თეგი: მწვანე ენერგეტიკული დერეფანი
უზბეკეთი და ყაზახეთი დაინტერესებულნი არიან, შეუერთდნენ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანს ევროპისკენ
უზბეკეთი და ყაზახეთი დაინტერესებულნი არიან, რომ ელექტროენერგია ცენტრალური აზიიდან ევროპაში "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის კასპია-შავი ზღვა-ევროპის" მეშვეობით გაიტანონ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ეს საკითხი ბუდაპეშტში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ, პარვიზ შაჰბაზოვისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, პეტერ სიიარტოს შეხვედრაზე განიხილეს. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანიდან „მწვანე ენერგიის“ დიდი მიწოდება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროექტის განხორციელებაში. პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა შეფასდა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს, მათ შორის უნგრეთს შორის ხიდის შექმნის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს უნგრეთის ბაზარზე აზერბაიჯანული გაზის მიწოდების მნიშვნელობა; გრძელვადიანი მიწოდების პერსპექტივები, ასევე უნგრულ კომპანიებთან ნავთობისა და გაზის პროექტებში თანამშრომლობის განვითარება. უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში შაბაზოვი ასევე შეხვდა უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ, ჩაბა ლანტოშს. მინისტრებმა ნახშირწყალბადების, მწვანე ენერგიის და ა.შ. სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.