თეგი: ნარკოლოგიური შემოწმება

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ. შესაბამისი ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტით, უქმდება განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან ამოდის მუხლი, რომლის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებული არიან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ და ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი ცნობა წარუდგინონ, რა დოკუმენტიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით საჯაროა და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მისივე ცნობით, წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება შესაძლოა, არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ჰქონდეთ. ჯერ კიდევ მოქმედი „საარჩევნო კოდექსით“, დეპუტატობის მსურველ კანდიდატს ნარკოლოგიური შემოწმება მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ცესკო საარჩევნო რეგისტრაციაში არ გაატარებს.