თეგი: მიხაილო ფედოროვი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე სირსკის დრაპატი ცვლის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის გადადგომისა და მის ნაცვლად მიხაილო დრაპატის დანიშვნის შესახებ განაცხადა. უკრაინაში, მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე აღდგენას და სირსკის გადაყენებას, რომელთანაც ფედოროვს დაპირისპირება ჰქონდა.  ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მიხაილო ფედოროვს მთავრობაში ახალი თანამდებობა შესთავაზა, რომელიც სახელმწიფოს ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებასთან იყო დაკავშირებული. „გადავწყვიტე, რომ მიხაილო დრაპატი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი გახდება. მიხაილოსთან, ევგენ ხმარასთან და პავლო პალისასთან ერთად განვსაზღვრეთ, თუ როგორ უნდა განახლდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურა. ფაქტია, რომ ალექსანდრ სირსკიმ უზრუნველყო უკრაინის წარმატება კიევის დაცვაში, ხარკოვის შეტევით ოპერაციასა და კურსკის შეტევაში. მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ და უკრაინის თავდაცვა გრძელდება. მადლობელი ვარ ალექსანდრ სირსკის და ყველა ჩვენი ჯარისკაცის ფრონტზე უკრაინის ძლიერი პოზიციებისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შორ მანძილის დარტყმების გეგმა ზუსტად განხორციელდება. ასევე, დრაპატიმ, ევგენი ხმარამ და სხვა მეთაურებმა უნდა მოამზადონ უკრაინის თავდაცვის განახლებული სტრატეგია და ნაბიჯები კორპუსის სისტემის რეფორმის გასაგრძელებლად. პრეზიდენტმა პრიორიტეტად რუსული დარტყმებისგან ცის დახურვა და მობილიზაციის პროცესის რეალისტური ხედვა დაასახელა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინისტრმა ფედოროვმა და მთავარსარდალმა სირსკიმ ვერ შეძლეს საერთო ენის გამონახვა და რომ ბრძოლის ველზე, ბრიგადებსა და მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა. 18 ივლისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მოლაპარაკებები გამართა თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მიხაილო ფედოროვთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ალექსანდრ სირსკისთან და პირობა დადო, რომ „არმიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შემუშავდებოდა.“ 20 ივლისს სირსკიმ ბოდიში მოუხადა მიხაილო ფედოროვს და განაცხადა, მას არ ჰქონდა გაცნობიერებული მათ შორის კონფლიქტის არსებობა და რომ ამ თანამშრომლობას პროფესიულ ურთიერთობად მიიჩნევდა.