თეგი: მცხეთის სასამართლო
პროკურატურა: პირი, რომელმაც პროკურორებს ფეხსაცმელი ისროლა, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო
პირი, რომელმაც მცხეთის სასამართლოში პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო, - მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესზე, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სხდომის დარბაზში ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა. აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით გამოიხატა). მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო და აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.