თეგი: ნატალია ვუტოვა
ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი: შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე რეაგიერბის კუთხით, სტატისტიკა გაუმჯობესდა
ევროპის საბჭო საქართველოში რიგით მეხუთე თანასწორობის კვირეულს აღნიშნავს. თანასწორობის კვირეული ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება და მიზნად ისახავს მრავალფეროვნების და თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიურობის ხელშეწყობას და საზოგადოების ინფორმირებას, დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი დაცვის მექანიზმების შესახებ. წელს, კვირეული 15 ნოემბერს “დედაენის ბარში” გაიხსნა. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის ნატალია ვუტოვას განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით იკვეთება გაუმჯობესებული სტატისტიკა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე რეაგიერბის კუთხით, თუმცა მიუხედავად ამისა, უმცირესობების წევრები, კვლავ ხშირად ხდებიან თავდასხმისა და სიძულვილის ადრესაქტები, ეთნიკური იდენტობის, სქესის თუ რელიგიური ნიშნით. „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით. როგორც უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, საზოგადოებაც უფრო მეტად აცნობიერებს უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დაცვის მნიშვნელობას. ევროპის საბჭო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ სამთავრობო უწყებები, პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება წარმატებით გადაჭრიან თანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ვიმედოვნებ, რომ მიიღწევა ამ საკითხის გარშემო არსებული მოსაზრებებისა და მიდგომების სინერგია და კანონმდებლობის, პოლიტიკის და პრაქტიკის სრულყოფა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. ეს კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს ევროპულ სტანდარტებამდე, რომელიც განსაზღვრულია ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ,” განაცხადა ვუტოვამ. კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების 2021-2022 წლების სტატისტიკის ანალიზის პრეზენტაცია. სტატისტიკას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და უზენაესი სასამართლო 2020 წლიდან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, აწარმოებენ და საქსტატის ვებგვერდზე აქვეყნებენ. სტატისტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ 2021-2022 წლებში, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე გაზრდილია როგორც გამოძიების, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის, სასამართლოს მიერ განხილული საქმეებისა და მსჯავრდადებულ პირთა გამოვლენის რაოდენობის მაჩვენებლები. კერძოდ, შესაძლო დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების საერთო რაოდენობა 5,8%-ით არის გაზრდილი (2021-ში 1 703 საქმე - 2022-ში - 1 802 საქმე), ანალოგიურად, ამავე პერიოდში 40%-ით არის გაზრდილი სისხლისსამართლებრივი დევნა − პირებზე, რომლებმაც შეუწყნარებლობის ნიშნით მოტივირებული დანაშაული ჩაიდინეს. ამავე დანაშაულზე, 73%-ით არის გაზრდილი სასამართლოს განხილული საქმეების რაოდენობა და 82,2%-ით გაიზარდა გამოვლენილი მსჯავრდადებული პირების რაოდენობაც. თანასწორობის კვირეული იმართება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.