თეგი: ნარკოპოლიტიკა
SJC: ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მეტწილად, კვლავ სადამსჯელო ხასიათისაა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ნარკოპოლიტიკის ძირითად ტენდენციებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მეტწილად, კვლავ სადამსჯელო ხასიათისაა. კერძოდ, ანგარიშის თანახმად: მიუხედავად იმისა, რომ 2021-2022 წლების ანტინარკოტიკულ სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია საკანონმდებლო ბაზის დახვეწის საჭიროება, 2022 წელს ამ მიმართულებით არსებითი ცვლილება არ განხორციელებულა; 2022 წელს რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 41%-ით, რაც საანგარიშო პერიოდში დანაშაულის წლიური მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; 2022 წელს გაიზარდა ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ჯამური მაჩვენებელი - 4802 შემთხვევა; ნარკოტიკულ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირებს ყველაზე ხშირად პირობითი სასჯელი ენიშნებოდათ. ყველაზე იშვიათად კი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა; ოპიოიდებით ზედოზირების დროს გამოსაყენებელი პირველადი დამხმარე საშუალების, ნალოქსონის მარაგი სააფთიაქო ქსელებში მცირეა. შესაბამისად, კვლავ დღის წესრიგში დგას მასზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. შენიშვნა: ეს ანგარიში შექმნილია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველსაყოფად“ და გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე, ევრაზიის ზიანის შემცირების ასოციაციის მიერ გამოცხადებული ქვე-გრანტების პროგრამის, „მდგრადი სერვისები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონის სამიზნე მოსახლეობისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ ანგარიში არ გამოხატავდეს დონორთა შეხედულებებს.
პრემიერის თქმით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის ერთიანი, განახლებული გეგმა უნდა შემუშავდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის ერთიანი, განახლებული გეგმა უნდა შემუშავდეს. მა შესაბამისი თხოვნით ძალოვან უწყებებს მიმართა. ირაკლი კობახიძის თქმით, დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ; მომხმარებლებს სჭირდებათ ზრუნვა, თუმცა რეალიზატორებთან საჭიროა მაქსიმალური სიმკაცრე და ეს უნდა იყოს მთავრობის პოლიტიკა ამ მიმართულებით. „ნარკოპოლიტიკა არის საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაზეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებიც ხშირად საუბრობენ; მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმისთვის, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა გასული პერიოდის განმავლობაში, მოხდა რეალიზატორების იდენტიფიცირება, ქსელების იდენტიფიცირება, თუმცა კიდევ უფრო მეტია საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ კვლავაც სახეზეა ნარკოტიკების რეალიზაციის, მოხმარების ფაქტები. „არის გარკვეული სისტემური მოვლენებიც, რაც ამას უკავშირდება. არის ასეთი ტერმინი მათ შორის დამკვიდრებული - ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რაც მე ვიტყოდი, რომ არის იმ იდეოლოგიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, ანუ ეს არის ამ იდეოლოგიური ხაზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რასაც ვფიქრობთ, რომ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არ არის ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება რომ მისაღები იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის და რომელიც შეიძლება წაადგეს ჩვენს საზოგადოებას. ნარკოტიკები ანადგურებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ღირებულებებსაც და ეს არის ამ ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ახალგაზრდებში განადგურდეს ღირებულებები, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ. ერთი პერიოდი ამ ადამიანებმა მიაღწიეს წარმატებას ლიბერალური ნარკოპოლიტიკის იდეოლოგიის პროპაგანდის მიმართულებით. თუმცა, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მომხმარებლებზე, ჩვენ გვჭირდება პირიქით ზრუნვა მომხმარებლების მიმართ, იმისათვის, რომ მათ უარი ვათქმევინოთ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, თუმცა რაც შეეხება რეალიზაციას, რეალიზატორებს, აქ გვჭირდება მაქსიმალური სიმკაცრე, ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა. ასევე ყურადღება არის მისაქცევი ფსიქოტროპულ აფთიაქებზე, ამას ცალკე უნდა გაესვას ხაზი, რაზეც საზოგადოებაშიც ხშირად საუბრობენ და მინდა, ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, რომ შევიმუშაოთ ერთიანი, განახლებული გეგმა იმისათვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს ჩვენი ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ,“ - განაცხადა პრემიერმა.