თეგი: მოძრაობა
თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
25-28 მაისს რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25-28 მაისს რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. "თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00-დან 06:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ცნობისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს, 07:00 საათიდან უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
კუნძულ ზმეინის გათავისუფლების შემდეგ, დუნაი-შავი ზღვის არხით გემებმა მოძრაობა დაიწყეს
უკრაინის საზღვაო გემების ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ოდესის ოლქში კუნძულ ზმეინის განთავისუფლების შემდეგ, გემებმა დუნაი-შავი ზღვის არხით მოძრაობა დაიწყეს. ზელენსკი: კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ - უკრაინა „დუნაი-შავი ზღვის არხის გასწვრივ ნავიგაცია განახლდა. რუსული ჯარისგან ზმეინის კუნძულის განთავისუფლებისა და სულინის არხის გავლის მოლოდინში დიდი რაოდენობის გემების დაგროვების გათვალისწინებით, არხის გამოყენება შესაძლებელია", - წერია განცხადებაში. კუნძული ზმეინი სტრატეგიული წერტილია და მისი გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 1-ელ ივლისს ვიდეომიმართვისას განაცხადა. ოპერატიული სარდლობის მიერ, 30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულეს, რუსებმა კი, კუნძულ ზმეინიდან მათი გარნიზონის ევაკუაცია სასწრაფოდ მოახდინეს. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 9 აგვისტოს 00:00 საათიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, ტრანსპორტი ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით, მხოლოდ ირბახის ქუჩის გავლით იმოძრავებს; წურწუმიას ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება, ირბახის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის აღმართის მიმართულებით; მესხიშვილის ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ არმაზის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის აღმართისა და ირბახის ქუჩის მიმართულებით. ასევე, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირზე, თელავის ქუჩის კვეთიდან ავლაბრის მოედნამდე, ხოლო თელავისა და ბოჭორმის ქუჩების კვეთიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება თელავის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით. აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N393 იმოძრავებენ კაჩინსკის ქუჩის გადაკვეთამდე, ხოლო ავტობუსი N337 კაჩინსკის ქუჩას გაივლის ბოლომდე. ავტობუსები მოძრაობას განაგრძობენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ევროპის მოედანს, კვლავ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩაზე მიიყვანენ. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ გორგასალის ქუჩისკენ და 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, კაჩინსკის ქუჩას და ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან. შემდეგ ავტობუსები იმოძრავებენ დადგენილი სქემით. მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534, N540 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ, შემდეგ, ზურაბაშვილის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვდებიან და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას, ავლაბრის მოედნიდან მოძრაობას წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით შეძლებენ, საიდანაც ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და ისნის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.