თეგი: ნარკოტიკული თრობა
შსს: 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა
2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან არცერთი არ იყო არასრულწლოვანი, ხოლო 32 მათგანი ქალია. დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, იანვარ-მარტში, ყველაზე მეტი 754 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც 574-ს ნარკოლოგიური თრობა დაუდასტურდა. რაც შეეხება ქალების შემოწმების შედეგებს, 32 ქალიდან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 13 მათგანს ჰქონდა. რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოლოგიურ თრობაზე 5052 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 3631-ს დაუდასტურდა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 4225 პირი შეამოწმეს, ნარკოტიკული თრობა 2689-ს დაუდასტურდა. შემოწმებულ პირთაგან 71 ქალი იყო, მათ შორს, ნარკოტიკული თრობა 17 ქალს დაუდასტურდა. რაც შეეხება არასრულწლოვანებს, 2021 წლის განმავლობაში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 30 არასრულწლოვანი შეამოწმეს, მათ შორის 28 ბიჭი და 2 გოგო, აქედან ნარკოტიკული თრობა 19-ს აქვს დადასტურებული 17 - ბიჭს და 2 - გოგოს.
2023 წელს შემოწმებული 5492 პირიდან ნარკოტიკული თრობა 4023-ს დაუდასტურდა, აქედან 10 არასრულწლოვანი იყო
2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 5492 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 4023 პირს დაუდასტურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულთაგან 5 338 მამაკაცია, რომელთა შორისაც 3970-ს დადებითი შედეგი ჰქონდა; ხოლო 154 ქალიდან ნარკოტიკული თრობა 53-ს დაუდასტურდა. გასულ წელს ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 17 არასრულწლოვანი იყო, რომელთაგან 10-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. სტატისტიკის თანახმადვე, ნარკოლოგიურ შემოწმება გავლილთა შორის ყველაზე ბევრი, 3278 ადამიანი 25-44 ასაკობრივ კატეგორიაში იყო - მათგან 2 393 მამაკაცსა და 34 ქალს დადებითი შედეგი ჰქონდა. აღნიშნულ პერიოდშივე ნარკოლოგიური შემოწმება 60 წელს ზემოთ მყოფმა 155-მა მოქალაქემ გაიარა - მათგან 72-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.