თეგი: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 11 მაისს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გამყარება ინფლაციური წნეხის შემცირების მიმართულებით ერთ-ერთი ფაქტორია. ამასთანავე, სებ-ი მიიჩნევს, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე მართალია სამიზნე 3%-ზე მაღალი იქნება, თუმცა ის ამჟამად არსებულ 12.8%-ზე დაბლა ჩამოვა. ამის გათვალისწინებით, სებ-ი მიიჩნევს, რომ ამჟამად რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება აუცილებელი არაა. სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე 30 მარტს გაზარდა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება:"ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ გაზრდილი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. მაშინ, როდესაც 2022 წელი გლობალურად ინფლაციური პროცესების დარეგულირების პერიოდად მოიაზრებოდა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ახალ რისკებს დაუდო სათავე. კერძოდ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ეკონომიკებში, ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსოფლიო მასშტაბით გაზრდილი ფასები საქართველოს ბაზარსაც გადმოეცა და ინფლაცია, მიუხედავად წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებისა, მაღალ დონეზე (12.8 პროცენტი) დარჩა. რომ არა ზემოხსენებული ახალი შოკი, ინფლაციის სწრაფი შემცირების ტრაექტორია იყო მოსალოდნელი. გასათვალისწინებელია, რომ, მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საგარეო სექტორის პერსპექტივა კვლავ გაურკვევლობის შემცველია. ამავე დროს, ბოლო პერიოდში ლარის გამყარებამ იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი. ამასთან, მართალია ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპი ბოლო პერიოდში გაიზარდა, ჯამურ პროდუქტიულობას აღდგენის დინამიკა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შრომის ბაზრიდან ინფლაციაზე მნიშვნელოვანი წნეხი არაა. მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა, წინა წლის ერთჯერადი ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე, მას შემცირების მიმართულება ექნება.მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ნარჩუნდება, მათ შორის ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო მეორე მხრივ - უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზე. შესაბამისად, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აშშ დოლარით მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე დარიცხვას ფიქსირებულად 0 პროცენტზე შეინარჩუნებს. საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპის შესამცირებლად, ეროვნული ბანკი დამატებით ზომებსაც მიღებს, მათ შორის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის არსებული ზედა ზღვრის (ამჟამად - 25%) ზრდის ჩათვლით. ამავე დროს, მოსალოდნელია, რომ ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები ხელს შეუწყობს სამომხმარებლო სესხების ზრდის არსებული მაღალი ტემპების ეტაპობრივ კლებას.რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, განახლებული პროგნოზებით, 2022 წელს 4.5 პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია. ინფლაციური რისკების მატების ფონზე, გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, 2022 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი აღდგენის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, საომარი მოქმედებების ფონზე, ამ მიმართულებით რისკები მაღალია. წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად დაახლოებით 43 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები ანალოგიურ პერიოდში, წლიურად დაახლოებით 7.4-ჯერაა გაზრდილი, თუმცა 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირება კვლავ მნიშვნელოვანია (32 პროცენტი). გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც - 2022 წლის იანვარ-მარტში წლიურად 36 პროცენტით.საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 22 ივნისს ჩატარდება.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10.50 პროცენტამდე მცირდება - ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის აპრილში მთლიანი ინფლაცია 2.7 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4.7 პროცენტამდე შემცირდა. „ინფლაციის კლებას, დიდწილად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს ტენდენციები, გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი განეიტრალდა. შედარებით მცირე ბიჯებით იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში მისი შემცირება გაგრძელდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინფლაციური მოლოდინები კლებადია. მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში, იქნება. შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წინა წელთან შედარებით დაკრედიტების შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს, მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა. შესაბამისად, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე, ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი გაზრდილია, რაც შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. ამავდროულად, ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს ჩატარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 25 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. „მიმდინარე წლის სექტემბერში მთლიანი ინფლაცია 0.7 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.5 პროცენტი იყო. დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივად წარმოებული საქონლის კლებადი ინფლაციაც, რომელიც სექტემბერში 5.3 პროცენტს გაუტოლდა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება.“ ეროვნული ბანკის განცხადებით, აღნიშნული პროგნოზის პარალელურად, მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. „არსებულ შოკებს დაემატა, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით. ბოლო პერიოდში, საწვავის ბაზარზე ტენდენციებიც გარკვეულწილად გაუარესდა, როგორც, ფასების, ასევე, მიწოდების არასტაბილურობის თვალსაზრისით. ამ რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციებიც საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს მოთხოვნა კვლავ ძლიერია და მოსალოდნელია 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ბოლო თვეების განმავლობაში სესხების ზრდის ტემპიც შედარებით დაჩქარდა, რისი ძირითადი წყაროც გაზრდილი ბიზნეს სესხებია, უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში. საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობის დაჩქარებით გამოწვეული ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა, როგორც წესი, დამატებით ინფლაციურ რისკს შეიცავს. მაღალი გაურკვევლობისა და აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს. ჯერ კიდევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში უცხოური ვალუტის მხარეს გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებების ერთობლიობა გვეხმარება დაკრედიტების ზომიერი ტემპის შენარჩუნებაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოთ აღნიშნულ ინფლაციურ რისკებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,“ - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters