თეგი: ნეიტრალიტეტი
კახა კალაძე: ძალიან უხერხულია ნეიტრალიტეტზე საუბარი, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ძალიან უხერხულია ნეიტრალიტეტზე საუბარი, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს. „სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20%-იც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები დამაზიანებელია და ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - აცხადებს კალაძე. ასევე წაიკითხეთ: არჩილ თალაკვაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის განსაზღვრულია და ამ კურსის შეცვლა ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ მოხდება
ავსტრია ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს, მაგრამ თავდაცვის ხარჯებს გაზრდის - კარლ ნეჰამერი
ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიატოვებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, მაგრამ უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით თავდაცვის ხარჯებს გაზრდის. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ედუარდ გეგერის ვენაში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნეჰამერს ჰკითხეს, გადახედავს თუ არა ავსტრია თავისი ნეიტრალიტეტის საკითხს. ამაზე ავსტრიის კანცლერმა უპასუხა, რომ შვედეთისა და ფინეთისგან განსხვავებით, ავსტრიაში NATO-ში შესაძლო შესვლის შესახებ „არავითარი საუბარი“ არ მიმდინარეობს. მან განმარტა, რომ ვენა ჩართულია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში და ასევე გეგმავს ინვესტიციების გაზრდას თავდაცვის სფეროში. მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა შვედეთისა და ფინეთის შემდეგ NATO-ში გაწევრიანებას არ განიხილავს და ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმისთვის მიზეზს ვერ ხედავს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
მოლდოვის პრეზიდენტი: თუ ჩვენი ნეიტრალიტეტი დაირღვევა, თავი უნდა დავიცვათ
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, მოლდოვის ნეიტრალიტეტის დარღვევის დიდი რისკი არსებობს და ქვეყანა თავის დაცვა უნდა შეძლოს. „მოლდოვის რესპუბლიკამ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ნეიტრალური ქვეყანაა, ამიტომ ეს არ ნიშნავს სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას. ნეიტრალიტეტი მოქმედებს მანამ, სანამ მას სხვები პატივს სცემენ", - აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი. „თუ სხვა ქვეყნები არ პატივს სცემენ ჩვენს ნეიტრალიტეტს, მაშინ შესაძლოა დაგვესხნენ და მზად უნდა ვიყოთ თავის დასაცავად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტის უპატივცემულობის რისკი ძალიან მაღალია", - აღნიშნა სანდუმ. დნესტრისპირეთში ვითარებასთან დაკავშირებით, სანდუმ თქვა, რომ ჯერჯერობით „არ არსებობს იმის რისკი, რომ იქ ფსევდორეფერენდუმი მოეწყოს, როგორც ამას რუსეთი უკრაინაში აკეთებს“. „მაგრამ ცხადია, რომ რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში აკეთებს, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ეს ყველას უნდა გვაწუხებდეს“, - განაცხადა სანდუმ.
ახლა ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი არ დგას - სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ახლა ქვეყნის მიერ ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ ადგილობრივი მედიის ცნობით, მაია სანდუმ რუმინული ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა. „ახლა ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი არ დგას. ნეიტრალიტეტი გაწერილია მოლდოვის კონსტიტუციაში. მეტიც, თუ გავაანალიზებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტი უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ მოქალაქეების ამ არჩევანს პატივს ვცემთ“, - აცხადებს სანდუ.
შვეიცარიის მოსახლეობამ ნეიტრალიტეტის გამკაცრებას მხარი არ დაუჭირა
კვირას, 27 სექტემბერს, შვეიცარიის მოსახლეობამ უფრო მკაცრი ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ მისცა ხმა. ინიციატივას „შვეიცარიის ნეიტრალიტეტის დაცვა“ ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა და 26-ვე კანტონმა მხარი არ დაუჭირა. რას ითვალისწინებდა ინიციატივა „Pro Switzerland“-ის მიერ ინიცირებული და მემარჯვენე შვეიცარიის სახალხო პარტიის (SVP) მხარდაჭერილი ინიციატივა ითვალისწინებდა კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას იმის შესახებ, რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი არის „მუდმივი და შეიარაღებული“. ინიციატივის თანახმად, შვეიცარიას არ უნდა ჰქონოდა უფლება, გაწევრიანებულიყო ან ეთანამშრომლა სამხედრო ალიანსებთან, მათ შორის NATO-სთან, გარდა პირდაპირი თავდასხმის შემთხვევისა. ასევე, ქვეყანას არ უნდა დაეწესებინა სანქციები, თუ ისინი გაეროს მიერ არ იქნებოდა დაწესებული ან მანდატირებული. ინიციატივა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაზიარებას მოჰყვა. ინიციატივის მხარდამჭერები მიიჩნევდნენ, რომ ეს შვეიცარიის ნეიტრალიტეტს ეწინააღმდეგებოდა. იგივე პოზიცია არაერთხელ გამოუთქვამს მოსკოვსაც. რას ნიშნავს „არა“ შვეიცარია კვლავ ნეიტრალური სახელმწიფო რჩება, ის ნეიტრალურია 1815 წლიდან/ჩანაწერი კონსტიტუციაში 1848 წლით თარიღდება. ამასთან, შვეიცარიას კვლავ რჩება შესაძლებლობა, ნეიტრალიტეტი მოქნილად განმარტოს. მთავრობას კვლავ შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შემოღება და NATO-სთან თანამშრომლობა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა განაცხადა: „შვეიცარია გუშინ ნეიტრალური იყო, დღესაც ნეიტრალურია და მომავალშიც ნეიტრალური დარჩება.“ მისი თქმით, რეფერენდუმის შედეგი თავად ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ მიცემულ ხმას არ წარმოადგენს. მთავრობა, პარლამენტი და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია, გარდა SVP-ისა, მოსახლეობას ინიციატივის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ. ცნობისთვის, შვეიცარია თითქმის 400 წელია ნეიტრალური ქვეყანაა. შვეიცარიის ნეიტრალიტეტი მუდმივი და “შეიარაღებული ნეიტრალიტეტია”, რაც ქვეყანას გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორ გახდა შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანა? 1647 წელს ნეიტრალიტეტი ოფიციალურად განისაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად. 1815 წელს ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა ვენის კონგრესზე შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ოფიციალურად აღიარეს და დღევანდელი შვეიცარიის საზღვრებიც დაადგინეს. ნეიტრალიტეტმა შვეიცარიას პირველი მსოფლიო ომის დროს ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებაში შეუწყო ხელი, რადგან ომში რომელიმე მხარის მხარდაჭერას შეეძლო ქვეყანა რელიგიური და ენობრივი ნიშნით გაეყო. 1919 წელს ვერსალის ხელშეკრულებამ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი მშვიდობის შენარჩუნებას დაუკავშირა, ხოლო 1920 წელს შვეიცარია ერთა ლიგის წევრი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ცივი ომის პერიოდში შვეიცარია კვლავ მკაცრად იცავდა ნეიტრალიტეტის პრინციპს: ქვეყანა მხოლოდ 1963 წელს შეუერთდა ევროპის საბჭოს, ხოლო 1975 წელს ხელი მოაწერა ჰელსინკის საბოლოო აქტს. ნეიტრალიტეტის სამართლებრივი საფუძვლები 1907 წლის ჰააგის კონვენციებით არის განსაზღვრული, თუმცა დროთა განმავლობაში ახალი კითხვებიც ჩნდება - მაგ. როგორ ვრცელდება ნეიტრალიტეტის პრინციპი ციფრულ სივრცეზე ან, კოსმოსზე. 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის შესახებ დისკუსია კიდევ უფრო გაააქტიურა. ფედერალურ საბჭოს მიაჩნია, რომ ნეიტრალიტეტი შვეიცარიისთვის კვლავ მნიშვნელოვანია. მას სურს, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს როგორც შვეიცარიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტრუმენტი.ამ გზით შვეიცარია ცდილობს, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა და ამავდროულად, ხელი შეუწყოს მშვიდობიან საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართალს, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას.