თეგი: ნავთობტანკერი

დანია რუსული ნავთობის გადამზიდავი „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეზღუდვას ცდილობს

დანია იკვლევს გზებს, რათა ტანკერების ეგრეთ წოდებული „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომელსაც რუსული ნავთობი ბალტიის ზღვით გადააქვს, შეზღუდოს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. იტყობინება Reuters-ი. „ჩრდილოვანი ფლოტი“- ეს არის სქემა, რომლის დროსაც, ტანკერები ოფიციალურად იმ ქვეყნების დროშების ქვეშ დაცურავენ, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, თუმცა რეალურად რუსული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენენ. Bloomberg-ის ცნობით, 2023 წელს ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის თითქმის სრული რაოდენობა დადგენილ ზედა ზღვარზე მაღალ ფასად იყიდებოდა. რუსეთი თავისი საზღვაო ნავთობის ექსპორტის დაახლოებით მესამედს - გლობალური მიწოდების 1,5%-ს დანიის სრუტეებით აგზავნის. ეს არის კარიბჭე ბალტიის ზღვაში, ამიტომ, მიწოდების შეჩერების ნებისმიერმა მცდელობამ შეიძლება, ნავთობის ფასი გაზარდოს და კრემლის ფინანსები დააზარალოს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო, დასავლურმა ქვეყნებმა დააწესეს ფასის ლიმიტი რუსეთის ნავთობზე, რუსეთი ეყრდნობოდა ხშირად მოძველებულ ტანკერებს, რომლებიც დაზღვეულია დასავლეთის გარეთ. „დანიამ მოკავშირე ქვეყნების ჯგუფი შეკრიბა, რათა შეაფასოს ზომები, რომლებიც სამიზნედ აქცევს ამ ფლოტს,“ განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა Reuters-ს, თუმცა რა ზომებს განიხილავენ, მან ამ ეტაპზე არ ისაუბრა. "არსებობს ფართო კონსენსუსი, რომ ჩრდილოვანი ფლოტი საერთაშორისო პრობლემაა და საერთაშორისო გადაწყვეტილებებია საჭირო," - აღნიშნა ლოკე რასმუსენმა. ”მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ახალი ღონისძიება შეიძლება, განხორციელდეს პრაქტიკაში და რომ ისინი იურიდიულად გამართლებული იყოს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით,” - განმარტა დანიელმა მინისტრმა. რასმუსენის თქმით, მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან ბალტიის ზღვის სხვა ქვეყნები და ევროკავშირის წევრები. „სრუტეების გავლით გემებზე შეზღუდვების დაწესება მიუღებელია,“ განუცხადა თავის მხრივ, Reuters-ს რუსეთის ელჩმა დანიაში ვლადიმერ ბარბინმა. „ბალტიის ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებასა და საზღვაო გარემოს საფრთხეს წარმოადგენს არა რუსული ნავთობის ტანკერები, არამედ, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები,“ - ამტკიცებს ბარბინი.  დანია შეშფოთებულია, რომ ძველი ტანკერები, რომლებიც ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენენ მისი სრუტეებით, გარემოსთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ.  

ამერიკამ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა - Reuters

განახლება: აშშ-მ ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა მას შემდეგ, რაც ატლანტის ოკეანეში მისი დევნის ოპერაციას ატარებდა. ნათქვამია აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.  ტანკერი, რომელსაც თავდაპირველად Bella1 ერქვა, აშშ-მა2024 წელს დაასანქცირა, ვინაიდან, ის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილი იყო და უკანონო ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა. აღინიშნება, რომ ტანკერის დაკავების ოპერაციაში აშშ-ის სამხედროები და სანაპირო დაცვა მონაწილეობდნენ. Reuters-ის ცნობით, აშშ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების ოპერაციას ატარებდა. ატლანტის ოკეანეში, ისლანდიის ტერიტორიულ წყლებში ნავთობტანკერის Marinera-ს დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა. წყაროების ინფორმაციითვე, ოპერაციას აშშ-ის სანაპირო დაცვა და ამერიკელი სამხედროები ახორციელებდნენ. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ოპერაციის დაწყების დროს ტანკერის მახლობლად რუსული წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა. ამასთან, Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვამ საზღვაო ბლოკადის ფარგლებში, ვენესუელის სანაპიროსთან კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა. რუსეთმა სამხედრო ხომალდები გაგზავნა ნავთობტანკერის დასაცავად, რომელსაც აშშ-ის ძალები მიჰყვებიან - მედია  

თეთრი სახლის განცხადებით, დაკავებული გემის ეკიპაჟი შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საჭირო თუ იქნება, დღეს დაკავებული გემის ეკიპაჟს აშშ-ში ჩაიყვანენ სასამართლოსთვის. "დილით ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთში დაკვირვების შემდეგ, გემი იქნა დაკავებული ორდერით, რომელიც აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ გასცა," - განაცხადა ლევიტმა. მისი თქმით, გემი ვენესუელის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილი იყო, რომელსაც სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდა და "აშშ ამ პრეზიდენტის პირობებში ამას არ შეეგუება." "სასამართლო ორდერი გემზე მყოფი ეკიპაჟის დაკავებისთვის გაიცა, რაც ნიშნავს, რომ ეკიპაჟი ახლა სუბიექტია ფედერალური კანონის ნებისმიერი დარღვევის გამო გასამართლებისთვის და საჭირო თუ იქნება, მათ აშშ-ში ჩამოვიყვანთ ამ გასამართლებისთვის," - განაცხადა ლევიტმა. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ ნავთობის ტანკერის დაკავებას ეხმაურება. სამინისტრო მოითხოვს, აშშ-მ უზრუნველყოს „მარინერას“ ბორტზე მყოფი რუსების მიმართ „ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა.“ სამინისტროს განცხადებით, აშშ-მ არ უნდა შეუშალოს ხელი მათ „სწრაფ დაბრუნებას“ სამშობლოში. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მიერ ტანკერის დაკავება საზღვაო სამართლის დარღვევაა და მოუწოდებენ შტატებს, უზრუნველყოს ეკიპაჟის სწრაფი დაბრუნება სამშობლოში. BBC-ის ცნობით, თეთრი სახლიეს სპიკერი ლივიტი ამბობს, რომ გემი, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება „ბელა 1“-ს უწოდებს, „ყალბი დროშის აფრიალების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სტატუსის არმქონედ იქნა მიჩნეული.“ ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ რუსეთსა და ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერის დაკავებაში დიდი ბრიტანეთიც მონაწილეობდა.  სამინისტროს ინფორმაციით, მხარდაჭერა მოიცავდა წინასწარ დაგეგმილ ოპერატიულ მხარდაჭერას, მათ შორის, აშშ-ის სამხედრო აქტივების ბაზირებას.  ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა „საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში“ იყო.  მინისტრმა ჯონ ჰილიმ აღნიშნა, რომ გემს „საძაგელი ისტორია“ ჰქონდა და რუსეთ-ირანის სანქციების გვერდის ავლის ღერძის ნაწილი იყო, რომელიც ტერორიზმს, კონფლიქტსა და უბედურებას აღვივებს ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინამდე. უფრო ადრე, „თაიმსი“ წერდა, რომ დიდ ბრიტანეთში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიც ჩაფრინდნენ. გამოცემის ცნობით, ორ ბაზაზე, სულ მცირ,ე 11 ერთეული C-17 Globemaster სატრანსპორტო თვითმფრინავისა და ორი მძიმედ შეიარაღებული AC-130J Ghostrider საბრძოლო ხომალდისგან შემდგარი ფლოტი დაეშვა. ამერიკამ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა  

აშშ-ის მიერ ნავთობტანკერის დაკავებაში ბრიტანეთიც მონაწილეობდა

გაერთიანებულმა სამეფომ, შეერთებული შტატების მოთხოვნის საფუძველზე, დღეს გემ Bella 1-ის შეჩერების მიზნით, მხარდაჭერა უზრუნველყო. მთავრობის ოფიციალური განცხადების მიხედვით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს აშშ-ის მიერ გემ Bella 1-ის დაკავებას, რომელსაც „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობასა და ირანის სანქციების დარღვევაში ადანაშაულებენ. გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა უზრუნველყო წინასწარ დაგეგმილი ოპერატიული მხარდაჭერა. მათ შორის, ბაზირების მხარდაჭერა გაუწიეს აშშ-ის სამხედრო რესურსებს, რომლებიც Bella 1-ის შეჩერებას ცდილობდნენ. კერძოდ, გემი RFA Tideforce უზრუნველყოფდა მხარდაჭერას აშშ-ის ძალებისთვის, რომლებიც აედევნენ Bella 1-ს, ხოლო სამეფო საჰაერო ძალებმა (RAF) ჰაერიდან სადაზვერვო მხარდაჭერა უზრუნველყო. განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე ღრმაა და გაერთიანებულმა სამეფომ დახმარება უზრუნველყო საერთაშორისო სამართლის სრულ დაცვით. ჩვენი გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალებმა მაღალი პროფესიონალიზმი და ოსტატობა გამოავლინეს აშშ-ის მიერ გემ Bella 1-ის წარმატებული შეჩერების მხარდაჭერისას, მაშინ როდესაც ის რუსეთისკენ მიემართებოდა. ეს ქმედება გლობალური ძალისხმევის ნაწილი იყო სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. ეს გემი, რომელსაც ბნელი წარსული აქვს, რუსეთ-ირანის სანქციების გვერდის ავლის ღერძის ნაწილი იყო, რომელიც ტერორიზმს, კონფლიქტსა და უბედურებას აღვივებს ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინამდე. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ქმედებების გაძლიერებას ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური სტაბილურობის დასაცავად, რათა ბრიტანეთი იყოს დაცული ქვეყნის შიგნით და ასევე, ძლიერი -  საერთაშორისო ასპარეზზე. შეერთებული შტატები გაერთიანებული სამეფოს უახლოესი თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორია, ხოლო ჩრდილოატლანტიკის უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. აშშ-სთან ჩვენი თავდაცვის ურთიერთობის სიღრმე ჩვენი უსაფრთხოების არსებითი ნაწილია და დღევანდელი შეუფერხებლად განხორციელებული ოპერაცია ნათლად აჩვენებს, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ეს ურთიერთობა პრაქტიკაში,“ - განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა. გემი Bella 1 შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულია ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, რომელთა მიზანია ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის დაფინანსების შეჩერება არალეგალური ნავთობის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების გზით. გემი თავდაპირველად, ცრუ დროშის ქვეშ ცურავდა, ზღვაში ყოფნისას გამორთო ტრანსპონდერები და დევნის პროცესში სცადა დროშის შეცვლა, რაც მიუთითებს მის ბნელ კავშირებზე გლობალური სანქციების გვერდის ავლის საქმიანობასთან. არსებობს რამდენიმე წლის წინანდელი შეფასებები, რომ Bella 1 ჩართული იყო უკანონო საქმიანობაში, დაკავშირებული საერთაშორისო ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის, „ჰეზბოლასთან“, და წარმოადგენს მზარდი ჩრდილოვანი აქტივობის ქსელის ნაწილს, რომელიც მთელ მსოფლიოში კვებავს და აფინანსებს ბნელ საქმიანობას. „გემის რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრაცია აჩვენებს რუსეთის როლს ამ ურთიერთდაკავშირებულ ჩრდილოვან საქმიანობაში, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, აზიანებს ჩვენს ეკონომიკას და ასუსტებს გლობალურ უსაფრთხოებას,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შეკავება და საქმიანობის შეფერხება გაერთიანებული სამეფოს პრიორიტეტია. დღემდე სანქციები დაწესებულია 520 რუსულ ჩრდილოვანი ფლოტის გემზე. დიდი ბრიტანეთის მთავრიბის განცხადებით, რუსეთის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნავთობის შემოსავლები 27%-ით შემცირდა 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თეთრი სახლის განცხადებით, დაკავებული გემის ეკიპაჟი შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს  

საზღვაო სააგენტოს განცხადებით, ამოწმებენ ცნობას იმის შესახებ, რომ აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეებიც არიან

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, ეკიპაჟის წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიება. სააგენტო აცხადებს, რომ ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის, საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია; ასევე, ეკიპაჟში არიან უკრაინის 20 და რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე. „არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებულ იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას,“ – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 იანვარს დაადასტურა, რომ ტანკერის ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები და ამერიკული მხარისგან მოითხოვენ მათ მიმართ ჰუმანურ და ღირსეულ მოპყრობას, უფლებების დაცვას და სამშობლოში სწრაფად დაბრუნებას. შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა, სანქციების დარღვევისთვის ტანკერის ეკიპაჟის წევრებს სისხლის სამართლით გათვალისწინებულ ბრალს წაუყენებენ. ბონდის ინფორმაციით, Bella 1-ს ნავთობი გადაჰქონდა ვენესუელიდან და ირანიდან. გენერალური პროკურორის თანახმად, სანქციების დარღვევის გარდა ტანკერის ეკიპაჟი არ დაემორჩილა აშშ-ის სანაპირო დაცვის მოთხოვნას და გაქცევა სცადა.  ცნობისთვის, ცნობისთვის, ტანკერი „მარინერა“, რომელიც გავრცელებული ცნობით, რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა, აშშ-ის სამხედროებმა 7 იანვარს დააკავეს. ამ გემის სახელწოდება წარსულში იყო „ბელა 1“ და ის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი ირანული, ვენესუელური და რუსული ნავთობის გადაზიდვის გამო. ამერიკამ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა თეთრი სახლის განცხადებით, დაკავებული გემის ეკიპაჟი შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს