თეგი: მუსიკალური დიპლომატია

ენტონი ბლინკენმა გლობალური მუსიკალური დიპლომატიის ინიციატივა წამოიწყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გლობალური მუსიკალური დიპლომატიის ინიციატივა წამოიწყო. პრეზენტაციის ფარგლებში ბლინკენი გიტარისტისა და ვოკალისტის როლში წარდგა. მან ანსამბლთან ერთად შეასრულა ბლუზის ჟანრის შედევრი Hoochie Coochie Man, რომელიც პირველად მადი უოტერსმა 1950-იან წლებში ჩაწერა. „მუსიკა, როგორც დიპლომატიური იარაღი მშვიდობისა და დემოკრატიის ხელშესაწყობად და შეერთებული შტატების უფრო ფართო საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდასაჭერად,“ - ასე განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ინიციატივას, რომელიც უწყების განცხადებით, მიზნად ისახავს, გამოიყენოს საჯარო და კერძო პარტნიორობის შესაძლებლობები მუსიკალური ეკოსისტემის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანასწორობასა და შემოქმედებითობას, შექმნის შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას. „ის დაეფუძნება მიმდინარე საჯარო დიპლომატიის მუსიკალურ პროგრამებს, რათა შექმნას საჯარო-კერძო პარტნიორობა ამერიკულ კომპანიებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან, რათა გამოიყენოს მუსიკა ამერიკული ლიდერობის გადმოსაცემად და ადამიანებთან კავშირების შესაქმნელად,“ - ვკითხულობთ ბლინკენის უწყების პრესრელიზში. „მუსიკა ყველა ჩვენგანისთვის არის საშუალება, ვაჩვენოთ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვიყვარს და ასევე ვისწავლოთ იგივე სხვა ადამიანების შესახებ. თაობების განმავლობაში, აშშ-ის დიპლომატია მუშაობდა მუსიკის ძალის ათვისებაზე, რათა რეალურად ეშენებინა ხიდები, ხელი შეეწყო თანამშრომლობისთვის ამერიკელებსა და ხალხს შორის მთელ მსოფლიოში. 1940-იან წლებს რომ დავუბრუნდეთ, შეერთებული შტატები დაეხმარა ამერიკელ მუსიკოსებს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში. ეს დაიწყო კლასიკური მუსიკოსებით, მომღერლებით და ჯაზის გამორჩეული შემსრულებლებით, როგორებიც არიან, დიზი გილესპი და ლუი არმსტრონგი,“ - ამბობს თავის მხრივ, ენტონი ბლინკენი.