თეგი: მერაბ დვალიშვილი

შონ ო’მალი აბუ დაბიში მომხდარზე: მერაბის მეგობარი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი შონ ო’მალი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება. ამერიკელმა მებრძოლმა მერაბის 21 წლის მეგობარზე გაამახვილა ყურადღება. ო’მალის თქმით, ახალგაზრდა მოჭიდავემ ნურმაგომედოვის გუნდის ორ წევრს წინააღმდეგობა გაუწია. „მერაბის მეგობარი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. როგორც ამბობენ, ის MMA-ის მებრძოლი არ არის, 21 წლის მოჭიდავეა, რომელიც მხოლოდ ჭიდაობითაა დაკავებული და დარტყმებზე არ ვარჯიშობს. ამის მიუხედავად, მან ხაბიბის, უფრო სწორად, უსმანის გუნდიდან ორი ადამიანი ძირს დააგდო. არ ვიცი, უსმანმა წინასწარ დაგეგმა თავდასხმა თუ უბრალოდ სილის გაწვნა ჰქონდა განზრახული. თუმცა, როცა ადამიანს სილას აწნავ, რა რეაქციას ელოდები? გგონია, ამის შემდეგ მშვიდად დაგელაპარაკება? ბიჭმა კეპი უკუღმა დაიხურა, წინ წამოიწია და მოქმედებისთვის მოემზადა,“ – განაცხადა შონ ო’მალიმ. საბა ლაზიშვილი თავდასხმის დროს ქართველ სპორტსმენთან ერთად იმყოფებოდა.  

Reuters: აბუ-დაბის პოლიციამ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ, 10 ადამიანი დააკავა

აბუ-დაბის პოლიციამ განაცხადა, რომ ხუთშაბათს სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ 10 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. არიან თუ არა დაკავებულებს შორის თავად მერაბ დვალიშვილი და მისი თანხმლები საბა ლაზიშვილი, ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის. თუმცა მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ დვალიშვილიც და ლაზიშვილიც ამ დრომდე რჩებიან პოლიციის განყოფილებაში. 12 ნოემბერს საბა ლაზიშვილის ძმამ ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყვა ვიდეო: „სამწუხაროდ, ჩემი ძმა, საბა და მერაბი, ორივენი ამ დრომდე ციხეში არიან. ჯერ არ გამოუშვიათ და ამბობენ, რომ შესაძლოა, 48 საათის განმავლობაში იყვნენ.“ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დვალიშვილი სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს იძლევა, რა დროსაც მას ზურგიდან უახლოვდება ნურმაგომედოვი და კიდევ რამდენიმე პირი.  ნურმაგომედოვმა დვალიშვილს სახეში დაარტყა, რასაც ორ ჯგუფს შორის ჩხუბი მოჰყვა. „აბუ-დაბის პოლიციამ დააკავა რვა პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარ ჩხუბში; ინციდენტს წინ უძღოდა მათ შორის არსებული უთანხმოება,“ — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. მისივე თანახმად, ასევე დააკავეს ორი პირი, რომლებმაც ინციდენტი გადაიღეს, “მათ მიმართ საჭირო სამართლებრივი ზომები გაატარეს.“ Real American Freestyle იმედოვნებს, რომ მერაბ დვალიშვილი შაბათს აბუ დაბიში გასამართ ღონისძიებაზე იასპარეზებს.   

დანა უაითი აბუ-დაბიში მომხდარზე: ასეთი რამ ბიზნესისთვის არასდროს არის კარგი

UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა, რომ აბუ-დაბიში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან. უაითმა UFC 334-ის წინ გამართული პრესკონფერენციისას დაგმო მომხდარი და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსგავსი ქმედებები სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. „ასეთი რამ ბიზნესისთვის არასდროს არის კარგი,“— განაცხადა დანა უაითმა. „ეს ყველა მონაწილეს ცუდად წარმოაჩენს და სამწუხაროა. ჩვენ ჩხუბის ინდუსტრიაში ვართ და ზოგჯერ წარმოუდგენელი რამეები ხდება. ახლა ისინი ყველანი აბუ-დაბიში, ციხეში არიან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. უაითს ასევე ჰკითხეს ნიუ-იორკში UFC 334-ის წინასატურნირო პრესკონფერენციაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ. ამასთან, მან აბუ-დაბიში მოქმედი კანონების სიმკაცრე გააკრიტიკა. „ეს სრულიად აბსურდული და უაზრობაა,“ — განაცხადა უაითმა. „ისინი ყველანი ციხეში არიან. აბუ-დაბი ის ადგილი არ არის, სადაც შეიძლება, თავაშვებულად მოიქცე და წესები დაარღვიო“. აბუ დაბის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სულ 10 ადამიანი დააკავეს – რვა უშუალოდ ჩხუბში მონაწილეობისთვის, ორი კი ინციდენტის გადაღებისთვის. დაკავებულებს შორის არიან მერაბ დვალიშვილი და მისი მეგობარი საბა ლაზიშვილიც, რომლებიც თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ. მომხდარს გამოეხმაურა უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელაზიზი, რომელმაც ინციდენტს სამარცხვინო უწოდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოსახლეობას საჯაროდ მოუბოდიშა. ამასთან, RAF-ის ხელმძღვანელობა ადგილობრივ სამართალდამცავებთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებამდე გათავისუფლდება. ორგანიზაციამ უსმან ნურმაგომედოვს ღონისძიებაზე დასწრება აუკრძალა.  

დიმიტრი აბდუშელიშვილი: მერაბმა და საბამ ნამდვილად აჩვენეს, ვისი გორისანი არიან

ბიზნესმენი და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:               „ცხოვრებაშიც, სპორტშიც და ომშიც კი უღირსი საქციელი არ მოსულა. სპორტი, უპირველესად, ჯანსაღი ცხოვრების წესია. ისიც კი, როგორ ექცევი გამარჯვებულს და დამარცხებულს, თვითგამოხატვაა და აჩვენებს, ვინ ხარ და რას წარმოადგენ. მრავალრიცხოვანი ამალით, ტურასავით მიპარული ადამიანები არათუ სპორტულ სულისკვეთებას, ადამიანურ მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ. ჩვენმა ბიჭებმა, მერაბმა და საბამ კი ნამდვილად აჩვენეს ვაჟკაცობის მასტერკლასი და ისიც, ვისი გორისანი არიან! როცა ხანდახან ვერ გაუგიათ ამდენ თავსდატეხილ ქარიშხლებში როგორ გადავრჩით ქართველები, საბას ეს კადრებიც ვაჩვენოთ, თვალი რომ არ დაახამხამა ისე რომ გადაეშვა ჩხუბში მეგობრის დასახმარებლად. ეგეთ მეგობრობას, ეგეთ ქართველობას გაუმარჯოს სპორტში იქნება თუ ცხოვრებაში, საბასნაირი, მეგობრისთვის თავდადებული საქართველო მიყვარს და მეიმედება.“ 🇬🇪❤️ შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.    

ირაკლი კობახიძე: მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის

პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას „გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს.“ შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძის Facebook გვერდზე განთავსდა. „როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მადლობა მინდა, გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში,“ - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.  

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - რა გადაწყვიტა სასამართლომ

მერაბ დვალიშვილი პარასკევს, დილით ადრე გაათავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. მისი დაკავება სასტუმროში მომხდარ ჩხუბს უკავშირდებოდა, რომელშიც PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი უსმან ნურმაგომედოვი მონაწილეობდა. RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ჩად ბრონშტაინმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც დვალიშვილთან დაკავშირებით საუბრობს. ჟურნალისტ არიელ ჰელვანის თქმით, ბრონშტეინმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დვალიშვილის გათავისუფლებაში; ის 48 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჰელვანის ცნობით, ასევე გათავისუფლდა საბა ლაზიშვილიც. ჰელვანის ინფორმაციით, ბრონშტაინი დაწესებულებაში მათი გათავისუფლების დროსაც იმყოფებოდა. ამ შაბათ-კვირას, RAF-ის ღონისძიებაზე, დვალიშვილი და ნურმაგომედოვი უნდა გამოსულიყვნენ. დვალიშვილს WSOF-ის უმსუბუქესი წონის ყოფილ ჩემპიონ მარლონ მორაესთან უნდა ეჩხუბა, ხოლო უმარ ნურმაგომედოვი — უსმან ნურმაგომედოვის ძმა — UFC-ის დიდების დარბაზის წევრ იურაია ფაბერს უნდა დაპირისპირებოდა. MMA Fighting-ის ცნობით, ხუთშაბათს გამართულ RAF-ის პრესკონფერენციას არცერთი მათგანი არ დასწრებია; RAF-ის თანადამფუძნებელმა ჩად ბრონშტეინმა კი განაცხადა, რომ ამ ბრძოლების ბედი ჯერჯერობით უცნობია. ბრონშტეინმა ასევე აღნიშნა, რომ უსმან ნურმაგომედოვს ღონისძიებაზე არ დაუშვებენ. „ცხადია, უსმანი შაბათ საღამოს ჩვენს ღონისძიებას არ დაესწრება“, — განაცხადა ბრონშტეინმა. ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა The National-ი აბუ-დაბის სასამართლო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლომ ათი ადამიანი დამნაშავედ ცნო.  The National-ის ინფორმაციით, სასამართლომ ექვს პირს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, პანიკის გამოწვევისა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის გამო ექვსთვიანი პატიმრობა, თითოეულს 300 ათასი დირჰამის - დაახლოებით 212 ათასი ლარის - ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაცია შეუფარდა. ინფორმაციაში არ არის დასახელებული, კონკრეტულად ვის რომელი სასჯელი დაეკისრა. კიდევ ორ პირს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევისა და სხვებზე თავდასხმისთვის თითოეულს 50 ათასი დირჰამის - დაახლოებით 35 300 ლარის - ჯარიმა დაეკისრა. დანარჩენ ორ პირს ინციდენტის გადაღებითა და კადრების გავრცელებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის ექვსთვიანი პატიმრობა, თითოეულს 300 ათასი დირჰამის ჯარიმა და დეპორტაცია შეეფარდა. სასამართლომ მათი ტელეფონების კონფისკაცია და ჩანაწერების წაშლაც დაავალა. უსმან ნურმაგომედოვს RAF Abu Dhabi-ზე დასწრება აეკრძალა, მერაბ დვალიშვილის მონაწილეობა ჯერ გაურკვეველია შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.