თეგი: მოსწავლეები
ბავშვები, რომელთაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყებას შეძლებენ
პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 83 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ბავშვებს, რომლებსაც პირველ ოქტომბრამდე 6 წელი შეუსრულდათ, სკოლაში შესვლის შესაძლებლობას აძლევს. მომხსენებლის გიორგი ამილახვარის განმარტებით, კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა განპირობებულია სასკოლო ასაკის ბავშვების რეგისტრაციის ვადების მოახლოებით. კანონპროექტის განხილვამდე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა დედაენის დღე მიულოცა კოლეგებს და საქართველოს მოქალაქეებს. „დღეს არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის - დედაენის დღე - გილოცავთ ყველას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, ხათუნა კვიციანი, მაია მენაღარიშვილი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, როსტომ ჩხეიძე და რამინა ბერაძე.
განათლების სამინისტრო: სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან
სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან, - ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება. "სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი, ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით. ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან“, - აცხადებენ სამინისტროში. სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.
2021-2022 სასწავლო წელს სწავლა 8 846-მა მოსწავლემ შეწყვიტა, რაც წინა წელზე 25,5%-ით მეტია - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 8 846 მოსწავლემ შეწყვიტა, რაც 25.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.6 პროცენტი გოგოა, ხოლო 57.4 პროცენტი - ბიჭი. საქსტატის მონაცემებით, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 302 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 216 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება. 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.4 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.9 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 10.1 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.1 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.9 პროცენტი - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.4%) თბილისში სწავლობს. 2022/2023 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 172 217 მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.3 პროცენტით ნაკლებია. 2022 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 45 423 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.3 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 60 235 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26.5 პროცენტით მეტია, ხოლო საბაზო განათლება - 45 008 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.4 პროცენტით ჩამორჩება. 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 296 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.4 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.6 პროცენტია.
სასამართლომ 4 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი დამნაშავედ ცნო
მასწავლებელს, რომელსაც საკუთარი მოსწავლეების მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი, საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" ავრცელებს. საქმეში დაზარალებულად სულ 4 მოსწავლე იყო ცნობილი. "სასამართლომ მასწავლებელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის, მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. მოზარდი გოგონების მშობლების ინფორმაციით, პოლიციისთვის მიმართვამდე მათ საქმის კურსში ჩააყენეს სკოლის დირექცია, თუმცა ფაქტს დირექტორისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა. საქმეში არსებობს წერილიც, რომელიც მოსწავლეებმა დირექტორს მისწერეს მასწავლებლის მიერ მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი დაზარალებული გოგონას დედა ამბობს, რომ საქმის გახმაურება ბევრს არ სურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების შესაძლო რეაქცია იყო:„ბევრს არ სურდა ამ საქმის გახმაურება. სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა ამ ამბავს, მაგრამ სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელი ყოველთვის გვერდით დაუდგება. ყველა ნორმალურმა და მოსიყვარულე მშობელმა იგივე უნდა გააკეთოს. არ უნდა შეეშინდეს კრიტიკის ან იმის, რომ თითით საჩვენებლები გახდებიან“. ამ ეტაპზე სასამართლო სკოლის დირექტორის ბრალდებაზე მსჯელობს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. პროკურატურამ მას ბრალი დანაშაულის დაფარვის მუხლით წარუდგინა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ბათუმში, სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს
ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სპრეიმ გამოიწვია, რომელიც კლასში გაუშვეს, - ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთი მასწავლებელი და ათამდე მეშვიდეკლასელი მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „იყო შემთხვევა როდესაც მასწავლებელს კლასში დაეწყო ხველება, ჩემამდე კლასში ავიდა მანდატური და მასაც დაეწყო ხველება, ბავშვებსაც ჰქონდათ ხველების ნიშნები და პრევენციის მიზნით გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, მშობლები ინფორმირებული მყავს. მოსწავლეები გადავიყვანეთ იაშვილის კლინიკაში და ახლა კარგად არიან. ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრიც ჩართულია. პოლიცია გამოვიძახეთ, რადგან დაგვეხმაროს დადგენაში რა მოხდა“- ამბობს სკოლის დირექტორი, ნატალია მგელაძე "ბათუმელებთან" საუბარში.
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. უწყების ინფომაციით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. „მოგეხსენებათ, პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 მაისის N 543304 ბრძანების მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა: გახანგრძლივდა ამჟამად მიმდინარე II ეტაპი – მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. 2023 წლის 22-23 მაისს დამატებით განხორციელდება რეგისტრაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2023 წლის 24 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა, ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი. იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ. III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. IV ეტაპი – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვრცელდება დეზინფორმაცია გამოცდების დაწყების თარიღზე - გამოცდების ეროვნული ცენტრი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებსა და სხვა გამოსაცდელებს, არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და იხელმღვანელონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge. ამ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი, ინფორმაცია საგამოცდო ბარათების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოცდები 2023-ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი ყველა მონაწილეს სთხოვს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება. საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია: გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4)", - ნათქვამია ინფორმაციაში. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. გთავაზობთ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს.