თეგი: მიუნხენის კონფერენცია
ენტონი ბლინკენი: ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით
ჩვენ ყველანი - კოლეგებთან ერთად - სრულ მზადყოფნას ვინარჩუნებთ, რათა დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით. ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ! - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ფაქტები კი ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს სულაც არ ხდება ასე რეალურად. „მოვლენები ბოლო 20-24 საათის განმავლობაში იმ სცენარიდან არის, რომელიც უკვე რეალიზდება და რითაც მცდარი პროვოკაციები, მათზე რეაგირება და უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის განვითარება იქმნება. მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათელი მოვფინოთ იმას, რასაც ვხედავთ. ამან შესაძლოა, რუსეთს კურსი შეაცვლევინოს. ჩვენ ყველანი - კოლეგებთან ერთად - სრულ მზადყოფნას ვინარჩუნებთ, რათა დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით. ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ! ფაქტები კი ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ ამ ბოლო დროს გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს სულაც არ ხდება ასე რეალობაში. პირიქით, საზღვართან მეტი - თან წამყვანი - ძალების კონცენტრაციას ვხედავთ, რაც ნებისმიერი აგრესიის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენთვის მანიშნებელი. ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი უდიდესი ბერკეტი ამ გამოწვევის და პრობლემის წინაშე არის ის სოლიდარობა, რომელზეც აქ ყველანი ვსაუბრობთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო ტექნოლოგიების განვითარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც დეზინფორმაციასა და კიბერ-საფრთხეებთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ გადასახადებზე, მსოფლიოს ავტორიტეტულ რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის პოტენციალს საინფორმაციო და ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, ასევე - ხელსაყრელ მდებარეობას. „შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ციფრული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ქართველი პროფესიონალების უნარების შემდგომ განვითარებას, ახალი ინსტრუმენტების და მეთოდების დანერგვა კი, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივ მუშაობას მოითხოვს. პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველოს შესაბამისი პროფესიული წრეების წარმომადგენლები ჩაერთონ სპეციალურ ტრენინგებში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიური სიმძლავრეების განვითარებას და ქართული ინსტიტუტების მდგრადობის გაძლიერებას, მათ შორის დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარედ კოენს საქართველოში რეგიონული ჰაბის დაფუძნება შესთავაზა და შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებების ადგილზე გასაცნობად Jigsaw-Google-ის დელეგაცია თბილისში მიიწვია“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. „ციფრული და კიბერსივრცის უსაფრთხოება, მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაფუძნებული საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოსთვის მუდმივ საჭიროებად იქცა, რადგან კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობას, რომელიც დინამიკურად ვითარდება“. „აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას სამაგალითო და ძლიერი ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საერთო ფასეულობებს ემყარება და ქმნის მტკიცე საფუძველს პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის. საუბრისას, ყურადღება გამახვილდა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
რუსეთი, მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰოისგენმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მომავალ კონფერენციაზე არ მიიწვიეს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „რუსი ოფიციალური პირები არ არიან მიწვეულნი 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, რომ ეს პლატფორმა მათი პროპაგანდისთვის გამოიყენონ. ჩვენ გვინდა რუსეთის მომავალი განვიხილოთ რუსეთის ოპოზიციის ლიდერებთან და დევნილობაში მყოფ მოქალაქეებთან ერთად, მათი ხმა უნდა მოვისმინოთ და გაძლიერდეს", - წერს ჰოისგენი სოციალურ ქსელში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ფორუმია.
უკრაინის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს - ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე
უკრაინის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს, ტერიტორიების გათავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამისთვის საჭიროა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ უფრო დაჩქარება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „რაც უფრო დიდხანს გრძელდება ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები, მით უფრო დიდი დესტრუქციულობა შეაქვს კრემლს რუხ ზონაში ევროკავშირსა და რუსეთს შორის. რაც უფრო ხმამაღლა ითქმოდა, რომ უკრაინას ლოდინი სჭირდება, ვიდრე NATO-ს ღია კარში შესვლის უფლებას მისცემენ, მით უფრო აგრესიული ხდებოდა რუსეთის პოლიტიკა. რაც უფრო გრძელი იყო ყირიმთან დაკავშირებით სიჩუმე, მით უფრო ძლიერი ხდებოდა რუსული რევანშიზმი“. „უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსული აგრესიის პოტენციალს, არის საუკეთესო გზა მშვიდობის მოახლოებისა და ევროპის უსაფრთხოების გარანტიისთვის“. „რუსული აგრესიისგან საბოლოოდ გათავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და არც იქნება. დღეს უკრაინის გამარჯვების, ევროკავშირსა და NATO-ში უკრაინის შესვლის ალტერნატივები არ არსებობს. ამიტომ რუსული აგრესიის საბოლოოდ მოშორების ალტერნატივაც არ იქნება, ასევე მიწისა და ხალხის გათავისუფლების, რადგან ყოველი ჩვენი ქალაქი ან სოფელი - ეს ხალხია, რომელიც ტყვეობაშია. ადამიანები არ შეიძლება, კომპრომისის საკითხად იქცნენ”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ალიევი მიუნხენის კონფერენციაზე: ჩვენ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე - მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“, განაცხადა, რომ უკრაინის ომს აზერბაიჯანზე უშუალო ეფექტი არ ჰქონია, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. „ალბათ, იმ მოცემულობას ვეღარ დავუბრუნდებით, სანამ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, მაგრამ ვხედავთ გარკვეულ ნაკლოვანებებს სავაჭრო მიმართულებით, პარტნიორთან ურთიერთობების მიმართულებით. არის უპირატესობებიც, განსაკუთრებით, დაკავშირებადობის პროექტების თვალსაზრისით. აზერბაიჯანმა ინვესტიცია განახორციელა თანამედროვე ლოჯისტიკურ ცენტრებში და ინფრასტრუქტურაში, ახლა სატვირთო მიმართულების აქცენტები კეთდება აზერბაიჯანიდან ევროპაში. ეს დამატებით შესაძლებლობებს იძლევა. ჩვენ ვიცით, რა არის ომი ჩვენივე ტერიტორიაზე, რამხელა ტკივილი შეუძლია, მოიტანოს, ამიტომ ჩვენ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს აქვთ იმის საჭიროება, აჩვენონ, რომ გარდაიქმნა მდგომარეობა და ეს ურთიერთსიძულვილი დაძლეული იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმედი მაქვს, ეს მალე იქნება რატიფიცირებული. ეს არის გზა სერიოზული ისტორიული უთანხმოების შემდეგ, თუ როგორ შეიძლება დავსხდეთ და მტრული დამოკიდებულება დავძლიოთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
პრემიერის თქმით, მიხეილ სააკაშვილ საქართველოში რევოლუციის მოხდენის იდეით ჩამოვიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. რომ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში რვა თვეზე მეტია, მკურნალობს და საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გაჩნია სხვა პატიმარს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ რევოლუციის მოხდენის იდეით ჩამოვიდა. „მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე. პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. ხალხმა მინდა, იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა პირველ ოქტომბერს, იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა, პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში რვა თვეზე მეტია უკვე. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გაჩნია სხვა პატიმარს. თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ ჭირდება რეალურად მკურნალობა, ეს არის ჩემი პასუხი. ასევე მინდა ვახსენო, რომ ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ, მაგალითად ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ, გასულ თვეში გაჟღერდა, რომ მილიონი დოლარი გადაიხადა მისმა ოჯახმა, აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში, რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ არავინ არ დგას კანონის ზემოთ. ჩვენ გვაქვს ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტიტებს, ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე ზემოთ. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული ყოფილი პარლამენტარის ცემით. კერძო ტელევიზია „იმედში“ შეიჭრა სპეცრაზმი. ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც საქართველოში შემოვიდა ოდესიდან, რომ რევოლუცია მოეხდინა, ეს არის ამბავი. მე არ მინდა, რომ ამ ადამიანზე ვისაუბრო ამ პანელზე და ასეთი პასუხი მინდა, გაგცეთ კითხვაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას - მედია
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა. უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Tagesspiegel-ი ავრცელებს. უსაფრთხოების მიზნით, ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის დეტალები და ზუსტი განრიგი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰეუსგენმა ზელენსკის კონფერენციაში მონაწილეობა არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოწვევა გაუგზავნა. კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.
ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას
16-18 თებერვალს მიუნხენში ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო და ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებს. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობისთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს მთავრობა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის ყოველწლიურად მონაწილეობენ. 2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გასული წლის 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა. გასული წლის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ზელენსკი გერმანისა და საფრანგეთს ეწვევა
გერმანიასა და საფრანგეთში 16-17 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიასა და საფრანგეთს ეწვევა და გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს გამართავს,“ -აცხადებენ ზელენსკის ადმინისტრაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, 17 თებერვალს, ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრებს და მის ფარგლებში რამდენიმე ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. კერძოდ, დაგეგმილია მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებსა და ბიზნესმენებთან.
პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness).საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში.