თეგი: მიტროპოლიტი გრიგოლი
მიტროპოლიტი გრიგოლი ხელისუფლებას სადავო კანონპროექტის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით შეწყვიტოს საქართველოს პარლამენტში სადავო კანონპროექტის განხილვა და ამით უარი თქვას დაძაბულობის ესკალაციის რისკზე. ის საქართველოს მთავრობას შეახსენებს, რომ "უდიდესია ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთი ისტორიისა და საკუთარი ხალხის წინაშე." "ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება, მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში. მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს," - წერს მიტროპოლიტი წერილში, რომელსაც აქვეყნებს ფოთისა და ხობის ეპარქიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს Facebok-ზე. მეუფე გრიგოლის გარდა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიდან "აგენტების შესახებ" კანონზე აზრი გამოთქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამაც. „მე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ, რომ ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან! ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისთვის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალი კანონპროექტის მიღებას," - აღნიშნა მან და ხელისუფლებას ამ კანონზე უარის თქმა ურჩია. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
მიტროპოლიტი გრიგოლი: უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დასტუქსვა და განკითხვა ხდება
„შესაძლოა, ძველ თაობას ზოგი რამ არ მოსწონდეს კიდეც ახალგაზრდა თაობისა, მაგრამ ეს ხომ ვერ გამოდგება იმის საკმარის არგუმენტად, რომ ისინი ცუდად მოვიხსენიოთ ან კიდევ ცუდად განვეწყოთ მათ მიმართ,“- ამის შესახებ 12 მაისს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის ქადაგებაშია ნათქვამი. „საქართველოს ისტორია ცხადყოფს, რომ ჩვენი სამშობლო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის; ...და დღემდე ვერავითარმა მომხვდურმა, აშკარა ურჯულომ თუ მზაკვრულად მოსულმა ე.წ. „სჯულიერმა“ ვერ ამოძირკვა ჩვენში ქართული სული და ქრისტეში რწმენა; ამით ჩვენ ამაყნი ვართ და მდაბლად ვმადლობთ უფალს. მიუხედავად ტკივილებისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან. უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დასტუქსვა და განკითხვა ხდება. ზოგადად ადამიანის (მით უფრო, ახალგაზრდის) ბუნება, მისი შინაგანი სამყარო უკიდურესად ფაქიზი და მგრძნობიარეა. ამიტომ მათზე მსჯელობისას, განზოგადოებულად იმის თქმა, რომ მათ არ გააჩნიათ ღირებულებები, რომ არიან ურწმუნონი, რომ არიან უხეშები, რადგან ყოველგვარი რევერანსების გარეშე გამოხატავენ თავის აზრს, ვფიქრობ, არასწორია და ასეთი რიტორიკა არის უკუშედეგის მომტანი. მიმაჩნია, რომ საზოგადოდ ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და - ჩვენგან განსხვავებით - არც გამბედაობა! შესაძლოა, ძველ თაობას ზოგი რამ არ მოსწონდეს კიდეც ახალგაზრდა თაობისა, მაგრამ ეს ხომ ვერ გამოდგება იმის საკმარის არგუმენტად, რომ ისინი ცუდად მოვიხსენიოთ ან კიდევ ცუდად განვეწყოთ მათ მიმართ; პირიქით, სწორედ აზრთა და ხედვათა სხვაობა და ურთიერთჭიდილი, დისკუსია და მსჯელობა არის მასაზრდოებელი წყარო საკაცობრიო სიბრძნისა, სწორედ ის არის საიმედო გზა ჭეშმარიტებისაკენ და იმის უდავო პირობა, რომ გამოირიცხოს კაცთა მხრიდან ერთადერთი და უცდომელი ჭეშმარიტების ფლობაზე პრეტენზია, რაც დაგვიცავს საბედისწერო ცდომილებებისგან და უზრუნველყოფს ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების იმგვარ მშვიდობისმყოფელ წესრიგს, ასე რომ გვსურს და ვესწრაფვით, მაგრამ ჯერჯერობით რომ ვერა და ვერ დავამკვიდრეთ! ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი შვილების თაობა! იმედი მაქვს, რომ მათი მონდომებითა და ძალისხმევით საქართველო სამშვიდობოს გავა, ხოლო ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი კი, საკუთარ თავს ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ იგრძნობს! მამებმა და შვილებმა ერთად უნდა ვაშენოთ ამ ქვეყნის მომავალი; პავლე მოციქული გვირჩევს: „ურთიერთარს ტვირთი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6,2) ქრისტესმიერ საყვარელნო, დღეის სწორს, 2013 წლის კვირაცხოვლობას, როცა ენკენიობა აღესრულა, ამ ტაძრმა ახალი სიცოცხლე შეიძინა, რისთვისაც კვლავ და კვლავ ვმადლობთ ღმერთს და ვლოცავთ ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ ტაძრის დაბრუნებისა და აღდგენის მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესში.“