თეგი: მერია

მერიამ 20-ზე მეტი უნებართვო, დაუსრულებელი შენობა დაანგრია

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი განახორციელა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სახელმწიფო მიწების უკანონოდ დაკავების შემთხვევებმა და მასზე უნებართვოდ სხვადასხვა ფუნქციის შენობების აშენებამ, რომელიც ორგანიზებული ჯგუფების მიერ კანონის სრული დარღვევით, ფინანსური სარგებლის მისაღებად ხორციელდება,“ — აცხადებს მერია. ამასთან, მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკაონ უკანონო ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომელიც მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას ჰპირდებიან.  

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით წალენჯიხის მერიის თანამშრომლები დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი. „გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.