თეგი: მკითხავი
ყირგიზეთი მკითხავებისა და ექსტრასენსების რეკლამის აკრძალვას გეგმავს
ყირგიზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, რესპუბლიკაში მკითხავებისა და ექსტრასენსების რეკლამა აიკრძალება. უწყების ცნობით, დოკუმენტის ინიციატორი 25 დეპუტატი იყო. კანონპროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა მარლენ მამატალიევმა აღნიშნა, რომ რთულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები ხშირად მიმართავენ ექსტრასენსებსა და მკითხავებს, რომლებიც ზებუნებრივი შესაძლებლობების დახმარებით ჰპირდებიან ხალხს მათი პრობლემებისგან გათავისუფლებას. კანონპროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეების ცნობიერების მანიპულირების შეჩერებას. „სასოწარკვეთილი ადამიანი მზადაა, დაუჯეროს ყველას, ვინც ყველა პრობლემის აღმოფხვრას ჰპირდება. ამ გრძნობებზე თამაშობენ ეგრეთ წოდებული ჯადოქრები და ექსტრასენსები. მათ აქვთ ხალხის ცნობიერების მანიპულირების დიდი გამოცდილება. სამწუხაროა, იმის დანახვა, რომ მაღალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერული პროგრესის ეპოქაში ბევრი მოქალაქე ერევა ე.წ. ექსტრასენსებისა და ჯადოქრების ხრიკებში,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტი ძალაში შესვლამდე სამი მოსმენით უნდა დამტკიცდეს. ამის შემდეგ ის ხელმოწერისთვის პრეზიდენტს ეგზავნება . პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ კანონი ძალაში შედის.