თეგი: მოქალაქეობის მიღება
საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება - ბრეგაძე
საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „დღეს საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელა, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარებაზე. სწორედ, ამიტომ ჩვენი მხრივ გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რომ მაქსიმალურად და გონივრულ ფარგლებში სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს პროცედურები შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გაუმარტივდეთ. სწორედ, ამ მიზნით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს და არა დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დრო და რესურსი დაიზოგება“, - განაცხადა ბრეგაძემ.