თეგი: მწვანე ბარათი

ტრამპმა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების მინისტრ კრისტი ნოემის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამის შეჩერების ბრძანება გასცა. მისივე განმარტებით, სწორედ ამ პროგრამამ მისცა აშშ-ში ჩასვლის საშუალება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლასა და MIT-ის პროფესორის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსის პოლიციის უფროსის ოსკარ პერესის თქმით, ეჭვმიტანილი, პორტუგალიის მოქალაქე კლაუდიო ნევეშ ვალენტე თავდაპირველად აშშ-ში სტუდენტური ვიზით 2000 წელს შევიდა, ხოლო 2017 წელს მუდმივი რეზიდენტი გახდა. ვალენტე ხუთშაბათს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს. ნოემის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მას უთხრა, „დაუყოვნებლივ“ მიემართა აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურისთვის, შეეჩერებინათ „კატასტროფული“ პროგრამა, რათა მისი საშუალებით მეტი ამერიკელი არ დაზარალდეს. „ეს საზიზღარი ადამიანი არასდროს უნდა შემოეშვათ ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ნოემმა ეჭვმიტანილის შესახებ. "მწვანე ბარათი" - ოფიციალურად მუდმივი რეზიდენტის ბარათია, რომელიც მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. "მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზების" პროგრამა 1990 წლიდან მოქმედებს და მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს. ყოველწლიური გათამაშების საფუძველზე 50 000-მდე საიმიგრაციო ვიზა გაიცემა იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, საიდანაც შეერთებულ შტატებში იმიგრაციის დაბალი მაჩვენებელია. "მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზების" პროგრამის (DIVP) გათამაშების გამარჯვებულები ვიზების მიღებამდე სტანდარტულ შემოწმებას და საკონსულო გასაუბრებას გადიან. "ტრამპის ოქროს ბარათის" პროგრამა ამოქმედდა