თეგი: მერკურსორი
ევროკავშირსა და „მერკოსურს“ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დროებით ამოქმედდა
სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება „დროებით“ ამოქმედდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „დროებითი ამოქმედება დროებით ამოქმედებას ნიშნავს. ეს სახელწოდებაში წერია. ევროკავშირის ხელშეკრულებების თანახმად, შეთანხმება ძალაში სრულად მაშინ შევა, როდესაც მისი რატიფიცირება ევროპარლამენტის მიერ მოხდება,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ევროკავშირმა სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკის, მერკოსურის წევრებთან, არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 17 იანვარს ხელი მოაწერა. შეთანხმების სრულად ამოქმედებამდე ევროპარლამენტის მხარდაჭერა და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ მისი რატიფიცირებაა საჭირო, თუმცა ევროკავშირსა და მერკოსურს შეუძლიათ, რომ შეთანხმების ფარგლებში ტარიფების შემცირების პროცესი დაიწყონ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „მერკოსურთან“ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროებით ამოქმედებაზე ამბობს, რომ საფრანგეთისთვის ეს სიურპრიზია, ცუდი სიურპრიზი, ხოლო ევროპარლამენტის მიმართ – უპატივცემულობა.“ ევროკავშირსა და მერკოსურს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ევროკავშირის ქვეყნებში ფერმერების პროტესტი მოჰყვა, ხოლო გასულ თვეში ევროპარლამენტმა შეთანხმების ევროკავშირის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას დაუჭირა მხარი.