თეგი: მშპ
ეროვნული ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. წინა პროგნოზებით, 2022 წელს 5 %-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში იქნება. ამ ფონზე, სებ-ში აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შენელების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნიდან ინფლაციური ზეწოლა მცირე იქნება და წლის განმავლობაში დომინანტი კვლავ მიწოდების ფაქტორები დარჩება. ამასთან, როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მოსალოდნელია, რომ საკრედიტო აქტივობა, მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომებისა, წლის განმავლობაში ზომიერად მაღალი იქნება. მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკური ზრდაზე დაგეგმა, თუმცა უკვე თავადაც აღიარებს, რომ ამ მაჩვენებლის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა 1 მილიარდი დოლარით იზარალოს. ასევე წაიკითხეთ: ფინანსთა მინისტრის მოადგილე: საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს
ბელორუსის ეკონომიკა მცირდება
ბელორუსის სტატისტიკის სამსახურმა განაცხადა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 0.4%-ით შემცირდა. მთლიანი მშპ-ს მოცულობამ 42,6 მილიარდი ბელორუსული რუბლი შეადგინა. 2021 წელს ბელორუსის მშპ 2,3%-ით გაიზარდა 2020 წელს 0,9%-იანი ვარდნის შემდეგ. 2019 წელს მშპ-ს ზრდამ 1,9% შეადგინა. ბელორუსის ხელისუფლების პროგნოზით 2022 წელს მშპ 2,9% უნდა გაზრდილიყო. 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სანქციების სიაში რუსეთისა და ბელორუსის კიდევ 120 ორგანიზაცია დაამატა, რომელთაც კავშირი აქვთ აეროკოსმოსურ და საზღვაო სექტორებთან. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა. ბელორუსის ლიდერმა, ალიაქსანდრე ლუკაშენკამ, რომელმაც მანამდე უარყო ბელარუსის ჯარის მონაწილეობა დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებაში, მოგვიანებით განაცხადა, რომ „თუ რუსეთს დასჭირდება“, ბელარუსის ჯარი უკრაინაში იქნება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი პროდუქტების მარაგების შემცირებასა და მაღალ ფასებს პროგნოზირებს
IMF: მშპ-ს მოცულობით საქართველო რეგიონში მეხუთეა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.2%-ით გაიზრდება და მიმდინარე ფასებში $20.9 მილიარდს მიაღწევს. ამასთან, IMF-ის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე კიდევ $603 გაიზრდება და $5,618 გაუტოლდება. 191 ქვეყანას შორის საქართველოს 2022 წლის მშპ ერთ მოსახლეზე რიგით 105-ე ადგილზეა პარაგვაისა და მოლდოვას შორის. რეგიონის ქვეყნების მშპ ერთ მოსახლეზე ასე ნაწილდება: რუსეთი - $12,575, 69-ე ადგილი; თურქეთი - $8,081, 87-ე ადგილი; აზერბაიჯანი - $7,165, 91-ე ადგილი; საქართველო - $5,608, 105-ე ადგილი; სომხეთი - $4,741, 114-ე ადგილი; უკრაინა - IMF პროგნოზს ვერ აკეთებს.
საქსტატი: პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14.9%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.9% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 8.7%-ით გაიზარდა.საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 14,354 მლნ ლარს გაუტოლდა. ეკონომიკის რომელი დარგები გაიზარდა 2022 წლის პირველ კვარტალში: ტრანსპორტი და დასაწყობება (29.4%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (54.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (47.9%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (70.3%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (8.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (13.2%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (18.8%), განათლება (18.2%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (7.4%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1%), მშენებლობა (7.3%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (24.9%). საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა - ვაჭრობა (14.8%) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.0%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.1%), სახელმწიფო მმართველობა (7.3 პროცენტი), მშენებლობა (7.1%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.5%).ცნობისათვის, დაზუსტებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო
მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია როგორც ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროექტების დაფინანსებაზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდა სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომლისკენაც ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებდნენ. „მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ძვირფასო მეგობრებო, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება და ეს ცვლილებები ორიენტირებულია 2 ძირითადი მიზნის მიღწევაზე. პირველი - ეს არის ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება. აქვე, მინდა ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ამის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ასეთი ძლიერი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა, რაც ასევე, ძალიან კარგი მაჩვენებელია. „ამასთანავე, ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტი იქნება მხოლოდ 3,2%. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებითი თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი. საბოლოო ჯამში, მე მინდა ვთქვა, რომ ეს პროგნოზი და ტენდენციები გაგრძელდება, ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი გვექნება, როგორიც გვქონდა გასულ წელს. ეს მოვახერხეთ ჩვენი სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელზეც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ. ამის თაობაზე მინდოდა რომ მომეწოდებინა ინფორმაცია, ანგარიში ჩამებარებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბატონი ფინანსთა მინისტრი არის მზად, რომ ამის თაობაზე დეტალურად ისაუბროს მედიასთანაც, პარლამენტში გვექნება ამის თაობაზე საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ეფექტიანი მუშაობისთვის“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მეორე კვარტალში მშპ 7.1%-ით გაიზარდა - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 17 979.4 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.1 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 8.2 პროცენტით. „2022 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (75.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.6 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.9 პროცენტი), განათლება (12.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.0 პროცენტი).კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.7 პროცენტი), მშენებლობა (-3.2 პროცენტი).მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.5 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (10.9 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (7.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (4.8 პროცენტი),”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
ბალტიისპირეთის ქვეყნები სამხედრო ხარჯებს მშპ-ს 3%-მდე გაზრდიან
ბალტიის სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარასკევს რიგაში გამართულ შეხვედრაზე, მომდევნო წლებში სამხედრო ხარჯების მშპ-ს 3%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა განუცხადა. ჯერ კიდევ 2014 წელს NATO-ს ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ მშპ-ს მინიმუმ 2%-ს დახარჯავდნენ თავდაცვაზე და მიუხედავად რუსეთის თავდასხმისა უკრაინაზე, NATO-ს ეს ზღვარი ჯერ არ აუწევია. ესტონეთმა უკვე დაგეგმა მილიარდი ევროს დახარჯვა თავდაცვაზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - ეს არის მისი მშპ-ის დაახლოებით 2,9%-3,0%. 2023 წლის მარტში, ესტონეთში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და ყველა წამყვანი პარტია უკვე აცხადებს, რომ სამხედრო ხარჯები მშპ-ს 3-6%-მდე გაიზრდება. წელს ესტონეთი, ბიუჯეტის მიხედვით, თავდაცვაზე მშპ-ს 2,34%-ს დახარჯავს, ლატვია - 2,10%-ს, ლიეტუვა - 2,36%-ს.