თეგი: მეხანძრე-მაშველები

მეხანძრე-მაშველებმა დუშეთში, ხევში ჩავარდნილი კაცი ამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა დუშეთში, ხევში ჩავარდნილი კაცი ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაკისსოფელში მოქალაქე ჩავარდნილი იყო ხევში და ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და მამაკაცის დასახმარებლად დაიწყო სპეციალური სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა. რთული რელიეფის, ძლიერი ნისლის და უამინდობის, ასევე მოქალაქის ადგილსამყოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო სამაშველო ოპერაციის სპეციალური ტექნიკით ჩატარება, შესაბამისად, მამაკაცის დასახმარებლად მაშველთა ქვეითი ჯგუფი გავიდა. მეხანძრე-მაშველებმა დაშავებულის უსაფრთხო ადგილზე ჩამოსაყვანად ფეხით 15 კილომეტრამდე გაიარეს და მრავლობითი დაზიანებების მქონე მამაკაცი საკაცის საშუალებით საავტომობილო გზამდე გამოიყვანეს. ამ დროისთვის, მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

თურქეთმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს ცეცხლგამძლე ფორმები გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, თურქეთის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელშეწყობით, ცეცხლგამძლე სახანძრო-სამაშველო ფორმები გადაეცა. შესაბამის ინფორმაციას შსს ავრცელებს. სპეციალური ფორმების გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. სტუმრებმა სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ. ცერემონიის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისა და თურქეთის ელჩის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თურქეთის პრეზიდენტის მიერ ქართული სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელისთვის სპეციალური ჯილდოს - „უმაღლესი თავდადების ორდენის“ გადაცემას. თურქეთის ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თურქეთში განხორციელებული სამაშველო მისიისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (AFAD) შორის 2018 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას. მას შემდეგ ორი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ, როგორც საგანგებო სიტუაციების დროს, ასევე ქართველი მაშველების გადამზადების მიმართულებით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთში არაერთი სწავლება და ქართველი მაშველების გადამზადების პროგრამა განხორციელდა.