თეგი: მცხეთა
პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ
პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბ.შ. თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა და დავით მიქიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო ბ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე, მის ავტომობილზე თავდასხმის და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის დროს, ბ.შ.-სთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ გ.შ. და მ.ხ., რომლებმაც აღნიშნულის შესახებ არ განაცხადეს სამართალდამცავ ორგანოებში. პროკურატურამ ბრალდებულ ბ.შ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პოლიციელზე, მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გ.შ.-ს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. რაც შეეხება მ.ხ.-ს, მას ბრალდება 4 მაისს წარედგინა, ხოლო 6 მაისს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მცხეთაში, არმაზის ქუჩაზე ადგილობრივები აქციას მართავენ
მცხეთაში, არმაზის ქუჩაზე ადგილობრივები აქციას მართავენ. მაცხოვრებლები გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაგებას მოითხოვენ. ამასთან, მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეების თქმით, საგზაო სამუშაოების ჩატარების მიზნით გზა დაახლოებით 6 თვის წინ გადათხარეს, თუმცა სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა.
მცხეთაში შურისძიების მოტივით, ბლაგვი საგნით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მცხეთაში შურისძიების მოტივით ბლაგვი საგნით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. 2022 წლის 21 აპრილს იგი დაკავებული იქნა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მცხეთის მუნიციპალიტეტში, მაშველებმა 4 წლის დაკარგული ბავშვი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შემოვიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი. ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შემოვიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი. ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ. მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, პატარა ბიჭი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამ ქალაქში ბიზნესისთვის წყლის ტარიფი იზრდება
პირბელი იანვრიდან თბილისში კომპანიებს წყალი 35%-ით გაუძვირდებათ. ახლა 1კუბ.მ წყალში კომპანიები 6,5 ლარს იხდიან, მომავალი წლიდან კი 8,81 ლარს გადაიხდიან. თბილისსა და მცხეთაში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი 8.807 ლარი/კუბ.მ, ხოლო რუსთავში - 6.500 ლარი/ კუბ.მ-მდე გაიზრდება. გაზრდილი ტარიფი 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით იქნება მოქმედი. გადაწყვეტილება სემეკმა დღეს, 28 დეკემბერს მიიღო. სემეკის ინფორმაციით, ფასის ზრდა გამოწვეულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით. ამის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სემეკს 2024-2026 წლებში თითქმის 364 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია შეუთანხმა. გეგმების შესაბამისად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისსა და მცხეთაში 317,897,722 ლარის, ხოლო რუსთავში - 45,971,101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.