თეგი: მშვიდობა

ჩავუშოღლუ: თურქეთი აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, სხვა რეგიონებში საომარი მოქმედებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად

რუსეთის ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ, ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის რეფორმირება გამოიწვია. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების დიპლომატიის მეთაურთა შეხვედრაზე განაცხადა. „თურქეთი თავიდანვე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად, ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, სხვა რეგიონებში საომარი მოქმედებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა თურქეთის მინისტრმა. ჩავუშოღლუმ ყურადღება გაამახვილა თურქული დიპლომატიის წარმატებულ შუამავლობებზე, მათ შორის „მარცვლეულის შეთანხმების“, პატიმრების გაცვლისა და კონფლიქტის მხარეთა შეხვედრების ორგანიზებაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომის ფონზე თურქეთი „მონტრეს კონვენციის“ ყველა მოთხოვნას ასრულებს, რამაც შესაძლებელი გახადა შავი ზღვის რეგიონში დაძაბულობის ინტენსივობის შემცირება. „მარტიდან მოყოლებული თურქეთის სრუტეში არც ერთი სამხედრო ხომალდი არ გასულა. არცერთ რუსულ სამხედრო თვითმფრინავს არ გამოუყენებია თურქეთის საჰაერო სივრცე სირიისკენ მიმავალ გზაზე. ანკარა მოუწოდებს ქვეყნებს გამოიჩინონ თავშეკავება ყველა შესაძლებლობის შემთხვევაში“, - განაცხადა მინისტრმა. ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პრობლემა მარტო კრიტიკით არ მოგვარდება და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები. „ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის. ეს არის ზუსტად ის, რაც თურქეთს სურს“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა მოუწოდებს NATO-ს პარტნიორებს, არ განასხვავონ ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ჩავუშოღლუმ გაიხსენა, რომ მადრიდში NATO-ს ბოლო სამიტის მონაწილეებმა ტერორიზმი ალიანსის უსაფრთხოების ორი ძირითად საფრთხეს შორის დაასახელეს. „NAT0-ს მოკავშირეები ამ საკითხში თურქეთის მხარეს უნდა დადგნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომელიც ალიანსში ტერორიზმის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მყოფი მოკავშირეა“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.