებს ჯონ ტეფტი. ტეფტის თქმით, მისთვის ისიც გაუგებარია, რატომ შეიძლება ფიქრობდეს ვინმე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ელჩ დეგნანს შორის, „რაიმე განსხვავებაა“. „სიმართლე გითხრათ, ეს [ელჩის წინააღმდეგ მიმდინარე ნეგატიური კამპანია] ძალიან დამაბნეველია ჩემთვის და საქართველოს სხვა მეგობრებისთვის, რომლებიც მთავრობის გარეთ არიან. მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებით, რომელიც ნედ პრაისმა გასულ კვირას, ელჩი დეგნანის დასაცავად გააკეთა, ვფიქრობ, მთავრობის შიგნითაც იგივე ხდება. ხალხს უბრალოდ არ ესმის, კრიტიკოსები ამას რატომ აკეთებენ. კელი დეგნანი ამ ადმინისტრაციის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელია. ვიცი, რომ ის არის ძალიან ფრთხილი და პროფესიონალი დიპლომატი. ის წარმოადგენს შეერთებული შტატების ინტერესებს და ღიად საუბრობს ამ ინტერესებზე“, - აცხადებს ტეფტი, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას. ტეფტის განმარტებით, ზოგადად, თუ დიპლომატიაში რაიმე პრობლემა იქმნება, ამის შესახებ პირისპირ საუბრები იმართება და არა საჯარო გამოსვლები. „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ნაწილია, გახდეს ევროკავშირის და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრი. „ეს ორი რამ ურთიერთგამომრიცხავია. სწორედ ამის გამო, საქართველოს მეგობრებს უჭირთ, ეს გაიგონ“, - ამბობს დიპლომატი. ჯონ ტეფტი, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს, 2005-2009 წლებში იკავებდა.
სალომე ზურაბიშვილი: თუ მეორე ფრონტი არსებობს, ეს „რბილი ძალის“ ფრონტია ჩვენ წინააღმდეგ
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ დღეს არსებობს მხოლოდ ომის ერთი ფრონტი, რომელიც გაჩაღებულია საქართველოს მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, როცა ათვალიერებდა გერმანელი მხატვრის, ოტო დიქსის გამოფენას „ომი საშინელებაა“. „ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს არის მხოლოდ ერთი ფრონტი, რომელიც გაჩაღებულია ჩვენი მეგობარი უკრაინის წინააღმდეგ და თუ მეორე ფრონტი არსებობს, არსებობს "რბილი ძალის" მეორე ფრონტი ჩვენ წინააღმდეგ", - განაცხადა პრეზიდენტმა. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ - პრეზიდენტი პარლამენტში
ე.წ. მეორე ფრონტი არის საინფორმაციო ომის ნაწილი - საფრანგეთის ელჩი
საფრანგეთის ელჩის განცხადებით, პროპაგანდა საფრთხეა დემოკრატიისთვის. შერაზ გასრი მომავლ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოსთვის ტესტს უწოდებს. „ცხადია, საქართველოს არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც ტესტს - ნამდვილად ასრულებს თუ არა საქართველო იმ 9 ნაბიჯს, რომელიც მას ევროკავშირთან მოლაპარაკების ფარგლებში აქვს. მე ვფიქრობ, რომ ე.წ. მეორე ფრონტი არის ჩვენს გონებაში და რუსეთი ცდილობს, შექმნას საზოგადოებრივი აზრი ევროპაში, მათ შორის, საქართველოში, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ, მოიგონ ომი და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის დახმარება. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი. არავინ ცდილობს, რომ საქართველო ომში ჩართოს, ჩვენ ვცდილობთ, შევაჩეროთ ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ერთადერთია, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ომზე. უკრაინას არ მოუხდენია რუსეთის პროვოცირება. რუსეთს აქვს იმპერიალისტური ფანტაზიები, რისი ადგილიც ევროპაში არ არის.," განუცხადა ელჩმა "მთავარ არხს".