თეგი: ნდობის ჯგუფი
ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს, 2021 წელს სამსახურის მიერ განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. „სხდომაზე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული გლობალური და რეგიონული ხასიათის კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები, ისევე როგორც სამსახურის საპასუხო ნაბიჯები აღნიშნულის საპასუხოდ საანგარიშო პერიოდში. მოხსენების შედეგად გამოიკვეთა, რომ სამსახური ეფექტიანად ახდენდა უსაფრთხოების გარემოს სკანირებას, საფრთხეების და გამოწვევების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას, ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირების, ასევე სადაზვერვო ინფორმაციის სხვა მომხმარებელი სუბიექტების შესაბამისი ანალიტიკური პროდუქტით უზრუნველყოფას. სამსახურმა გადადგა მნიშნვნელოვანი ნაბიჯები ინსტიტუციური გაძლიერების, ასევე საერთაშრორისო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით“, - აცხადებს ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.
პარლამენტში ნდობის ჯგუფის წევრებმა ანზორ ჩუბინიძეს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს მოუსმინეს. უწყების ხელმძღვანელმა კანონმდებლებს სამსახურის საქმიანობის ანგარიში და ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტები გააცნო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ინფორმაცია უწყების მიერ 2021 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მათ შორის, ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის დასაცავი პირების და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მან ისაუბრა გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტებს და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობას. ნდობის ჯგუფი აქტიურად აგრძელებს წლიური მოხსენებების მოსმენას და როგორც კი დასრულდება აღნიშნული პროცესი, ჩვენ გადავალთ შესაბამისი უწყებების თემატურ მოსმენებზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
ნდობის ჯგუფის წევრებმა ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს, რომელმაც უწყების საქმიანობის საიდუმლო ნაწილის შესახებ 2021 წლის ანგარიშზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებებზე, სტრატეგიული მილსადენის დაცვასა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზეც გაამახვილა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი უმნიშვნელოვანესი მანდატიდან გამომდინარე, საქმიანობს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მართლწესრიგის უზრუნველყოფა, დანაშაულის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო საზღვრის მართვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. სამინისტრო თავისი ფუნქციებით სხვადასხვა სფეროში და ჩვენს მოქალაქეებთან ყოველდღიური, მჭიდრო კონტაქტით, საზოგადოებრივი სერვისის ყველაზე დიდი მიმწოდებელია ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ინტერესების გათვალისწინებით, სამინისტროს ამოცანების ეფექტიანი შესრულების მიზნით, უწყების საქმიანობის გარკვეული ნაწილი არ არის საჯარო და ის დახურულია. სწორედ ამ ნაწილზე გვქონდა დღეს საუბარი. ეს ეხება სფეროებს, როგორებიცაა: სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და საიდუმლო შესყიდვები“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ასევე წაიკითხეთ: პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა
პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მივიდა
პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მივიდა. რეგლამენტის გათვალისწინებით, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები პარლამენტის ნდობის ჯგუფს ინფორმაციას საიდუმლო შესყიდვებისა და საიდუმლო პროგრამების შესახებ აცნობენ. როგორც ცნობილია, შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება.