თეგი: მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხმაურია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქციას მართავს. სამოქალაო მოძრაობის წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარეს. მათ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან უშუალოდ შენობის წინ გადაინაცვლეს. „სირცხვილიას“ ცნობით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა დაშლა მოსთხოვა. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია არის არაძალადობრივი და მათ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი არ დაურღვევიათ. მათი მიზანია, მთავრობას კანონის ფარგლებში დისკომფორტი შეუქმნან. „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა მაქარაშვილის თქმით, „დილით, მთავრობის სხდომის მონაწილეებს, მათ შორის პრემიერს უნდა ესმოდეს, რომ ხალხი უკმაყოფილოა“. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კი, რკინის ჯებირებია აღმართული. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.