თეგი: მლეთა
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი „მლეთის ინციდენტზე“ კომენტარს აკეთებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი საბედაშვილი მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ცნობებს ეხმაურება. ის ფაქტს სამწუხარო ინციდენტს უწოდებს და ამბობს, რომ ეს 2008 წელს დამდგარი ოკუპაციის შედეგია. საბედაშვილის თქმით, არსებობს მცდელობა, რომ მლეთაში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებულ სიახლედ შეიფუთოს საზოგადოების დაშინების მიზნით, თუმცა მისივე თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ტერიტორიაზე პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან. „სამწუხარო ინციდენტია, უბრალოდ აქაც რომ სწორად შევაფასოთ მიმდინარე მოვლენები, რადგან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თითქოს მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების დაშინება და პანიკის დათესვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება განსაკუთრებით ახალი აქტივობები. აქ არ არის საუბარი განსაკუთრებულზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოჩენა საოკუპაციო ხაზზე ეს არის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი, მაგრამ აქ არის საუბარი სიახლეებზე. ჩვენ, როდესაც მუდმივი, განგრძობადი ოკუპაციის პროცესში ვიმყოფებით, ჩვენ ეს პროცესები უნდა შევაფასოთ მისი დაწყებიდან დღემდე. რაც შეეხება მლეთას - ისტორია მლეთასთან დაკავშირებით არის შემდეგი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ, პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან, მათ შორის, გარკვეული პერიოდულობით ხდება მათი გამოჩენა უშუალოდ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის საკითხი, რაზეც ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება წლების განმავლობაში ვიბრძვით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ეს არის მუდმივი ბრძოლის საგანი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მოგეხსენებათ, ლომისის წმინდა გიორგის სალოცავზე საქართველოს მოსახლეობა შარშანაც იმყოფებოდა, შარშანწინაც და იმის წინათაც. სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც. მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ შარშანაც, იმის წინაც და იმის წინა წლებშიც, ამ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მოდიოდნენ ხოლმე, ჩვენ მუდმივად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მათთან, რომ ამ ტერიტორიებზე არ მოხდეს მოქალაქეების დაკავება, ან უკანონოდ დაკავებულები მალევე გათავისუფლდნენ და ა.შ. სამწუხარო ინციდენტია, მაგრამ ეს არის 2008 წელს დამდგარი ოკუპაციის შედეგი. ვუსმენდი, ამბობდნენ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის არის ეს ადგილი და ამ ადგილის დაკავების შემდეგ მოხდება სტრატეგიული გზების და ხეობების კონტროლიო - ძალიან დიდი ბოდიში, 2009 წლიდან პატრულირებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, წელს გახდა ეს სტრატეგიული მნიშვნელობის? ახლა?! - აცხადებს გიორგი საბედაშვილი „რუსთავი 2-თან.“ სოციალურ ქსელებში დღეს ვრცელდებოდა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ჩანდა, რომ სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რამდენიმე რუსი სამხედრო სპეციალური ტექნიკით გადაადგილდება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც ერთ-ერთია, ვინც აღნიშნული ვიდეო გაავრცელა, ამბობდა, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსების საოკუპაციო პატრული სამუშაოს ატარებს, რაც მათი დიდი ხნის გაცხადებული ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილია. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ „რაც ახალგორის ოკუპირება მოხდა, რუსეთის მხარემ გაავლო თავისი ე.წ. საზღვარი და იქ კვირაში ორ-სამჯერ ამოდის რუსული ჯარის პატრული.“ „მეტი არაფერი მომხდარა ახლაც. წლების განმავლობაში ასე ხდება და ვიღაცამ ეს როგორც სიახლე, ისე დადო. ამოდიან, რამდენიმე ხანი რჩებიან, ათვალიერებენ და ჩადიან უკან. ერთ ნაბიჯს აქეთ გადმოდგამენ თუ იქით გადადგამენ, ამას ვერავინ გააკონტროლებს. იქ ეს ხაზი რომ არსებობს საერთოდ, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ზოგადად, მაგრამ ახლა სიახლე და განსაკუთრებულობა ეს არ არის,” – ამბობდა დეკანოზი.
ჯაღმაიძე მლეთაში ჩასვლის შემდეგ: ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს
სოფელ ზედა მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან, რუსეთის საოკუპაციო ძალის ჯარისკაცების გამოჩენის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთაში იმყოფებოდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც იქ შემნილ ვითარებას Facebook ლაივის დროს გამოეხმაურა. „ლომისის ტაძარი საქართველოში რამდენიმეა. გუშინდელ სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ლომისის ტაძრის კარი აჭედილია. მოსახლეობისგან აღებულია ინტერვიუ, სადაც ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა. შემდგომ, ეს კადრები გადმოდის მლეთის წმინდა გიორგის ტაძარზე და სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება, რომელ ტაძარზეა საუბარი. საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც კირბალი ჰქვია. სოფელ კირბალშია სწორედ ეს ტაძარი. მოკლედ გეტყვით, რა მოხდა იმ ტაძარში ცოტა ხნის წინ. იქაც შესაძლებელი იყო, რაღაც პერიოდის წინ გადასვლა. წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ იქ ვიღაცამ ააფრიალა ქართული დროშა, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს - აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. მსგავსი ტაძრები რამდენიმე გვაქვს გორის რაიონში, ეს არის სოფელ აძვში წმინდა გიორგის ტაძარი, სოფელ ქერეში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი. ამიტომ, ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, სახელებისა და ადგილების აღრევა, რაღაც მოვლენების გადანაცვლება, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს,“ - აღნიშნა ჯაღმაიძემ. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ე.წ. სასაზღვრო ზოლზე ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები. „2009 წლიდან ე.წ. სასაზღვრო პატრული ამოდის ამ ტერიტორიაზე. კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი, ე.წ. საზღვარი ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი სწორედ ამ ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქით მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს რუსული ბაზა, მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან. გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობა ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა. ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ეს შემთხვევები, ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად. როგორც გითხარით, ეს არის ე.წ. სასაზღვრო ზოლი და ამიტომ აქ, ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები,” - აღნიშნა ჯაღმაიძემ. ასევე გაეცანით: სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი „მლეთის ინციდენტზე“ კომენტარს აკეთებს ცნობისთვის, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ გუშინ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერდა, რომ „ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი ფაქტობრივი ოკუპაციის ქვეშ არის.“ „ლომისის წმინდა გიორგის ტაძარი იმ ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ 2 წელიწადია ვსაუბრობთ. „ქოცხელისუფლება“ კი აგრძელებს "პრაგმატული პოლიტიკის" გატარებას. ჰა, ქართველობას ვინ გვართმევს ახლა?“ - წერდა ქაცარავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან მოყოლებული, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და ხელოვნური ბარიერია გავლებული.