თეგი: მიხაილ გალუზინი
მოსკოვი აცხადებს, რომ თბილისთან კავშირების გაუმჯობესებას აპირებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა რუსულ სახელმწიფო მედია ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი, თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში, აპირებს გააგრძელოს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა. „რაც შეეხება თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია ის 2008 წელს გაწყდა [მიხეილ] სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით. სამწუხაროდ, მათი აღდგენის შესაძლებლობა ექვემდებარება პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონის ახალ რეალობას. ჩვენი მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობის მიუხედავად, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა,“ - განაცხადა გალუზინმა. გალუზინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი, რომელიც გამოწვეული იყო 2019 წელს ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით, დაძლეულია. „გასულ წელს გაუქმდა საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და აღდგა პირდაპირი ფრენები,“ - განაცხადა ლავროვის მოადგილემ. მანვე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები დადებითად მიიღო მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა გასულ წელს „რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს“ ატარებდა.
რუსეთმა გიორგი ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი შეარჩია
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან „კონტაქტი უკვე დამყარებულია.“ რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვს ზურაბაშვილთან მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს. „გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დავამყარეთ. მისი რუსი ვიზავიც განსაზღვრულია - ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას,“ - განუცხადეს გამოცემას რუსეთის საგარეო უწყებაში. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა სამინისტროს ინფორმაციით, მომლაპარაკებლები ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურული გაცვლების გაფართოებაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს - მათ შორის, სოფლის მეურნეობის უწყებების წარმომადგენლები აგროპროდუქციის ორმხრივი მიწოდების გამარტივებაზე მუშაობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთის სპეცწარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა მალე გაიმართება. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ ცნობილი გახდება. მისი თქმით, საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს შორის ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი. „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი - ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება [საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არ აღიარების] არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება. რაც შეეხება ურთიერთობებს ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა მინსკში, 19 ნოემბერს გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს მინსკში შეხვდება. ეს გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრაა. რუსეთმა გიორგი ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი შეარჩია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომლაპარაკებლები ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურული გაცვლების გაფართოებაზე. უწყებაში 16 ნოემბერს განაცხადეს, რომ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს - მათ შორის, სოფლის მეურნეობის უწყებების წარმომადგენლები აგროპროდუქციის ორმხრივი მიწოდების გამარტივებაზე მუშაობენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბიშვილის წარდგენისას, განსახილველ საკითხთა ნუსხაში დაასახელა რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგი. 2012 წლის შემდეგ დაწყებულ დიალოგს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში მართავდნენ. სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო 2025 წლის პირველი დეკემბრიდან, როდესაც პოსტი გიორგი ქაჯაიამ დატოვა. ამ თანამდებობაზე მან 2024 წელს ზურაბ აბაშიძე შეცვალა. რაც შეეხება მინსკს, ბელორუსის დედაქალაქს, რუსეთის ფედერაცია ითხოვდა „ჟენევის ფორმატის“ მინსკში გადატანას. გაერო, ეუთო და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას არ ემხრობიან. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები“ წლების განმავლობაში იყო ერთადერთი ფორმატი, რომელშიც რუსეთი და საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ფორმატში მოსკოვი და თბილისი ევროკავშირის, აშშ-ის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად საუბრობენ. რუსეთის ფედერაცია 2022 წლიდან ითხოვს ფორმატის ცვლილებას. ინიციატივას მხარს უჭერენ ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალშიც და მოლაპარაკებების სასურველ ადგილად მინსკს ან ნაირობის ასახელებენ.
მინსკში მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა გაიმართა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილს შორის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების განცხადებით, მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილს შორის შეხვედრა მინსკში, „განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში“ შედგა. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობით, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე იმსჯელეს. უწყების ცნობით, მხარეებმა „რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას“ მიაღწიეს და კონტაქტების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. სამინისტრო შეთანხმებების შინაარსს არ აკონკრეტებს. „ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე აქცენტით, მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა შედგა. მიღწეული იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმებები,“ - ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. „ორივე დელეგაციის ხელმძღვანელებმა მადლიერება გამოხატეს ბელორუსული მხარის მიმართ რუსულ-ქართული შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. მიღწეული იქნა შეთანხმება კონტაქტების გაგრძელების შესახებ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაცია მოგვიანებით გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. მისი მიხედვით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა 19 ნოემბერს, მინსკში, პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან. ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ცნობაშიც ნათქვამია, რომ მხარეებმა „მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს“, თუმცა დეტალები დაკონკრეტებული არ არის. „შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს. ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს. მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში და მადლობა გადაუხადეს ბელორუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა მინსკში, 19 ნოემბერს გაიმართება