თეგი: ნანა შარიქაძე
ნანა შარიქაძემ კონსერვატორიის რექტორის პოსტი დატოვა
კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, თანამდებობა დატოვა. ყოფილი რექტორი აჯამებს ბოლო 4 წელს და წერს, რომ კონსერვატორიაში რჩება, როგორც ლექტორი. შარიქაძე იმედოვნებს, რომ პროფესიულ საქმიანობას შეუფერხებლად გააგრძელებს. „დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყო ქვეყნის ერთადერთი კონსერვატორიის რექტორი, უმაღლესი სასწავლებლის, რომელსაც უდიდესი ტრადიციები გააჩნია. 4-წლიანი პასუხისმგებლობა დასრულდა - პერიოდი სავსე გამოწვევებით, არაპროგნოზირებადი სირთულეებით (განსაკუთრებით პანდემიის ჟამს), მაგრამ ასევე წარმატებებით და, რაც მთავარია, სიახლეებით, რომლებიც საგანმანათლებლო პროცესს აჯანსაღებდა, სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოდ გარდაქმნიდა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან აახლოებდა," - წერს შარიქაძე. ის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს და 2023 წლის 11 აპრილს "დახურულ კარს მიღმა" გამართულ შეხვედრას იხსენებს. „მახსენდება კულტურის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომლის მსგავსიც მხოლოდ არქივში მაქვს წაკითხული. მხედველობაში მაქვს 2023 წლის 11 აპრილი და მისი შემდგომი პერიოდი - ურთულესი პერსონალურად ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემთან ერთად ესწრებოდნენ იმ შეხვედრას და ალბათ იმათთვისაც, ვინც ამ ომში ბრმა იარაღად გამოიყენეს, ან თავიანთი სურვილით გამოაყენებინეს თავი. მჯერა, რომ მოვა დრო, როცა 11 აპრილის შეხვედრაზე მყოფნი იტყვიან, რომ იქ არ ყოფილან... და მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ფასი იმ დღეს თქვენ გადაიხადეთ," - წერს შარიქაძე. მისივე შეფასებით, კონსერვატორიისთვის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება ისევ გამოწვევად რჩება. „რეფორმა კი ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება," - ამბობს ის. 20 სექტემბერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში” გამოსვლისას განაცხადა, რომ „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი”. მისივე შეფასებით, „კონსერვატორია დღეს ვერ ახერხებს სტუდენტებს მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლება მიაწოდოს”. „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო, განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს,” - განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება არჩევნების პროცედურის შეწყვეტას, სამინისტრო კულტურის აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა 27 სექტემბერს სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქცია გამართეს.