თეგი: მოწოდება
„ჩვენს ხელებზე სისხლია“ - არნოლდ შვარცენეგერმა ევროპას მოუწოდა, რომ რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტოს
ავსტრიელი წარმოშობის ამერიკელმა მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა, ავსტრიის მსოფლიო სამიტზე ვენაში განაცხადა, რომ ვინც რუსულ ნავთობს ყიდულობს, „მათ ხელებზე სისხლია“. არნოლდ შვარცენეგერი: ომი უკრაინას არ დაუწყია, ომი დაიწყო კრემლმა მან ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა შეწყვიტონ რუსული ენერგორესურსების შესყიდვა. შვარცენეგერმა ეს ფაქტი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების დაფინანსებად შეაფასა. ეს არ არის შვარცენეგერის პირველი მიმართვა უკრაინის ომთან დაკავშირებით. მანამდე მან რუსეთს უკრაინაში შეჭრის შეჩერებისკენ მოუწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩეხეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს, რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ რუსეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, ხოლო იქ მყოფებმა, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა. ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთში, ევროპის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. „ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თანამოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა [რუსეთის ფედერაცია]“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად რუსეთში იმყოფებიან, პრაღის ხელისუფლება აფრთხილებს, რომ მოსკოვსა და ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების გამო, მოსკოვში ჩეხეთის საელჩო შესაძლოა, შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდეს. მანამდე მსგავსი განცახადებით, თავის მოქალაქეებს აშშ-ის, პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ხელისუფლებამ მიმართა.