თეგი: მსოფლიო
მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, - ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექსპორტით მიღებულია 11,6 მლნ აშშ დოლარი. "ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს: პოლონეთი 103% (502986 ბოთლი), ჩინეთი 514% (278493), ლიეტუვა 114% (117588), აშშ 245% (79890), ლატვია 22% (92892), ესტონეთი 102% (64344), იაპონია 482% (17280) და დიდი ბრიტანეთი 35% (42528). ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც: უკრაინა 93% (574566), ყაზახეთი 106% (99672), ჰოლანდია 74% (18270), შვედეთი 234% (19590), რუსეთი 34% (3204979), მონღოლეთი 23% (40884) და სხვა. საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 123-მა კომპანიამ განახორციელა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
კვლევა: ყოველწლიურად, გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონი ადამიანი იღუპება
ატმოსფეროს დაბინძურება და გარემოში გამოტყორცნილი შხამიანი ნარჩენები მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. ამის შესახებ Reuters საერთაშორისო მეცნიერების ჯგუფის Pure Earth-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ეკოლოგიის პრობლემებს სწავლობენ. მეცნიერები მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ე.წ.„თანამედროვე დაბინძურება“ - წარმოების შედეგად ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება ადამიანების სიკვდილის მიზეზი ხდება. ამ მიზეზებით სიკვდილობა 2000 წლის შემდეგ 66%-ითაა გაზრდილი, ამბობს კვლევის ავტორი რეიჩელ კუპკა. ამასთან, გლობალური სიკვდილობის ანალიზის თანახმად, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შედეგად 2015-2019 წლებში სიკვდილობის მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა. ”ჩვენ ვსხედვართ ბოულერის ქვაბში და ნელ-ნელა ვიწვებით. კლიმატის ცვლილების, მალარიის ან აივ-ის გავრცელების პრობლემებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვაქცევთ საკმარის ყურადღებას გარემოს დაბინძურების საკითხებს“, - აღნიშნა რიჩარდ ფულერმა. მეცნიერთა აზრით, იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობაც ყველაზე მეტად განიცდის გარემოს დაბინძურებას, არის ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ნიგერი, სოლომონის კუნძულები, სომალი, სამხრეთ აფრიკა, ჩრდილოეთ კორეა, ლესოტო, ბულგარეთი და ბურკინა ფასო.
FAO: სურსათის იმპორტის ხარჯები მსოფლიოში, რეკორდულ $1,94 ტრილიონამდე გაიზრდება
2022 წელს სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯები 10%-ით გაიზრდება და რეკორდულ $1,94 ტრილიონ შეადგენს. ეს ზეწოლას მოახდენს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ბევრად ნაკლები პროდუქტის ყიდვას შეძლებენ. FAO-ს თანახმად, ზრდა არაპროპორციულად მოქმედებს ეკონომიკურად დაუცველ ქვეყნებზე. ეს პროცესი მოსალოდნელია მომავალ წელსაც გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი სოფლის მეურნეობის მიწოდების მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდება. „ეს გამაფრთხილებელი ნიშნებია სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით “, - ნათქვამია FAO-ს პროგნოზში. FAO-მ აღნიშნა, რომ სურსათის იმპორტი დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში 10%-ით შემცირდება. „იმპორტიორებს უჭირთ მზარდი საერთაშორისო ხარჯების დაფინანსება, რამაც შესაძლოა, მათი მდგრადობა მაღალი საერთაშორისო ფასების მიმართ შეასუსტოს“, - ნათქვამია FAO-ს პროგნოზში. სურსათის მსოფლიო ფასებმა რეკორდულ დონეს 2022 წლის მარტში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ფასები გარკვეულწილად შემცირდა, 2021 წლის ნიშნულზე მაღალია.
მსოფლიოში თხევადი გაზის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა
გასულ წელს, მთელ მსოფლიოში იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ Reuters იტყობინება. გასულ წელს მსოფლიოში 409 მილიონი ტონა თხევადი გაზი იყო იმპორტირებული. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 386,6 მილიონი ტონა შეადგინა. ამავდროულად, იაპონია გახდა თხევადი გაზის ყველაზე დიდი იმპორტიორი, მანამდე ამ ეს პოზიცია ჩინეთს ეკავა. Reuters აღნიშნავს, რომ განვითარებადი აზიის ქვეყნების უმეტესობამ გასულ წელს ნაკლები თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდა, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.