თეგი: მწერლები
ასზე მეტი ქართველი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი, მოსკოვის საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლების, ილუსტრატორების და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილი მოსკოვის საბავშვო ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, ქართული ლიტერატურული საზოგადოებისა და განსაკუთრებით საბავშვო მწერლებისთვის მიუღებელია მოსკოვში დაგეგმილ საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობდა. განცხადების თანახმად, დსთ-ის ქვეყნების მწერლებთან და ლიტერატორებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წარმომადგენლებიც. „ფაქტი, რომ მოსკოვი და რუსეთის დამნაშავე რეჟიმი, რომლის სისხლიან პოლიტიკას სხვადასხვა დროს საქართველოს არაერთი მოქალაქე ბავშვი ემსხვერპლა და რომელიც ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომში ისევ ბავშვებს კლავს, საბავშვო წიგნის ფესტივალს მართავს, ზედმიწევნით ცინიკურია და მასში მონაწილეობის მიღება ყველაზე ბნელი და ძალადობრივი რეჟიმის, ბავშვთა მკვლელების მხარეს დგომაა. ქართველი საბავშვო მწერლები გმობენ ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებას, ხოლო ქართული ლიტერატურული საზოგადოება მოითხოვს, გაირკვეს რომელი ორგანიზაცია მონაწილეობს მასში ჩვენი სახელმწიფოს, საქართველოს სახელით. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის კერძო კომპანია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო სტრუქტურა. ოკუპანტ ქვეყანაში, მსგავს ფორუმებზე, საქართველოს სახელით, არ უნდა მონაწილეობდეს არცერთი შემოქმედებითი გაერთიანება. მიგვაჩნია, რომ ეს არის იმ უმძიმესი პროცესის დასაწყისი, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა გადადის ჩვენი ქვეყნის დაპყრობისა და დამორჩილების საშიშ ეტაპზე და ცდილობს მის მიერ შექმნილი და დაფინანსებული ორგანიზაციებით, მედიასაშუალებებითა და ბინძური პროპაგანდისტული ძალებით, საქართველო წარადგინოს სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეებში, ჯერ თავად რუსეთში, ხოლო შემდეგ – საერთაშორისო პლატფორმებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში. ხელმომწერები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ ის კატეგორიულად ემიჯნება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ყველა მსგავს ინიციატივას და გმობს მასში საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ინდივიდუალურ დონეზე მონაწილეობას; გამოიძიოს ფონდ „აზბუკას“ წარმომავლობა, საქმიანობა და მიზნები; დაადგინოს და საზოგადოებას დეტალურად აცნობოს იმ სახელოვნებო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც რუსული ფულით ფინანსდებიან და ოკუპანტი ქვეყნის რეჟიმის პროპაგანდას ემსახურებიან. მოვითხოვთ, დაიბლოკოს ყველა მსგავსი, მოღალატეობრივი ინიციატივა. საქართველოს კანონმდებლობით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რუსეთი განსაზღვრულია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა და ჩვენ მოვითხოვთ ამ კანონის უმკაცრესად დაცვას. მოსკოვში ბავშვთა და მოზარდთა წიგნების საერთაშორისო ფორუმი იმართება სახელწოდებით „საბავშვო ლიტერატურის ენაზე: თანამშრომლობა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს შორის საბავშვო ლიტერატურისა და კითხვის სფეროში“. ღონისძიების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობენ თბილისის კულტურის ცენტრის „Азбука“-ს წარმომადგენლები. კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ნინო ჯაფარიძე და განათლების ფსიქოლოგი ნანა ხოტივრიშვილი არიან. „Азбука“-ს ვებგვერდის თანახმად, ის არის რუსული ენის ცენტრი, ცენტრის პარტნიორებს შორისაა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია. „ცენტრის მთავარი მიზანია რუსული ენის გავრცელება ენის კურსების საშუალებით, ასევე ლიტერატურული საღამოების, სხვადასხვა სახის ღონისძიებების, კონკურსებისა და მასტერკლასების მოწყობა“, - ნათქვამია „აზბუკას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. რუსეთის სახელმწიფო საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორის მარია ვედენიაპინას თქმით, ღონისძიებაში საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას.
მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ნაწილი, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ორი პირის მხარდასაჭერად წერილს ავრცელებს
70-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების გაპროტესტებისას დაკავებულ და პატიმრობაში მყოფ აქტივისტებს, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერად საერთო განცხადებას ავრცელებს. ისინი აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ. განცხადების ხელმომწერთა შორის არიან: არჩილ ქიქოძე, ლევან ბერძენიშვილი პაატა შამუგია ტორესა მოსი მაია ცირამუა ზვიად კვარაცხელია ირაკლი ლომოური გვანცა ჯობავა იაკი კაბე ნინო ლეჟავა ნიკა სამუშია გიორგი მაისურაძე. „არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება,“ - წერია განცხადებაში. მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მიიჩნევენ, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას დაკავება, შემდეგ კი მათთვის პატიმრობის მისჯა, „უსამართლო და უმძიმესი, საზოგადოების დამაზიანებელი გადაწყვეტილებაა“, სოლიდარობას უცხადებენ მათ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. „წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი სახელმწიფოს, ბანკებსა და კერძო ფინანსურ სუბიექტებს შორის და შევუერთდებით აქციებს და ვიბრძოლებთ ყველა კანონიერი ფორმით ამ სისტემის წინააღმდეგ,“ - აცხადებენ მიმართვის ავტორები. „ჩვენ გამოვდივართ ამ დანაშაულებრივი ქსელის და არა ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, კარგად გვესმის, რომ ფინანსური ინსტიტუტების დისკრედიტაცია სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს, ვფიქრობთ, რომ ფინანსური ინსტიტუტები თვითონვე უნდა ზრუნავდნენ ამ სისტემის აღმოსაფხვრელად, რადგან ეს მათ საქმიანობასაც აზარალებს და სახელმწიფოსაც,“ - ნათქვამია განცხადებშაში. თსუ-ის სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული, პროტესტს აგრძელებენ პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს, პატივს სცემს მათ უფლებებსა და თავისუფლებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას. მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება,“ - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.