თეგი: ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია
ევროკავშირი მობილიზაციას გამოქცეული რუსების მისაღებად და თავშესაფრის მისაცემად რეკომენდაციებს ამზადებს
ევროკავშირი წევრი ქვეყნებისთვის მობილიზაციას გამოქცეული რუსი მოქალაქეების მისაღებად და მათთვის თავშესაფრის მისაცემად რეკომენდაციებს ამზადებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა განაცხადა. მისი თქმით, თავშესაფრის მისაღებად საზღვარზე მისვლა საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია თავშესაფრისთვის ოფიციალური განაცხადის წარდგენა. ერიკ მამერის თქმით, ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების ვალდებულებაა, ეს განაცხადები განიხილონ. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
პუტინმა „შეცდომა აღიარა“
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა. კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ „სამობილიზაციო ღონისძიების დროს, მოქალაქეებისგან უამრავი ინფორმაცია შემოდის თავად გაწვევის ორგანიზებაზე, აღჭურვის ხარისხზე, საცხოვრებელ პირობებსა და სხვა თემაზე. „მათ ბევრი კითხვა უჩნდებათ. ყველა შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და თავიდან ავიცილოთ სამომავალოდ“. „აუცილებელია თითოეულ ასეთ შემთხვევის ცალ-ცალკე განხილვა და თუ შეცდომა დაშვებულია, ის უნდა გამოსწორდეს - სახლში დაბრუნდნენ ისინი, ვინც გამოიძახეს სათანადო მიზეზის გარეშე“, - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას.